მკვლევრებმა პირველად შეძლეს იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც ტაძრის მშენებლობისას გამოიყენებოდა, იტყობინება Nrg.co.il.
„აღდგენილი ნაწილები დიდი სიზუსტით მიესადაგა ერთმანეთს — მათ შორის დანის პირიც ვერ შევიდა“ — ამბობს მკვლევარი. ორიგინალურ იატაკს უახლოეს დღეებში წარმოადგენენ.
არქეოლოგებმა, რომლებიც ტაძრის მთის მიწას ცრიდნენ, მეორე ტაძრის შენობის იატაკის საფარის ნაწილები აღადგინეს: გაცრისას 600-მდე ფერადი ქვის ფილა აღმოაჩინეს, რომელთაგან 100 მეორე ტაძრის პერიოდით — მეფე ჰეროდეს მმართველობის ხანით — დაათარიღეს. არქეოლოგებმა აღადგინეს ყვავილებით და სხვადასხვა გეომეტრიული სახეებით მორთული იატაკი, რომელიც ტაძრის და მისი შემოგარენის მრავალ მნიშვნელოვან ნაწილში იყო დაფენილი.
კვლევები მასადში, იროდიონში, იერიქონში და სხვა ადგილებში არსებული ჰეროდეს სასახლეების ექვივალენტებს და სტანდარტული რომაული ტრადიციების ზომებს ეყრდნობოდა. ამას გარდა, აღდგენის პროცესი ეფუძნებოდა ანალოგიურ იატაკებს, რომლებიც იტალიის სასახლეებსა და მდიდრულ ვილებში აღმოაჩინეს — შენობებში, რომლებიც ჰეროდეს მეფობის ხანას განეკუთვნება.
ფილები დამზადებულია სხვადასხვა სახის მარმარილოსა და ფერადი ქვებისგან, რომელთა უმეტესობა რომიდან, მცირე აზიიდან, ტუნისიდან და ეგვიპტედან იყო იმპორტირებული; ქვებისგან გამოჭრილია სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები.
ფრენკი შნაიდერმა, ძველი ხანის იატაკების ექსპერტმა და მიწის გაცრის ჯგუფის წევრმა, იატაკის რამოდენიმე ნაწილი აღადგინა, რომელიც ტაძრის მთის ეზოებსა და შენობებს ამშვენებდა.
„აღდგენა მათემატიკური ინსტრუმენტების მეშვეობით და მეფე ჰეროდეს ანალოგიური კონსტრუქციის სასახლეების საფუძველზე მოვახდინეთ, — წერს შნაიდერი თავის სტატიაში. — მოცემული იატაკის სტილს სეკტილის ლათინოამერიკული ოპუსი ეწოდება — ის ყველაზე პრესტიჟულად მიიჩნეოდა და მას ჩვეულებრივ მოზაიკურ იატაკთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდნენ“.
შნაიდერმა, ასევე, აღნიშნა, რომ „ჯერ-ჯერობით ტაძრის მთის შენობა-ნაგებობების დამამშვენებელი მდიდრული იატაკის შვიდი ნაწილია აღდგენილი“, მისი სიტყვებით, „იატაკი რომაელმა მხატვრებმა დაამზადეს, რომლებიც იმპერატორმა ავგუსტუსმა თავის მეგობარს, ჰეროდეს, გამოუგზავნა, რომელიც ჩვ. წ. აღ.-მდე I საუკუნეში თავიდან აშენებდა ტაძრის მთას“ (1).
იერუსალემი, 10 სექტემბერი 2016 წ.
მთარგმნელი: ლერი ხომასურიძე