არტემი გრიგორიანი
იოანეს სახარების პროლოგი ლაკონურობის შედევრია, რომელიც მარადისობისკენ მიმავალი უზენაესი რეალობის ფილოსოფიური აღწერით გვიტაცებს. ეჭვგარეშეა, რომ მეოთხე სახარების პირველი სიტყვები მთელ წერილში გამორჩეულია და საკვირველ ჭეშმარიტებას გვიმხელს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის სვლა შეცვალა.
საღვთისმეტყველო კუთხით ასეთი მნიშვნელოვანი ნაწყვეტის გაგებისას, თითქოს, აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა წარმოიშვას. თუმცა, როგორც ცნობილია, იეჰოვას მოწმეები აქ არ ხედავენ იმას, რასაც ყოველთვის ხედავდნენ ქრისტიანები. იეჰოვას მოწმეებისთვის იოანე მოციქულის სიტყვები მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სიტყვა, ანუ ღვთის პირველშობილი ძე არის „ღმერთი“ (პატარა ასოთი) — ღვთაებრივი არსება, უზენაესი ანგელოზი. იეჰოვას მოწმეებს არგუმენტად მოჰყავთ გრამატიკული ასპექტი, რომ სიტყვა „თეოსის“ წინ არ არის არტიკლი, საიდანაც ისინი ასკვნიან, რომ სიტყვა იყო ღმერთი ხარისხობრივი გაგებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტყვა იყო ღვთის მსგავსი არსება, მაგრამ არა ისეთივე ღმერთი, რომელთანაც იყო. მოწმეებს სრულიად გამორჩებათ მხედველობიდან, რომ სახარების ამავე თავში არტიკლი არც სიტყვა θεός-ის წინ დგას, ეს სიტყვა კი აშკარად მამა ღმერთს აღნიშნავს.
მაგრამ მოწმეების არგუმენტაცია პროლოგის გრამატიკული წყობით არ შემოიფარგლება. იეჰოვას მოწმეები თავისი ინტერპრეტაციის მტკიცებულებას იმაში ხედავენ, რომ ძველი აღთქმის წერილში ანგელოზებს ზოგჯერ ღმერთები, ებრაულად ელოჰიმ ეწოდებათ (იხ. ფსალ. 8:5; 97:7; 138:1). ეტიმოლოგიურად სიტყვა ელოჰიმ ნიშნავს „ძლიერებს, ძლევამოსილებს“ და ანგელოზთა მხედრობის აღწერისთვის მართლაც გამოსადეგია. მაგრამ, რამდენად კორექტულია ამ სიტყვის თანახის ფსალმუნებში ასეთი გამოყენების პროეცირება იოანეს სახარებაზე? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მართებული და აი, რატომ.
უპირველეს ყოვლისა, თუ იოანე მოციქული სიტყვა θεός-ში რაიმე განსაკუთრებულ, გადატანით მნიშვნელობას დებდა, მაშინ ის ამაზე მიუთითებდა. გვეტყვიან, რომ მან ეს არტიკლის გამოტოვებით გააკეთა. მაგრამ, პირველ რიგში, არტიკლი აქ გრამატიკულად ზედმეტი იქნებოდა (θεός აქ შედგენილი შემასმენლის სახელის ნაწილის როლს ასრულებს); მეორეც, არტიკლი ლოგოსს მამა ღმერთთან გააიგივებდა, რომელთანაც ის მყოფობდა. იოანე მოციქულმა არ გამოიყენა არტიკლი მამა ღმერთის მიმართ ამავე თავში (იხ. იოანე, 1:6,12,13,18), თუმცა მოწმეთა ლოგიკით, არტიკლი აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თუკი იოანე მოციქული არ ხედავს პრინციპულ სხვაობას θεός და ό θεός -სს შორის, რატომ უნდა დავინახოთ ეს სხვაობა მის ნაცვლად ჩვენ?
შემდეგ, იეჰოვას მოწმეები ბიბლიის ტექსტების ინტერპრეტაციისას არ ითვალისწინებენ იმ ტექსტოლოგიური და რელიგიური ტრადიციების კონტექსტს, რომელშიც ეს ტექსტები დაიწერა. ტექსტები არ იწერება სიცარიელეში — მათ თავისი ენა, კონკრეტული ავტორი და სამიზნე აუდიტორია გააჩნიათ, რომელიც აზროვნებს განსაზღვრული გაგებითა (საზრისითა) და კატეგორით. მეოთხე სახარების ენა არის ბერძნული კოინე, რომელიც იმგვარად გამოიყენება, რომ ეს გვიჩვენებს არამეულად მოაზროვნე ავტორს. ზოგიერთ ადგილში, სახარების ბერძნული ტექსტი არამეული ენის თარგმანს მოგვაგონებს (1). სახარების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მცირე აზიის ქრისტიანული თემები, რომლებიც ბერძნულენოვანი არაიუდეველებისგან შედგება (2). ძველი აღთქმიდან ამონარიდები სახარებაში, უმთავრესად, სეპტუაგინტის მიხედვით არის მოცემული, თუმცა გვხვდება ებრაული ტექსტისა და არამეული თარგუმების ბერძნული თარგმანი (3).
აქ ჩნდება მთავარი კითხვა: შეიძლებოდა თუ არა მცირე აზიის ბერძნულენოვანი ქრისტიანების ცნობიერებაში, რომლებმაც ძველი აღთქმა მხოლოდ სეპტუაგინტით იცოდნენ, წარმოქნილიყო ლოგოსის, როგორც θεός-ის ღმერთ-ანგელოზებთან, ასოციაცია? საქმე იმაშია, რომ სეპტუაგინტის იმ ადგილებში, სადაც ებრაულ ტექსტში გამოყენებულია ელოჰიმ ანგელოზების მიმართ, დგას სიტყვა αγγελου (ანგელოზი), და არა θεοι (ღმერთები) (ფსალ. 8:5, შეად. ებრ. 2:7, 97:7, შეად. ებრ.1:6, 137:1). აღსანიშნავია, რომ გამოთქმა „ღვთის ძენი“ შეცვლილია გამოთქმით „ანგელოზები“ (იობ. 1:6; 2:1; 38:7). ამგვარად, ადამიანისთვის, რომელიც ძველი აღთქმის ბერძნულ თარგმანს კითხულობს, უბრალოდ, არ არსებობდა ღმერთები=ანგელოზები კავშირი. სახარების პროლოგის კითხვისას მათ არ ჰქონდათ მიზეზი, θεός-ში ანგელოზი ეგულისხმათ.
ანალოგიურ მიდგომას არამეულ თარგუმებში ვხედავთ, რომელსაც ქრისტე დროს იუდეველები, რომლებისთვისაც არამეული მშობლიური ენა იყო, სინაგოგებში იყენებდნენ. თარგუმ თეილიმი და იობის წიგნის თარგუმი, სეპტუაგინტის მსგავსად, „ღმერთებს“ და „ღვთის ძეებს“ ცვლიან „ანგელოზებად“ (4). ზოგი მკვლევარის მოსაზრებით ეს გაკეთდა ყოველგავრი მინიშნების ასარიდებლად პოლითეიზმზე.
ჩვენ სრულიად უსაფუძვლოდ მივიჩნევთ მტკიცებას, თითქოს იოანეს სახარების ბერძნულენოვანი მკითხველი, რომელიც არ იცნობს ანგელოზების ღმერთებად აღწერის ებრაულ ტრადიციას, მივიდოდა დასკვნამდე, რომ სიტყვა განსაკუთრებული ანგელოზი იყო და არა იგივე ღმერთი, რომელთანაც მყოფობდა. სახარების შესავალი ყველაზე ბუნებრივად შეიძლება ასე გავიგოთ: და სიტყვა იყო ის, რაც თავად ღმერთი (5). ამგვარი თარგმანი სრულად შეესაბამება შედგენილი შემასმენლის სახელის ნაწილის ხარისხობრივ მახასიათებელს, რომელსაც ეჭიდებიან იეჰოვას მოწმეები, რადგან არ ესმით, რომ იოანე სიტყვის ღვთაებრივ არსს ზუსტად ასე აღწერს.
იოანე მოციქულმა აღნიშნულ ჭეშმარიტებას თავიდანვე შემთხვევით არ გაუსხვა ხაზი, რის შესახებაც სახარების დაბოლოება გვეუბნება: „ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით“ (იოანე. 20:31). ადამიანებმა იცოდნენ, რომ იესო ძე კაცისა, ანუ ადამიანი იყო. მაგრამ მოწაფეების გარდა არავინ იცოდა, რომ იესო ღვთის ძე, ანუ არსით ღმერთი, იყო.
იოანეს სახარებაში იესო, როგორც ძე, განსაკუთრებით ხაზგასმულ გამოთქმებში მოიხსენიება. ახალი აღთქმის ავტორებიდან მხოლოდ იოანე მოციქული უწოდებს იესოს მხოლოდშობილს (ბერძნ. μονογενης), ანუ ერთადერთ შობილ ძეს (6). იესო მამის ერთადერთი ძე არის ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ჩვენ ღვთის შვილები მხოლოდ იმ გაგებით ვართ, რომ ღმერთმა გვიშვილა. იესო კი თავისი მამის ძეა ბუნებით (იოანე.1:14,18). იუდეველებისთვის მიუღებელი იყო, რომ ადამიანს ღმერთი საკუთარ მამად მოეხსენებინა (იოანე. 5:18) — ეს მკრეხელობად აღიქმებოდა, რადგან ვინც თავის თავს ღვთის ძეს უწოდებდა კერძო და განსაკუთრებული მნიშვნელობით, ის ამით ღმერთს უთანაბრებდა თავს (იოანე. 19:7, შეად. იოანე. 10:30-32,36). აღნიშნულის მიზეზი იმაშია, რომ იუდეველის ცნობიერებაში სახედრის შვილი — სახედარია (დაბ. 49:11, ზაქ. 9:9), ადამიანის შვილი ადამიანია (იობ. 25:6; ფსალ. 8:5; მარკ. 3:28), ღვთს შვილი კი — ღმერთი (იოანე. 5:18). არცერთ სხვა სახარებაში ასე არ არის გამახვილებული ყურადღება ქრისტეს მიერ ღვთის ძეობის გაცხადებაზე და იუდეველთა რეაქციაზე. განა ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ იოანე მოციქულისთვის ეს საკითხი პრინციპულია?
დასასრულს გვინდა მივუთითოთ ერთ საინტერესო მოწმობაზე, რომელსაც სახარების კოპტურ — საიდურ დიალექტზე — თარგმანში ვხვდებით. საქმე იმაშია, რომ ახალი აღთქმის ამ პირველ ძველ თარგმანში, რომელიც ჯერ კიდევ III საუკუნის დასაწყისში შესრულდა, სიტყვას noute (ღმერთი), რომელიც იყო სიტყვა, განუსაზღვრელი არტიკლი u ახლავს, რაც ფორმალურად მისი პატარა ასოდან დაწერის საშუალებას გვაძლევს. იეჰოვას მოწმეები აღნიშნულ არგუმენტს აქტიურად იყენებენ თავიანთი თარგმანის სასარგებლოდ. თუმცა მოწმეები არაფერს ამბობენ იმის თაობაზე, რომ ამავე ძველ თარგმანში ჩვიდმეტი მუხლის შემდეგ „მხოლოდშობილი ძე“ ღმერთად მოიხსენიება უკვე განსაზღვრული არტიკლით (pnoute) (7).
რატომ გამოიყენეს მთარგმნელებმა სახარების კოპტური ენის საიდურ დიალექტზე თარგმნისას სიტყვა ღმერთის წინ განუსაზღვრული არტიკლი იოანეს 1:1-ში? 2011 წლის ოქტომბერში „თეოლოგიური კვლევების ჟურნალში“ აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა (8). კოპტურ თარგმანში განუსაზღვრელი არტიკლის გამოყენების შემთხვევების განხილვის საფუძველზე მეცნიერებმა Brian J. Wright და Tim Ricchuiti დამაჯერებლად აჩვენეს, რომ ყველაზე ხშირი მიზეზი სიტყვის (ლოგოსის) არსის ხარისხობრივი (აღმწერი) მახასიათებელის ხაზგასმაში მდგომარეობს. ანუ, აქ აზრი ისეთივეა, როგორც ბერძნულში უარტიკლო პრედიკატის აზრი. შესაბამისად, აღნიშნული მოწმობის გამოყენება „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ აპოლოგეტების მორიგ ფსევდოსამეცნიერო სპეკულაციას წარმოადგენს.
- იხ. Torrey C.C. The Four Gospels, 1933.
- ეს მტკიცდება იმით, რომ სახარებაში ხშირად მოცემულია ებრაული სიტყვებისა და წეს-ჩვეულებათა ისეთი განმარტება, რომელიც იუდეველი მკითხველისთვის ზედმეტი იქნებოდა (მაგ.,1: 38—42; 4: 9; 5:28 და სხვ.)
- იხ. M.Black. An Aramaic Approach to the Gospels and Acts. Oxford, 1969
- იხ. ედვარდ კუკის მიერ შესრულებული თარგუმების ინგლისური თარგმანი (Edward M. Cook)
- იხ. F. F. Bruce, The Gospel of John, Grand Rapids: Wm. B. Eerdmans, 1983), p. 31.
- აღსანიშნავია, რომ ისააკიც აბრაამის მხოლოდშობილ ძედ არის წოდებული (ებრ. 11:17), თუმცა ის აბრაამის არც ერთადერთი შვილი და არც პირველშობილი ყოფილა (დაბ.16:16; 21:1-21; 25:1-6). თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ისააკი მართლაც იყო აბრაამის ერთადერთ შვილი სარასგან, ერთადერთი ძე, რომელიც მას აღთქმით ეყოლა: „და არც აბრაამის შვილია ყველა, ვინც მისი თესლისაგან არის; არამედ ითქვა: „ისააკის მიერ იწოდება შენი თესლი“. ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილნი, არამედ აღთქმის შვილები შეირაცხებიან თესლად. რადგანაც ასეთია აღთქმის სიტყვა: „ამ დროს მოვალ, და ეყოლება სარას ძე“ (რომ. 9:7-9).
- იხ. იოანე . 1:18 The Coptic Version of the New Testament in the Southern Dialect otherwise called Sahidic and Thebaic. Ed. G. Horner. Vol. 3: The Gospel of S. John. Oxford: Clarendon Press, 1911.
იხ. The Journal of Theological Studies, NS, Vol. 62, Pt 2, October 2011.http://stavroskrest.ru/sites/default/files/kcfinder/files/From%20QEOS%20to%20NOUTE.pdf