არტემი გრიგორიანი
მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის პოლემიკის კონტექსტში ნეოპროტესტანტი მქადაგებლებისგან შეიძლება ხშირად ასეთი არგუმენტი მოვისმინოთ: ძველმა ისრაელიანებმა ოქროს ხბო თვით იეჰოვა ღმერთის ხატად შექმნეს (გამ. 31:1-12). მათი წამოწყების შედეგი ყველასთვის ცნობილია, ვინს ძველი აღთქმის ისტორიას იცნობს. ამგვარად, ნეოპროტესტანტები მოცემულ ძველ აღთქმისეულ ეპიზოდს ეყრდნობიან, რომ მართლმადიდებლური ტრადიციის ცთომილება აჩვენონ, რომელმაც, ძველი ისრაელიანების მსგავსად ღვთის ხატის შექმნა და მისი თაყვანისცემა განიზრახა.
ნუთუ მართლა განიზრახეს ისრაელიანებმა ქანდაკების შექმნა, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთს გამოსახავდა? როგორც გამ. 32:1-დან ჩანს, ხალხის მოთხოვნა, „გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ“, გაჟღერდა მოსეს სინას მთაზე ყოფნის 40 დღიანი პერიოდის მიწურულს; ეს მოთხოვნა მოსეს ხანგრძლივმა არყოფნამ გამოიწვია, რადგან ხალხს ეგონა, რომ ის მთიდან აღარ ჩამოვიდოდა. მოსე ებრაელთათვის ღვთის წარმომადგენელი იყო (დაბ. 20:1-2) და მისი ხალხთან არდაბრუნება ამ უკანასკნელისთვის ღვთისგან ხალხის მიტოვების ნიშანი იყო (რჯლ. 31:1-6). აღნიშნული შეხედულების არსებობაზე პირდაპირ მითითებას ვხედავთ სიტყვებში: „გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ“. ერს არ სჯერა, რომ მას, როგორც უწინ, ღრუბლის სვეტი გაუძღვება, რომელიც ჭეშმარიტ ღმერთის მათთან ყოფნისა და გამოცხადების ხილული ნიშანი იყო და ითხოვს სხვა ღმერთის გამოსახულებას. ებრაული სიტყვა „elohim“, ზმნასთან „წავლენ“, მრავლობით რიცხვშია — მოცემული სიტყვათშეხამება წარმართული ღმერთების აღსანიშნავად გამოიყენება; აქედან გამომდინარე, ვგებულობთ, რომ ებრაელები არა უზენაესი ღმერთის, არამედ წარმართული ღვთაების გამოსახულების გაკეთებას ითხოვენ. ამგვარი გაგების სამართლიანობა ფსალმუნის სიტყვებით მტკიცდება: „და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში. დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში“ (ფსალ. 105:20-21).
ღვთის გამოსახატავად ხბოს ფორმის არჩევით, მრავალი ძველი (ფილონი, ლაქტანციუსი, ნეტ. იერონიმე) და ახალი მკვლევრის აზრით, აარონმა ეგვიპტელებს მიბაძა. აღნიშნული დასკვნის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეგვიპტელები მემფისში შავ ხარს, ხოლო ჰელიოპოლისში თეთრ ხარს — მნევისს სცემდნენ თაყვანს. ამასთას, ბერძენი მწერლების, სტრაბონის, პლუტარქეს, ჰეროდოტეს, მოწმობები იმის ვარაუდის საფუძველს იძლევიან, რომ ეგვიპტელები (თავიანთ კულტში) ხარის გამოსახულებას იყენებდნენ (თუმცა, საერთოდ, ზოომორფიზმი ეგვიპტელებში გაცილებით ნაკლებად იყო გავრცელებული, ვიდრე ზოოლატრია). ოქროს ხბოს ეგვიპტურ წარმომავლობაზე მის საპატივცემოდ გამართული დღეობის ხასიათიც მიუთითებს. მსხვერპლშეწირვის გარდა, დღეობაზე იყო თამაში (მუხლი 6), ცეკვა (მუხლი 19) და ხმაურიანი სიმღერები (მუხლი 18). მსგავსი ფორმები ეგვიპტური იზიდას დღეობებს ჰქონდა. მათი აღწერისას ჰეროდოტე ამბობს: „ზოგი ქალი ციმბალებს დაჰკრავს, ზოგი ფლეიტაზე უკრავს, დანარჩენები კი მღერიან და ტაშს უკრავენ“. და ბოლოს, ოქროს ხბოს ეგვიპტურ წარმომავლობაზე პირველმოწამე სტეფანეს სიტყვები მიუთითებს: „ეგვიპტისაკენ მიიქცნენ თავიანთი გულით. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები“ (საქმე. 7: 39-40).
ძველად ხბო ან ხარი ძალისა და ენერგიის განსახიერებას წარმოადგენდა, ამიტომ ოქროს ხბოში განსახიერებული ძალა ებრაელებმა მათი ეგვიპტედან გამომყვან ძალად აღიქვეს: „აი, შენი ღმერთები, ისრაელო, რომლებმაც ეგვიპტედან გამოგიყვანეს“. ეს ძალა მათ თვალში (ყოველ შემთხვევაში, აბსოლუტური უმეტესობის თვალში) არ იყო უზენაესი ღმერთის ძალა და ოქროს ხბო ღმერთის გამოსახულებას არ წარმოადგენდა. ზემოთ აღნიშნულის სამართლიანობაში მოსეს სიტყვებიც გვარწმუნებს (მუხლი 8): ოქროს ხბოს მსახურება არ არის ხბოს სახით წარმოდგენილი ჭეშმარიტ ღვთის მსახურება (როგორიც ის შეიძლებოდა აარონის თვალში ყოფილიყო, მუხლი 5), არამედ უშუალოდ ოქროს ხბოს მსახურებაა. ასეთივე შეხედულებას გამოთქვავს პავლე მოციქული, როდესაც ოქროს ხბოს მსახურებს კერპთაყვანისმცემლებს უწოდებს (1 კორ. 10:7).
იეჰოვას მოწმეები თავიანთ პუბლიკაციებში ამტკიცებენ, რომ აარონის სიტყვები, „ხვალ უფლის დღესასწაულია“, მიუთითებს იმაზე, რომ ხბო იეჰოვას გამოხატავდა. ზემოთ მოყვანილი არგუმენტები დამაჯერებლად გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის: ისრაელიანებმა „დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი“. ასეთ შემთხვევაში, როგორ გავიგოთ აარონის სიტყვები? როგორც ძველი ქრისტიანული, ისე იუდეველური ტრადიცია ერთხმად საუბრობენ იმაზე, რომ აარონის ყველა ქმედება მიმართული იყო იმისკენ, რომ მოსეს ჩამოსვლამდე დრო გაეყვანა. აარონი ქალებს უბრძანებს ოქროს სამკაულების მოხსნას იმ იმედით, რომ ისინი ამას არ მოისურვებენ და დაენანებათ სამკაულების ქმრებისთვის მიცემა; შემდეგ, ის თავად, აუჩქარებლად იწყებს საკურთხევლის აგებას, რომ ეს ხალხმა სწრაფად არ გააკეთოს; ის შეგნებულად აწესებს დღესასწაულს მეორე დღეს, რადგან იცის, რომ მოსე დღესასწაულამდე მოვა და რთული სიტუაცია მოგვარდება. აარონის შეგნებაში დღესასწაული იეღოვას და არა ოქროს ხბოს ეძღვნებოდა. აარონს იმედი ჰქონდა, რომ მოსე დაბრუნდებოდა და ხალხი ჭეშმარიტ ღმერთს სცემს თაყვანს, ხოლო ცოდვილები დაისჯებიან.