ტერტულიანეს ტექსტებში არსებული ერთი აგრაფის შესახებ

ტერტულიანეს ტექსტებში არსებული ერთი აგრაფის შესახებ

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

    ჩვენს ორ წინარე სტატიაში (1) დაწვრილებით განვიხილეთ ტერმინ „άγραφα“-ს საეკლესიო-ისტორიული და ლიტერატურული მნიშვნელობა. ტერმინი საეკლესიო გადმოცემას შეესაბამებოდა და მრავალ ადრექრისტიანულ წყაროს შემორჩა — წმინდა მოციქულთა კანონიკური ეპისტოლეებით დაწყებული ადრეული ეკლესიის მამების, მოციქულთა მოწაფეების, ტექსტებით და არაკანონიკური სახარებებით დამთავრებული. ეს აგრაფები კანონიკური სახარებისეული წერილისა და ეკლესიის ისტორიული გადმოცემის ცოცხალ კავშირს ადასტურებდნენ. ერთ-ერთი ასეთი აგრაფა შესულია ძველი ქრისტიანი აპოლოგეტის და ღვთისმეტყველის, ტერტულიანეს (155-200 წწ.), თხზულებაში სახელწოდებით „ნათლისღების შესახებ“.

 ნაწარმოები 190/193 წლებში დაიწერა, სანამ ტერტულიანე ჯერ კიდევ სამოციქულო ეკლესიის  წიაღში იმყოფებოდა (2). ტერტულიანეს ნაშრომები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ეკლესიის ისტორიის თვალსაზრისით და ასევე, ფილოსოფიურ ინტერესსაც წარმოადგენენ. აღნიშნულ თხზულებაში ტერტულიანე უფლის ერთი გამოთქმის შესახებ საუბრობს: „არავინ შევა ცათა სასუფეველში, თუ ჯერ განსაცდელს არ გაივლის“ (ტერტულიანე. De baptismo. XX. 2). ეს გამოთქმა პირდაპირ შეესაბამება ლუკას სახარებას (22, 28-29):თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი. და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი“. იგივე აგრაფა აზრის სიღრმით შეესაბამება მათეს — 7, 13-14 და ლუკას — 13, 23-24 — სახარებებს. აღნიშნული გამოთქმა პირდაპირ შეესაბამება კანონიკური სახარებების სოტერიოლოგიას, რომელიც ახალი აღთქმის მთელ წერილს წითელ ხაზად გასდევს და გაბრიელ ანგელოზის სიტყვებით (მათე. 1, 21) ისრაელის ღმერთის განკაცების მიზეზს გვიჩვენებს.


  1. იხ. ჩვენი სტატიები: http://www.faith.ge/?p=1333 და http://www.faith.ge/?p=1297
  2. III საუკუნის დასაწყისში (დაახ. 210 წ.) ტერტულიანე მონტანისტ-სექტანტებთან გადადის.