თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ხშირია საუბრები „ლიბერალიზმის“, როგორც საზოგადოების ძირითადი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფასეულობის შესახებ. სხვადასხვა ჯგუფები თუ კერძო პირები ცდილობენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება უშურველად გაუზიარონ საზოგადოებას და ამით იხსნან სიბნელისა და უვიცობისაგან. ამ ღვაწლში ზოგიერთი, რომელიც არც ისე მდიდარია საკუთარი შეხედულებებით, მეტი დამაჯერებლობისთვის ცდილობს მოიშველიოს სხვა უფრო ავტორიტეტული წყაროები და შეხედულებები. ამის შედეგად ხშირად იყენებენ „ქრისტიანულ ლიბერალიზმს“ „ფსევდო-ლიბერალიზმის“ („ფსევდო“ აქ ქრისტიანულ ლიბერალიზმთან მისი მიმართების გამოსახატავად გამოიყენება) მტკიცებულებად და ამით ცდილობენ ლიბერალიზმისადმი ეჭვით განწყობილი საზოგადოების გულის მოგებას.
ამ წერილის მიზანია ქრისტიანული (მართლმადიდებლური) და ფსევდო — ლიბერალური ფასეულობების ურთიერთგამიჯვნა. ამისათვის საჭიროა განვსაზღვროთ, თუ რა იგულისხმება „ლიბერალიზმის“ ქვეშ, შემდეგ კი ერთმანეთისაგან განვასხვაოთ მის მიმართ ქრისტიანული და ფსევდო დამოკიდებულება. რადგანაც ძალიან გაჭირდება და თითქმის შეუძლებელიც კია „ლიბერალიზმის“ ამომწურავად განმარტება, ისე, რომ ეს მისაღები იყოს ყველა ლიბერალისთვის. უპრიანი იქნება შეირჩეს რაიმე საზღვრები, რომლის ფარგლებშიც წარიმართება მსჯელობა. ასეთი საზღვრებია „პირადი არჩევნის თავისუფლება“ და „დამოკიდებულება სხვისი არჩევნის მიმართ“. შესაბამისად, ამ წერილში „ლიბერალიზმი“ მხოლოდ ამ ორი შემადგენელით შემოიფარგლება.
არჩევნისა და ზოგადად ადამიანის თავისუფლება ქრისტიანული ანთროპოლოგიის ფუნდამენტური საკითხია. ადამიანის პიროვნული თავისუფლება წარმოადგენს არჩევნის გაკეთებისას მისი დამოუკიდებლობის გარანტიას. ქრისტიანობა (ღმერთი) არ ზღუდავს ადამიანს არჩევნის გაკეთებისას. უფრო მეტიც, არჩევნის თავისუფლების გარეშე ქრისტიანობა ქრისტიანობა არ იქნებოდა. რამდენადაც ადამიანის მომავალს მის მიერ ჩადენილი ცოდვები და სათნოებები განსაზღვრავს, შეუძლებელია ადამიანი არ იყოს თავისუფალი – გააკეთოს არჩევანი ცოდვასა და სათნოებას შორის. თუკი მინიმალურ დონეზე მაინც დავუშვებთ რაიმე ზემოქმედებას ადამიანის არჩევანზე, ამით დაიკარგება მისი პიროვნული ღირსება არჩევნის გაკეთებისას, შედეგად იგი აღარ იქნება პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე. ეს ყველაფერი კი თავდაყირა აყენებს ქრისტიანულ მოძღვრებას ადამიანის ცოდვა-მადლის მიხედვით განსჯის შესახებ. და ბოლოს, ყველაზე თვალნათელი დასტური ღმერთის მიერ ადამიანის თავისუფლების გარანტიისა არის ადამის შექმნის ბიბლიური ისტორია, რომელსაც ბიბლიის პირველივე თავებში ვეცნობით. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი მკვეთრად გამიჯნავს ერთმანეთისაგან ადამისათვის დასაშვებ და აკრძალულ ხის ნაყოფებს, იგი არ ზღუდავს მას არჩევანში, რომლის მსხვერპლიც საბოლოოდ ხდება ადამი. ყოველივე აქედან მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: არჩევნის გაკეთებისაას ადამიანის პიროვნული თავისუფლება ფუნდამენტურია ქრისტიანობისათვის.
შესაბამისად, ქრისტიანული ლიბერალიზმი ქადაგებს არჩევანის თავისუფლებას და უარყოფს ყოველგვარ ზეგავლენას (მათ შორის ღვთაებრივსაც) ადამიანზე არჩევნის გაკეთებისას. ერთი შეხედვით, ის არაფრით განსხვავდება ფსევდო-ლიბერალიზმისაგან, რომელიც ასევე არჩევნის თავისუფლებას ქადაგებს. სწორედ ამ მსგავსების დამახინჯებულად გამოყენებით ცდილობენ ფსევდო-ლიბერალები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თითქოს მათი და ქრისტიანული მოძღვრება არჩევნის თავისუფლების შესახებ ერთმანეთისაგან არაფრით განსხვავდება და ვინც უარყოფს ერთს, ის უარყოფს მეორესაც და პირიქით.
რეალურად კი მათ შორის განსხვავება ფუნდამენტალურია. საქმე იმაშია, რომ ფსევდო-ლიბერალიზმი არჩევანის თავისუფლებასთან ერთად, ასარჩევ ფასეულობათა თანასწორობასაც ქადაგებს. მაგალითისთვის: მისთვის ერთნაირად ფასეულია როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. ამგვარად ადამიანი თავისუფალია გააკეთოს არჩევანი თანაბარი ღირებულების მქონე ფასეულობებს შორის. შესაბამისად ფსევდო-ლიბერალური არჩევანის თავისუფლება ასარჩევ ფასეულობათა თანაბარ ღირებულებაზე გადის და არა ადამიანის უზენაეს უფლებაზე. ამ მხრივ მას ქრისტიანული მოძღვრება მკვეთრად აღემატება, რამდენადაც იცავს რა ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებას თავისუფლად გააკეთოს არჩევანი ის არ შემოიფარგლება თანაბარი ღირებულების მქონე ფასეულობებით, არამედ ასეთი არჩევანის გაკეთების უფლებას ადამიანს დადებით და უარყოფით ფასეულობებს შორისაც კი აძლევს (ცოდვა და სათნოება). ქრისტიანობისთვის არჩევანის თავისუფლება ისეთივე ფუნდამენტალურია, როგორც ასარჩევ ფასეულობათა ღირსებების განსხვავებულობა, მაშინ, როცა ფსევდო-ლიბერალიზმი საკუთარ მოძღვრებას, არჩევანის თავისუფლების შესახებ, ასარჩევ ფასეულობათა თანასწორობაზე აფუძვნებს.
თავისი არსით არჩევნის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ. იმ შემთხვევაში კი, როცა ასარჩევი ფასეულობები თანასწორი ღირსებისაა, მათ შორის არჩევნის გაკეთების პრობლემა არც დგას.
რაც შეეხება ლიბერალიზმის მეორე შემადგენელ ნაწილს: „დამოკიდებულებას სხვისი არჩევნის მიმართ“, მასთან დაკავშირებითაც ხშირად ხდება ქრისტიანული და ფსევდო მოძღვრების ერთმანეთში არევა. ამ შემთხვევაში ქრისტიანული პრინციპია: „მე პატივს ვცემ შენს არჩევნის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს“, ხოლო ფსევდო — „მე პატივს ვცემ შენს არჩევანს“. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია პირველ შემადგენელთან — „პირადი არჩევანის თავისუფლებასთან“. როგორც ითქვა, ქრისტიანული მიდგომა არჩევნის თავისუფლებასთან დაკავშირებით დგას ამ უფლების უზენაესობაზე და არ განისაზღვრება ასარჩევი ფასეულობების მიხედვით (განსხვავებით ფსევდო ლიბერალიზმისაგან), შესაბამისად, იგულისხმება, რომ გაკეთებული არჩევანი ყოველთვის შეიძლება არ იყოს საყოველთაოდ მისაღები, მაგრამ უფლება, რომ გააკეთო თუნდაც მცდარი არჩევანი ეს ღვთივბოძებული უფლებაა.
შესაბამისად, ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევნის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური ასევე ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს, ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი.
არსებითად, იგივე უნდა ითქვას ფსევდო-ლიბერალური მიდგომის შესახებაც. ამყარებს რა არჩევნის თავისუფლებას ასარჩევვ ფასეულობათა თანასწორობაზე, იგი ვალდებულია მოსწონდეს ორივე: პიროვნების თავისუფლება არჩევანის გაკეთებისას და გაკეთებული არჩევანი.
ვფიქრობ, წერილის მიზანი შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს, რადგან შეძლებისდაგვარად ცხადად მოხდა ქრისტიანული და ფსევდო-ლიბერალური შეხედულებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. და მაინც, დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ სხვაობა ამ ორ მიდგომას შორის არსებითია და მათი ერთმანეთში არევა დაუშვებელია, ამასთან, ქრისტიანული მიდგომა საგრძნობლად აღემატება ფსევდო-ლიბერალურს.
„ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს;
ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.“ I კორინთ. 10:23.
ავტორი: არჩილ მეტრეველი