ტერმინების — „სახარება“ და „კანონი“ — წარმართული წარმოშობა და ეკლესიის მიერ მათი გააზრება

ტერმინების — „სახარება“ და „კანონი“ — წარმართული წარმოშობა და ეკლესიის მიერ მათი გააზრება

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

   ცნობილია, რომ წარმართებს შორის ქრისტიანობის გავრცელებისას მოციქულები ანტიკური ხანის სხვადასხვა ავტორის — ფილოსოფოსის, პოეტის, და ზოგადათ კლასიკოსის, და ა.შ. — ლიტერატურულ-ფილოსოფიური მიღწევებით სარგებლობდნენ. მოციქულებს ესმოდათ, რომ მიზნის მიღწევა შესაძებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მქადაგებელი წარმართის (რომლისთვისაც იუდეური აზროვნება უცხო იყო) კულტურულ-მენტალურ ნიადაგზე დადგებოდა. მოციქულებს, როგორც იუდეველებს, კარგად ესმოდათ, რომ მათი იუდეური აზროვნება ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა წარმართებისთვის ღვთივგამოცხადებული ახალაღთქმისეული სარწმუნოების ქადაგებისას (რომელიც ძველი აღთქმის სრულყოფას წარმოადგენდა და თავდაპირველად იუდეველთა წრეში იქადაგებოდა (ებრ. 10, 1, 12-14), რადგან წარმართები სრულიად განსხვავებულ კულტურულ-მენტალურ ტრადიციას მიეკუთვნებოდნენ.

წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგების საკითხისადმი მოციქულთა ამგვარი უნივერსალური მიდგომის თაობაზე ჩვენ ვისაუბრეთ სტატიებში „ახალი აღქთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ–ფილოსოფიური“ განცდები“ და „იუდაური არაბიბლიური გადმოცემები პავლე მოციქულის ეპისტოლეებში“(1). იუდეველური რჯულისა და წარმართი-ნეოფიტების ლიტერატურულ-ფილოსოფიური მემკვიდრეობის სინთეზის ნათელ მაგალითს პავლე მოციქული წარმოადგენს, რომელიც წარმართების ლიტერატურულ აპარატს ბრწყინვალედ ფლობდა. პავლე წარმართთა მოციქული“  იყო (რომ. 11, 13). ქადაგების ამგვარმა ბრძნულმა და უნივერსალურმა მეთოდმა ადრეული ეკლესიისთვის კარგი შედეგი გამოიღო; ქრისტეს სახარების უნვერსალურობა და ზეეროვნულობა ასეთ მიდგომას ითხოვდა (მათ. 28, 19-20) — ქადაგება არ უნდა შემოფარგლულიყო ერთი ეთნოსით (როგორც ეს იუდეველების შემთხვევაში იყო). ცნობილია, რომ პავლემ სხვა მოციქულებზე მეტად იმოღვაწა (1 კორ. 15, 10). ცხადია, რომ რომის იმპერიის მრავალრიცხოვანი წარმართული მოსახლეობის (რომელიც რაოდენობრივად გაცილებით აღემატებოდა იუდეველებს) მოქცევა არ იქნებოდა იოლი საქმე, რასაც წმინდა წერილი და ეკლესიის ისტორიული გადმოცემა მოწმობს. მისიონერობის ამგვარ მიდგომას, სავარაუდოთ, ყველა მოციქული იყენებდა, რომლებიც წარმართთა შორის ქადაგებდნენ, რადგან ესმოდათ, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა (2 კორ. 5, 15) (საქმ. 1, 8).

უნდა აღინიშნოს, რომ მოციქულები წარმართულ ფილოსოფიისა თუ კლასიკას ქრისტიანულად იაზრებდნენ და მოციქულთა ეს ტრადიცია შემდგომში ეკლესიის წმინდა მამებმა გააგრძელეს; კერძოდ კი, როგორც ეს ზემოთ ხსენებულ სტატიებში ავღნიშნეთ, ფილოსოფიური ტერმინოლოგია განსაკუთრებით ესადაგებოდა ქრისტეს მოციქულების ეპისტოლარულ მემკვიდრეობას. წარმართული მემკვიდრეობის ქრისტიანული გააზრება მოციქულებს წარმართებთან მათივე ენაზე (მენტალურ-კულტურული კუთხით) დიალოგში ეხმარებოდა. პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები ამის ნათელი დასტურია (1 კორ. 9, 19-23); და ამ ყოველივეს პავლე მოციქული „სახარებისათვის“ მოიმოქმედებდა (τò εὐαγγέλιον) (1 კორ. 9, 23). მაგრამ რას ნიშნავს სიტყვა „სახარება“, საიდან არის მისი წარმოშობა?

ეს სიტყვა და ტერმინი, რომელიც ასე ღრმად დაინერგა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რომელიც ღვთის განგებულების ლიტერატურულად განმსაზღვრელი ძირითადი ტერმინი გახდა, ყოველი ქრისტიანის გულთან, სულთან და გონებასთან ახლოა. მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ სიტყვა და ტერმინი — „სახარება“, პირველმა ქრისტიანმა მქადაგებლებმა წარმართული სამყაროდან შემოიღეს და სულ სხვაგვარად გაიაზრეს. ისტორიამ ისე განაპირობა, რომ აუცილებელი გახდა სიტყვა εὐαγγέλιον-ის წარმართული წიაღიდან აღება და ამ ტერმინის ქრისტიანული მნიშვნელიბით, შინაარსით დატვირთვა, რომელიც ღვთის განგებულების საიდუმლოს აღმნიშვნელი სიტყვა გახდა.

აღსანიშნავია, რომ მარკოზ მოციქული (I საუკუნის შუა ხანებში/მეორე ნახევარში) თავის სახარებას ასე იწყებს: „ἀρχὴ του̃ εὐαγγελίουΙησου̃ Χριστου̃ υἱου̃ θεου̃“ (მარკ. 1, 1). ბერძნული სიტყვა „სახარების“ (εὐαγγέλιον) ძირითადი მნიშვნელობაა — ჯილდო კეთილი ამბისათვის; მრავლობითი რიცხვი „εὐαγγέλια“ — კარგი ამბის გაგებისათვის მსხვერპლშეწირვა(2). შემდგომში ეს ტერმინი განვითარდა და ფართო მნიშვნელობა მიიღო — „კეთილი ამბავი“. მკვლევარი ა. ჟებელევი რომის იმპერიის აღზევების პერიოდის ერთ დოკუმენტზე ამახვილებს ყურადღებას (3); იმხანად იმპერატორი იყო ოქტავიანე ავგუსტუსი (27 წ. ჩვ. წ. აღ.-მდე — 14 წ. ჩვ. წ. აღ.), რომლის დროსაც იშვა ქრისტე (ლუკ. 2, 1). იმპერატორი ავგუსტუსი გამოსცემს დეკრეტს, რომელიც დასავლეთი მცირე აზიის ოთხი ქალაქის კავშირისადმი იყო მიმართული. დეკრეტი ავგუსტუსის დაბადების დღეს ახალი წლის დღედ აცხადებდა, რასთანაც დაკავშირებით მცირე აზიური კალენდრების რომის კალენდართან შედარებას ბრძანებდა. იმპერატორის აღნიშნულ დეკრეტს მცირე აზიის ქალაქთა დეკრეტი დაემატა, რომლის თანახმად მცირე აზიელები იმპერატორის ბრძანების შესაბამისად უნდა მოქცეულიყვნენ. უკანასკნელი დეკრეტი ქრისტეს შობამდე მე-9 წლით თარიღდება. დეკრეტი იმპერატორის ქება-დიდებით იწყება და მადლიერებას გამოხატავს იმ „განგებისადმი“, რომელიც ყოველივეს მართავს და ამ „განგების“ უდიდესი საქმისათვის — ამ ქვეყნად ავგუსტუსის მოვლინებისათვის. შემდეგ მოდის ტექსტი:

ჩვენ და მათ, ვინც ჩვენს შემდეგ იქნება, ის (ანუ, ავგუსტუსი) მხსნელად მოგვევლინა, რომ ომს ბოლო მოუღოს, ყველაფერი მოაწესრიგოსმან ადრე მყოფ კეთილისმყოფელებს აჯობა და მომავალში ვერავინ აჯობებს მას. ამ ღმერთის დაბადების დღე მთელი მსოფლიოსთვის ხარების (euangelion) დასაბამი გახდა, მისგან გამომავალი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით რომაელებმა ახალი, იულიუსის (ანუ იულიანური) კალენდარი შექმნეს. მეცნიერი ა. რანოვიჩი(4) აღნიშნულ დოკუმენტს ცნობილ პრიენულ წარწერას უწოდებს (OGIS, 458), ანუ წარწერა მცირე აზიის ქალაქ პრიენიდან. იმპერატორ ავგუსტუსს მაცხოვრად არა მარტო საქებარ წარწერებში რაცხდნენ, არამედ პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებშიც. მცირე აზიაში იმპერატორს უწოდებდნენ „ღმერთს“, „მაცხოვარს“, „მშვიდობისმყოფელს“ (როგორც ზემოთ მოყვანილი დოკუმენტის ნაწყვეტიდანაც ჩანს); მის დაბადებაზე, როგორც ღვთის ეპიფანიაზე საუბრობდნენ. ცხადია, რომ ეს „კეთილ უწყება“ იმპერატორის კულტთან იყო დაკავშირებული. ცხადია ისიც, რომ მოციქულებს და პირველ მქადაგებლებს, რომლებიც ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, წარმართებისგან უნდა აეღოთ არა მარტო ტერმინი, არამედ მისი გაგებაც და მათი ყურადღება მიეპყროთ ქრისტეს პიროვნებაზე, რომელსაც ქადაგებდნენ. ამიტომ, ერთადერთ ღმერთზე, სოფლის მაცხოვარზე ქადაგებისას (ლუკ. 2, 10) პირველი ქრისტიანი მქადაგებლები აღნიშნულ ტერმინს და მის მნიშვნელობას ქრისტიანულ კონტექსტში გაიაზრებენ, ისინი ამ ტერმინით ღვთის განგების მთავარ საიდუმლოებას განსაზღვრავენ —  კაცობრიობის სახსნელად ლოგოსის მოვლინებას/შობას, ანუ „კეთილ უწყებას“ ახარებდნენ წარმართებს. ქრისტიანებმა აღნიშნულ ტერმინს პრინციპულად სხვა აზრი მიანიჭეს: „ხარება“ არა იმპერატორის მიწიერ საქმეთა, არამედ ერთადერთი „ხარება“ მესიისა და სოფლის მაცხოვრის შესახებ, რაც ქრისტიანული ქადაგების შინაარსად იქცა.

შემთხვევითი არ არის, რომ ახალი აღთქმის პირველ წიგნებს „სახარება“ ეწოდა; ეს სიტყვა სწავლების შინაარსს, ღვთის განგებულების არსსა და საიდუმლოებას გადმოსცემდა. აქედან გამომდინარე, პირველი ქრისტიანების ანტაგონიზმი არ არის გასაკვირი, როდესაც ისინი უარს ამბობდნენ იმპერატორის გამოსახულების საკმევლის კმევით თაყვანისცემაზე. საკვირველი არ არის, რომ II საუკუნეში, როდესაც დაიწყო ახალი აღთქმის წიგნთა კანონის დადგენა, პირველ ოთხ წიგნს ეწოდა „სახარება“. მაგალითად წმ. ირინეოს ლეონელი უკვე იყენებს ტერმინს „სახარება“ მათე მოციქულის წიგნთან მიმართებაში (ერესების წინააღმდეგ. წგ. 3. თვ. 1, 1). ტერმინი „სახარება“ მჭიდროდ ერთვის მეორე ტერმინს, რომელიც ასევე წარმართული წრიდან გამოვიდა — კანონს.   ტერმინი „სახარება“ მჭიდროდ ერთვის მეორე ტერმინს, რომელიც ასევე წარმართული წრიდან გამოვიდა — კანონს.

ბერძნულ სამყაროში „კანონის“ ცნება და ტერმინი სტანდარტის, ნორმის, წესის, ნიმუშის, სისტემატიზაციის მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ჩვ. წ. აღ.-მდე V საუკუნეში მცხოვრებმა ბერძენმა მოქანდაკე პოლიკლეტმა დაწერა თხზულება „კანონი“ (ჩვენამდე მხოლოდ თხზულების ორმა ფრაგმენტმა მოაღწია), რომელშიც ის ადამიანის სხეულის გამოსახვის იდეალურ პროპორციებს ასაბუთებდა. მისი ნაშრომი მრავალი ანტიკური ხანის ავტორისთვის სამაგალითო იყო. პოლიკლეტის „კანონზე“ მიუთითებდნენ მექანიკოსი ფილონი (Phil. mechan. IV 1, ed. R.Schöne, Berl. 1893, p. 49, 20), ექიმი ჰალენი (Gal. Plac. Hipp. et Plat. V 9. p. 425. 14 Müll.). ამ მხრივ, პლინიუსის ცნობაა საინტერესო (Plin. nat. hist. ХХХIV 55): პოლიკლეტმა შუბმჭერიც, დავაჟკაცებული ჭაბუკი, გააკეთა. ამ ქანდაკებას მოქანდაკეები კანონს უწოდებენ და მისგან, როგორც დადგენილი წესისგან თავისი ხელოვნების საფუძველს იღებენ, პოლიკლეტს კი ერთადერთ ადამიანად მიიჩნევენ, რომელმაც ხელოვნების ნიმუშისგან მისი თეორია შექმნა. ძველ ქრისტიანულ ნაწარმოებებში სიტყვა „კანონი“ გვხვდება „წესის“ მნიშვნელობით, ე. ი. ადგილობრივი საეკლესიო კრებების წესები, ანუ ის, რაც ქრისტიანთათვის ორიენტირს წარმოადგენდა; ეს ორიენტირი გარკვეულ ჩარჩოებზე, გამომუშავებულ ნორმაზე, ეკლესიაში ქცევის წესზე მიუთითებდა. წესებს, რომლებიც ეკლესიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს არეგულირებს, კანონები ეწოდებათ. პავლე მოციქული წერს: რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე  და არც წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.  ვინც ამ წესისამებრ (τω̨̃ κανόνι) იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას (გალ. 6, 15-16). ახალი აღთქმის წიგნების შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ, როდესაც ჭეშმარიტი და ცრუ ტექსტების შესახებ წარმოდგენა ჩამოყალიბდა, სიტყვა „კანონი“ მსოფლიო ეკლესიაში წმინდა ქრისტიანული წიგნების ნაკრების აღნიშვნისათვის გამოიყენებოდა. ამგვარი სიტყვათსარგებლობა IV საუკუნის შუახანებიდან ვრცელდება, მაგრამ ახალი აღთქმის წიგნების კანონის ფორმირება, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უფრო ადრე დაიწყო.


  1. იხ. ჩვენი სტატიები http://www.faith.ge/?p=887 და http://www.faith.ge/?p=1287
  2. ა. ს. ჟებელევი. კანონიკური და აპოკრიფული სახარებები. მ., 1919. გვ. 21-22.
  3. იქვე, გვ. 22.
  4. ა. რანოვიჩი. რომის იმპერიის აღმოსავლური პროვინციები I-III საუკუნეებში. მოსკოვი-ლენინგრადი, 1949, გვ. 9.