წმ. დიმიტრი როსტოველი — აქ არ არის ღმერთი; იყო და წავიდა!

წმ. დიმიტრი როსტოველი — აქ არ არის ღმერთი; იყო და წავიდა!

წმიდა დიმიტრი როსტოველი მენელსაცხებლე დედათა კვირას წარმოთქმულ ქადაგებაში იხსენებს ანგელოზის მიერ დედებისთვის მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის საფლავთან ნათქვამ სიტყვას („არა არს აქა, რამეთუ აღდგა“ (მათე. 28, 6):

სად არის ქრისტე თავისი აღდგომით? რასაკვირველია, ყველგან, როგორც ღმერთი, მაგრამ თავისი მადლით ყველგან როდია… მის პატივსაცემად აგებულ ტაძრებშია? არა, მისი წმიდა სახლი ქვაბ-ავაზაკთა ბუნაგად ქცეულა.

ადამიანები ეკლესიაში იკრიბებიან, თითქოსდა ლოცვაზე და, იმავდროულად, ამაოდმეტყველებენ საყიდლებზე, ომზე, ნადიმებზე, სხვებს განიკითხავენ, მოყვასს ლანძღავენ, მათ კეთილ სახელს აგინებენ. სხვები ტაძარში დგანან და თითქოს ბაგეებით ლოცულობენ, გონებით კი ოჯახზე, სიმდიდრესა და ქონებაზე, ზანდუკებსა და ფულზე ფიქრობენ. სხვანი ეკლესიაში დგომისას თვლემენ, ზოგი მკვლელობაზე, ქურდობასა და მრუშობაზე ფიქრობს ან მოყვასზე შურისძიებას ჩაიფიქრებს. ზოგჯერ უარესიც ხდება — ნასვამი სასულიერო პირები ერთმანეთს ეჩხუბებიან, აგინებენ და საკურთხეველში ცემასაც არ ერიდებიან.

არა, ეს ღვთის ტაძარი კი აღარაა, არამედ ავაზაკთა ბუნაგია: წმიდა ადგილიდან ღვთის მადლი განიდევნება, როგორც კვამლი განდევნის ფუტკარს. ოდესღაც უფალმა ეკლესიიდან ვაჭრები მათრახით გაყარა. რა მოხდებოდა, ის რომ ახლა ხილულად მოსულიყო თავის წმიდა ტაძარში ამ მათრახით? მაგრამ არა, უფალო, უკვე წავიდა ის დრო, როცა უწესოებს ტაძრიდან აძევებდი; ახლა, ჩვენი წყეული დრო დადგა; ახლა უკვე ჩვენ გაძევებთ შენ; ახლა უკვე შეიძლება, ღვთის ტაძარზე ითქვას: აქ არ არის ღმერთი; იყო და წავიდა; ადგა და აქედან წავიდა; ბევრია მონათლული და ჭეშმარიტ რწმენას ნაზიარები, მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისშიც უფალი ღმერთი დაივანებს, როგორც თავის ტაძარში; ქურდიც მონათლულია, მპარავიც, ავაზაკიც, მემრუშეც, ბოროტმოქმედი და უკეთური მართლმადიდებლობით განათლებულა, მაგრამ იქ ქრისტეს ნუ მოიკითხავ: უფალს მათში არ დაუვანებია.

განა დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ქურდში მისი ჩვილობისას ქრისტემ დაივანა, მაგრამ რომ გაიზარდა, ქრისტე მას განეშორა! ადგა და წავიდა, აქ აღარაა! ზოგი გარეგნულად ღვთისმოსავი და ქველმოქმედი ჩანს: მლოცველი, მმარხველი, გლახაკთა მოყვარე, მოსაგრეა… მაგრამ ეს ყველაფერი ფარისევლობაა. ნუ ეძიებ მასში ქრისტეს. ის აქ არ არის!

ძნელია ძვირფასი მარგალიტის მოძიება ზღვის სიღრმეში, ოქროსა და ვერცხლისა — მიწის წიაღში; კიდევ უფრო რთულია ადამიანებში დავანებული ქრისტეს მოძიება. ბევრი ჩვენგანი მხოლოდ სახელითაა ქრისტიანი, სინამდვილეში კი ცხოველივით, ღორივით ცხოვრობს. ქრისტეს ჯვრით ვიცავთ თავს, ქრისტეს კი ამაზრზენი საქმეებით ჯვარს ვაცვამთ.

შევხედოთ სასულიერო პირს და ვკითხოთ: რა განზრახვითა და სურვილით მიაღწია ამ ხარისხს? ღვთის დიდებისა და პატივისთვის თუ საკუთარი თავისა? ადამიანთა სულების საცხოვნებლად მოსაპოვებლად თუ საკუთარი სიმდიდრის მოსახვეჭად? ჭეშმარიტად, ერთსაც კი ვერ იპოვიდით, ვინც ამ ხარისხს ადამიანთა სარგებელისთვის მიაღწია და არა საკუთარი ანგარებისთვის. ადამიანთა სულების ცხონებისთვის მსახურებად კი არ მოვიდა, არამედ იმისთვის, რომ დაქვემდებარებულნი მას ემსახურონ.

შევხედოთ ყველაზე დაბალ სასულიერო ხელისუფლებას — მღვდლებსა და დიაკვნებს და თითოეულ მათგანს ვკითხოთ: რამ მოგიყვანა სამღვდელო ხარისხში? საკუთარი თავისა და სხვების ცხონების სურვილმა? არა, აქ იმისთვის მოხვედი, რომ შენი თავი, ცოლი და შვილები გამოკვებო. იესოს თავად იესოსთვის კი არ ეძიებდი, არამედ პურის ნატეხისთვის. ზოგმა გონიერების გასაღები იპყრო ხელთ და არც თავად შედის და არც შემსვლელთ უშვებს; სხვას კი ეს გასაღებიც არ აუღია. თავად ვერაფერს ხვდება: ბრმა ბრმებს მიუძღვის წინ და ერთად ცვივდებიან ორმოში.

აქ ძნელად იპოვი ქრისტეს: ის აქ არ არის! მონასტრებში შესაძლებელია ქრისტეს პოვნა? მაგრამ იქაც ყველაფერი წახდა. აღარაფერი დარჩა. ხალხში ხომ არ უნდა მოვიძიოთ უფალი? მაგრამ სად არის უფრო მეტი ქურდობა, თუ არა ხალხში? თუ ხალხში კიდევ სადმე კეთილი ადამიანები შემორჩენილა, მათაც თავიანთი საქმეებისა თუ გასაჭირის გამო დაივიწყეს უფალი და ლოცვა მიატოვეს. დიდებულებს შორის, თავადებთან და მსაჯულებთან ხომ არ უნდა ვეძებოთ ქრისტე? მაგრამ იქამდე მიღწევა შეუძლებელია. მათში ძნელად თუ ყოფილა ოდესმე ქრისტე: ჩვენს გაბოროტებულ დროში სიმართლეც გაღატაკებულა და აღარც მოწყალებაა; ხოლო სადაც არც სიმართლეა და არც მოწყალება, იქ ქრისტეს ნურც ეძიებთ; ის იქ არ არის!

მაშ სად მოვიპოვოთ ის? მოგვიწევს, ვწუხდეთ და ვჭმუნავდეთ მარიამ მაგდალინელივით, რომელიც ამბობდა: „აღიღეს უფალი ჩემი საფლავით და არა უწყი, სადა დადვეს იგი“ (იოანე 20, 13). ჩვენმა ცოდვებმა უფალს ჩამოგვაშორეს და აღარ ვუწყით, სად ვეძიოთ იგი.

ზოგჯერ ვინმე იტყვის: „უფალი ჩემთანაა, მე კი მასთან ვარ; მე მწამს მისი, ვლოცულობ მის წინაშე და თაყვანს ვცემ მას“. და მერე რა, რომ თაყვანს სცემ? უფალს თაყვანს სცემდნენ ისინიც, ვინც მაცხოვრის ნებსითი ვნებისას მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, შემდეგ კი თავში მათრახს ურტყამდნენ. შენ ეთაყვანები ქრისტეს და სცემ ქრისტეს, რამეთუ აწყენინებ და ტანჯავ შენს მოყვასს, ძალადობ მასზე და ძარცვავ, უსამართლოდ ართმევ მას ქონებას; შენ ლოცულობ ქრისტეს წინაშე და სახეში აფურთხებ მას, როცა შენი ბაგეები უწმაწურ სიტყვებს წარმოთქვამენ, როცა მოყვასს აყვედრი და განიკითხავ“.

 

 

წყარო: ნ. ი. კოსტომაროვი, რუსული ისტორია მის უმთავრეს მოღვაწეთა ცხოვრებების აღწერაში; მე-7 გამოშვ. СПб, 1874 წ., მე-2 განყ., გამოშვ. მე-5, გვ. 526-528.