შესაძლებელია, ქრისტიანს სხვა ადამიანი სძულდეს? თუნდაც ყველაზე ცუდი, ყველაზე ბოროტი და უვარგისი — შეიძლება თუ არა, ის გძულდეს და, იმავდროულად, სუფთა სინდისით თავს კვლავ ქრისტიანად მიიჩნევდე? ასეთი კითხვები უნებურად ჩნდება ინტერნეტ-შეხლა-შემოხლის კითხვისას ბევრ მართლმადიდებლურ ფორუმზე, სადაც მონაწილენი (სხვათა შორის, სულ ტყუილუბრალოდ!) თავს ესხმიან ერთმანეთს გრძნობით, რომელსაც სიძულვილის მეტს ვერაფერს დაარქმევ. ერთმანეთს თავს ესხმიან არც მეტი, არც ნაკლები — ჭეშმარიტების, ღვთის, მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად. საკუთარი სიმართლის უდავო დასტურად და არგუმენტად კი მოჰყავთ წმიდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვები, რომელიც დღეს გარკვეულ დევიზად იქცა „ჭეშმარიტი“ ქრისტიანული სიძულვილისთვის: „გიყვარდეს მტრები შენი, გძულდეს ღვთის მტრები და ურტყი მამულის მტრებს.“
ეს ფრაზა საკმაოდ ხშირად წამიკითხავს და მომისმენია და ყოველ ჯერზე შინაგანად აღშფოთებული ვეწინაღმდეგებოდი. განა ეკლესია წმიდანის პირით უნდა აცხადებდეს, თითქოსდა სამყაროში არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთა სიძულვილი შესაძლებელი, უფრო მეტიც, აუცილებელიც კია? მაგრამ წმიდანს ვერ შეედავები… თუმცა, ამ რეპლიკას მაინც ვერ ვეთანხმებოდი, რამეთუ პირდაპირ ეწინააღმდეგება სახარებას. ამ გაუგებრობის დასასრულებლად მოვიძიე სრული ტექსტი დოკუმენტისა, საიდანაც აღებულია წმიდა ფილარეტის ფრაზა ღვთის მტრების სიძულვილის შესახებ. და ყველაფერი მეყსეულად თავის ადგილას დადგა: აღმოჩნდა, რომ წმიდა მამას მსგავსი არასოდეს არაფერი უთქვამს, მრავალრიცხოვან ციტატაში მასზე მიწერილი ფრაზა კი ყველაზე ბანალური სახითაა დამახინჯებული. აი, წმიდა ფილარეტის სიტყვები: „ნუ იკადრებთ და გეთაკილებოდეთ ღვთის მტრების საქმეები, დაამარცხეთ მამულის მტრები და გიყვარდეთ თქვენი მტრები, ამინ.“
რთული არაა იმის შემჩნევა, რომ სიტყვა — „სიძულვილი“ აქ არ არის, ხოლო სიტყვაში — „ნუ იკადრებთ, გეთაკილებოდეთ“ — ნავარაუდევია მხოლოდ მოწოდება, მონაწილეობა არ მიიღოთ ღვთის მტერთა ბოროტ საქმეებში, ზურგი აქციოთ და გძულდეთ მათი იდეები. რასაკვირველია, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია, ეს ფრაზა დაუმახინჯებლადაც გავიგოთ ასე — „გძულდეთ ღვთის მტერნი“. ასეთ განმარტებაზე კამათი ისევე ხანგრძლივი იქნება, რამდენადაც ამაო და წარუმატებელი (ისევე, როგორც, სხვათა შორის, მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებაზე აგებული ნებისმიერი სხვა თეზისი). ამიტომაც ამ უშედეგო საქმეს არ შევუდგები, არამედ, უბრალოდ, გთავაზობთ, წაიკითხოთ წმიდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვა, საერთო კონტექსტში იმ დოკუმენტისა, საიდანაც არის აღებული. აი ისიც, მცირეოდენი შემოკლებით:
წმიდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვა სულთმოფენობიდან მე-19 კვირას
„გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით“ (ლუკა 6, 35)
„შეაჩერო შურისმაძიებელი დარტყმა, მაგრამ დახმარების ხელი არ გაუწოდო, ენით ტკბილად მოუბრობდე, გულის სიღრმეში კი ბალღამი გიტრიალებდეს — ეს მტრების სიყვარულს სულაც არ ნიშნავს. სიყვარული ცოცხალი და ქმედითი მონაწილეობაა სხვა ადამიანის კეთილდღეობაში. ასე რომ, „ჰშიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას და, სწყუროდის თუ ასუ მას“ (რომ. 12, 20). აი, ჭეშმარიტი სიყვარულის სახე! ამაოდ ნუ დაირქმევთ, რომ მზად ხართ თქვენი მოწინააღმდეგის მსხურებად — სინამდვილეში იყავით ასეთნი. გულითადად ესაუბრეთ მას და სიტყვა საქმით განამტკიცეთ. შეუმჩნევლად შეიპარეთ მის სულში, გამოიყენეთ ეს ღვთივსათნო ეშმაკობა, რათა ბოროტების ქმნის სურვილი წაართვათ, რათა დაუბრუნოთ უმწიკვლობა და სიმშვიდე ბოროტებით აღშფოთებულ გულს. გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და კეთილისუყოფდით მათ!
მაგრამ როგორ უნდა გიყვარდეს ისინი, ვისშიც მზაკვრობისა და ბოროტების მეტს ვერაფერს ხედავ? რასაკვირველია, ბოროტების სიყვარული არ შეგვიძლია, მაგრამ განა ამას ვინმე მოითხოვს ჩვენგან? გეზიზღებოდეთ ბიწიერება იმდენად, რამდენადაც ის ამას იმსახურებს — ეს კი არ გეკრძალებათ, არამედ მოგეთხოვებათ კიდეც; მაგრამ ნუ აურევთ ამას თავად იმ ადამიანებისადმი სიძულვილში, რომლებსაც ამ თვისებას შეამჩნევთ: ამის გადალახვით მათში კიდევ აღმოაჩენთ ისეთ თვისებებს, რაც თქვენს სიყვარულს იმსახურებს. რაოდენ არაბუნებრივადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ მტრის სიყვარული, განა ბუნებას ნაკლებად ეწინააღმდეგება ადამიანის სიძულვილი?
რაოდენ საბრალო მდგომარეობაა — სიძულვილს სიძულვილით მიაგო, წყენას კი — წყენით? მაგრამ რა მოხდება, თუ მტერი თქვენზე ძლიერი აღმოჩნდება?.. მაშინ რას მოემსახურება თქვენი შურისძიებისმოყვარეობა? ნუთუ შენივე დაღუპვის დაჩქარებას? და რას უნდა მოელოდე თანასწორი ძალების ქონის შემთხვევაში ორივეს დაცემისა და უბედურების გარდა? და ბოლოს, მას რომ არ სურდეს და არც ძალუძდეს შენთვის წინააღმდეგობის გაწევა — განა ნაკლებად საშინელი იქნებოდა იდუმალი მახეები, ვიდრე აშკარა თავდასხმა? ახლა გავიხსენოთ მტანჯველი საზრუნავები, ხრიკები, ზრახვები, საკუთარივე თავის საზიანოდ წამოწყებული საქმეები; შემდეგ კიდევ ეს მტანჯველი ზრახვები საკუთარ შეუძლებელ წარმატებაზეც კი, და კიდევ უფრო მეტად მტანჯველი — მოწინააღმდეგის წარმატებაზე, და ბოლოს, თავად წარმატებები, რომელსაც უდიდესი სინდისის ქენჯნა ახლავს თავს, ზოგჯერ კი ზიზღიც კი?
რაღა დაგვრჩენია ამ თვითნებური ტანჯვის თავიდან მოსაშორებლად? ღვთის ნებას მიენდო და სიძულვილს სიყვარულით უპასუხო, მზაკვრობას — უბრალოებით, ბოროტგანზრახულობას — კეთილმოსურნეობით, საყვედურს — სასარგებლო რჩევებით, წყენას — ქველმოქმედებით, წყევლას — ლოცვებით. აი, ჭეშმარიტი იარაღი მტრის წინააღმდეგ! ამის აღსრულებით, დიდი მოციქულის სიტყვისაებრ, „ესე რაი ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაი შეჰკრიბო თავსა მისსა“ (რომ. 12, 20). რაოდენ სასტიკი და გაქვავებულიც არ უნდა იყოს ის, შენი მოკრძალებულობა თავზარს დასცემს უგრძნობელ გულს, შენდამი მოყენებული შეურაცხყოფისთვის სინანულს გაუჩენს. ის მრისხანებას მასვე მიუბრუნებს — სირცხვილი დაწვავს. ამრიგად, მტრისადმი სიყვარული არა მხოლოდ შენი სიმშვიდის საშუალებაა, არამედ მისვის ძლიერი დამოძღვრაც; ასეთ შემთხვევაში შენ, გარკვეულწილად, მოციქულებრივ ღვაწლს იღებ და სათნოებებისკენ მისი მოქცევის იარაღი ხდები!
მაშ რატომ ვუშვებთ ხელიდან ესოდენ დიდ უპირატესობას, რომელიც შეგვიძლია, ჩვენი მტრის წინაშე გვქონდეს? ჩვენ გამადიდებელი შუშით ვუყურებთ მათ მიერ მოყენებულ პაწაწინა უსიამოვნებასაც (ან ზიანს) კი. განა უფრო კეთილგონივრული არ იქნებოდა, ყველაფერს ვუმზიროთ იმ მხრიდან, რომელიც ჩვენთვის უფრო სასარგებლო და ნაკლებად საწყენი იქნებოდა? ავისმეტყველებენ? ჰმადლობდეთ თქვენს მოურიდებელ მტერს: ამით თქვენ დაინახავთ ცოდვების გამოსწორების გზებს, რომლებსაც საუკეთესო მეგობრები არ გიჩვენებდნენ. შეურაცხგყოფენ და კეთილ სახელს გილახავენ? მშვიდად იყავით; რით დაზიანდება მზე, თუ რომელიმე უგუნური იტყვის, რომ ის ბნელია? ასევე, თუ არაკეთილგანმზრახველნი თქვენს სათნოებაში იპოვიან ლაქას, რომელიც მას არ აქვს, ეს მათი უპატიოსნობაა და არა თქვენი. მამულს გართმევენ? არაფერია, თუ მას საკუთრებად არ მიიჩნევდით, მაგრამ თუ სხვაგვარად ფიქრობდით, შესაძლებლობა მოგცემიათ, ჭეშმარიტება შეგეცნოთ. შვილებსა და მეგობრებს გართმევენ? დაიმარხეთ სათნოება და მარადიულობას შეუერთდებით; წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი თავისთვისაც დაკარგული აღმოჩნდებით. გჩაგრავენ და გდევნიან? „უფლის არს ქუეყანაი და სავსებაი მისი“ (ფს. 23, 1). ადამიანთაგან დევნა მხოლოდ მიგვაახლოვებს ცათა სასუფეველთან. „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“ (მათე 5, 10). სიკვდილით გემუქრებიან? ნუ გეშინიათ! სიკვდილი და სიცოცხლე ერთ ხელშია; ხოლო ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს, მისთვის სიკვდილი მონაპოვარია — „რამეთუ ჩემდა ცხოვრებაი ქრისტე არს, და სიკუდილი — შესაძინელ“ (ფილ. 1, 21).
თუ ასეთი აზრები ვერ გარწმუნებენ, თქვენს მტრებს აღშფოთებისა და მრისხანების გარეშე შეხედოთ, მაშინ შეხედეთ გოლგოთას, სადაც ზეციური სიბრძნე უგუნურებისგან, უმწიკვლობა ჯოჯოხეთური დანაშაულისგან, შემოქმედი ქმნილებისგან, უფალი მაცხოვარი დაღუპულ მტერთაგან ევნებიან და კვდებიან. „ნუ იკადრებთ და გეთაკილებოდეთ ღვთის მტრების საქმენი, დაამარცხეთ მამულის მტრები და გიყვარდეთ თქვენი მტრები, ამინ.“
ძნელია, ნათქვამს რაიმე დაამატო. დიახ, შესაძლოა, გძულდეს ისინი, ვისაც ღვთის მტრებად მოიაზრებ. დიახ, შესაძლოა ეცადო, როგორღაც ღვთისმოსაობით გაამართლო შენი სიძულვილი. ეს ყოველივე თითოეული ჩვენგანის პირადი ზნეობრივი თავისუფლებისა და ქრისტიანული სინდისის საქმეა. მაგრამ არ შეიძლება, ასეთი თავის მართლება ააგო წმიდა ადამიანის ავტორიტეტზე, რომელსაც მსგავსი აზრები არასოდეს გამოუთქვამს და არასოდეს უმტკიცებია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქრისტე თავის ჯვარმცმელთა შენდობისთვის ლოცულობდა. მაგრამ ისინი მხოლოდ მისი პირადი მტრები იყვნენ თუ ღვთისაც? თუ ქრისტეში განხორციელებულ ღმერთს ვაღიარებთ, მაშინ პასუხი სავსებით ერთმნიშვნელოვანი იქნება. და პირიქით: განა შესაძლებელია, ღვთის მტერს მტრული გრძნობები არ ჰქონდეს ამ ღვთის თაყვანისმცემელი ადამიანების მიმართ? ვფიქრობ, რომ ასეთი რამე ძნელად შესაძლებელი და დასაშვებია. ქრისტეს მტრები ყოველ დროში „შეთავსებით“ ქრისტიანთა პირადი მტრებიც იყვნენ. მტრების ამ ორი კატეგორიის დაყოფა პრინციპით: „ერთნი მიყვარს, მეორენი კი მძულს“ — არაფრით გამოგვივა, რაოდენ მხურვალედაც არ უნდა მოვინდომოთ ეს. ამიტომაც წმიდა ფილარეტის მოწოდება — გეთაკილებოდეთ ღვთის მტრების საქმეები, — სულაც არ ნიშნავს, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება მათზე არ ვრცელდებოდეს. ხომ შესაძლებელია, სიყვარულით მოეკიდო თავად ადამიანს, მისი იდეები და საქმეები კი არ მოგწონდეს. ხოლო თუ ბოლომდე პატიოსნები და თანამიმდევრულნი ვიქნებით, მაშინ თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად მოუწევს იმის აღიარება, რომ ჩვენი ყოველი ცოდვაც ღვთის მტრობაა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთადერთი ნუგეშიღა გვრჩება: არა მართალთა, არამედ ჩვენ ცოდვილთა და ღვთის მტერთათვის ევნო და მოკვდა ქრისტე ჯვარზე, როგორც ამას წმიდა წერილი ბრძანებს: „უკუეთუ, მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა“ (რომ. 5, 10).
ავტორი: ალექსანდრე ტკაჩენკო
მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა