მეათე საღვთისმეტყველო-პოლემიკური თხზულების სათაურია: „კვიროსის პრესბიტერ უფალ მარინუსისადმი მიწერილი წერილის ასლი.“ ეს ეპისტოლე დაიწერა იმპერატორ ჰერაკლეს მიერ „ექთეზისი“ (638) გამოქვეყნების შემდეგ. ტექსტში არის ამის პირდაპირი მინიშნება: „თითქმის მთელი ექთეზისი შედგენილია და ნაკარნახევია მის მიერ (თეოდორე ფარანელი). „როგორც უკვე ავღნიშნეთ წმინდა მაქსიმე იცნობს ეკთეზისის ავტორებს და თეოლოგიურ წყაროებს,
რაზედაც დაამყარეს თავიანთი საღვთისმეტყველო პოზიცია გამომცხადებლებმა. აშკარაა, რომ გამომცხადებელი იყო სერგი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. მაგრამ ამ თხზულების პრობლემა სხვა რამეშია. როგორც ჩანს წმინდა მაქსიმე გათვიცნობიერებული იყო „ფილიოკვეს“ დებულებაში, რაც რომის ეკლესიის დოგმის მიხედვით ნიშნავს სულიწმინდის გამომავლობას მამისაგან და ძისაგან.“ ჩვენი დასკვნით წმინდა მაქსიმეს სთხოვეს აზრი გამოეთქვა ამ თეოლოგიურ საკითხის შესახებ. ფილიოკვეს საკითხი მხოლოდ ამ თხზულებაშია განხილული. პიერ პირე ამ ტექსტს მიიჩნევს, პრესბიტერ მარინიუსისადმი გაგზავნილი ეპისტოლის „არასრულ“ ასლად. პოლიკარპე შერვუდის მიხედვით ეპისტოლე დაიწერა 645 და 646 სლებს შორის, რადგან მასში მითითებულია პაპის შესახებ, რომელიც ერთ-ერთია იმ მრავალთა შორის ვისაც უმსჯელია ამ ორი თეოლოგიური საკითხის, ფილიოკვესა და ქრისტეს განსხვავებების შესახებ. ბევრი ვარაუდი გამოითქვა თუ ვინ იყო ეს პაპი. პოლიკარპე შერვუდს მიაჩნია, რომ ეს არის პაპი თეოდორე I (624-649), რადგან შერვუდმა აღნიშნული თხზულების გამოცემის თარიღად დასვა დრო 645-646 წლებს შორის. სხვა ვარაუდით ეს არის პაპი მარტინე I (649-655), მაგრამ თუ ამ უკანასკნელ ვარიანტს დავუშვებთ, ტექსტის შედგენის თარიღი უფრო გვიან იქნება საგულვებელი.
თუმცა, არსებობს სხვა წყაროებიც, რომლებიც ტექსტს ნაყალბევად მიიჩნევენ. ფერერა ფლორენციის კრების სხდომაზე (1438-1439) როდოსის ლათინმა ეპისკოპოსმა ანდრეას ქრიზოვერგისმა მეათე საღვთისმეტყველო პოლემიკური თხზულება მიაკუთვნა იმ აღმოსავლელი მამების ტექსტებს, რომლებიც კრების დასავლელი წევრების შეხედულებით მხარს უჭერენ ფილიოკვეს თეოლოგიას, ანუ სულიწმინდის გამომავლობას მამისაგან და ძისაგან, ისე როგორც ეს დამკვიდრებულია ლათინურ ეკლესიაში. თუმცა, დასავლელთა დელეგაციის თარჯიმანმა ნიკოლას სეგუნდოსმა, ლათინი ეპისკოპოსების სახელით, ეჭვი შეიტანა ტექსტის ნამდვილობაში. ნიკოლას სეგუნდოსმა სინოდს გააცნო ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ არსებობს წმინდა მაქსიმეს ნაშრომის ისეთი ვარიანტი, სადაც არ არის სწავლება ფილიოკვეს შესახებ. მან დაადანაშაულა დასავლელი დელეგაციის წევრები, რომ მათ გააყალბეს ტექსტი, რათა გამყარებინათ დასავლური ეკლესიის თეოლოგიური დებულება ფილიოკვეს შესახებ. „უნდა იცოდეთ, ღირსო მამებო, რომ ტექსტი, რომელიც წაკითხული იქნა არ ეკუთვნის წმინდა მაქსიმეს. ავტორი, თუნდაც ვერ დავადგინოთ მისი ვინაობა, ნამდვილად არის სხვა და არა წმინდა მაქსიმე. ხოლო ეს ტექსტი დაწერილია სქიზმის შემდეგ.“ ნიკოლას სეგუნდოსს, ერთის მხრივ, ეჭვი შეაქვს ტექსტის ავტენთურობაში, და, მეორეს მხრივ, მისი შედგენის დროს ასახელებს პერიოდს სქიზმის შემდგომ. ფერერა-ფლორენციის კრების სხდომაზე გამოვლენილის ეს საკითხი ნათელი მაჩვენებელია, თუ რატომ და როგორ ხდება მსგავსი ტექსტების გაყალბება. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ერთადერთი ტექსტი, რომლის ავტენთურობასაც მართლმადიდებლები ეჭვს ქვეშ აყენებენ. როდოსის ლათინმა ეპისკოპოსმა ანდრეას ქრიზოვერგისმა ჩანს იცოდა რომ ტექსტი არ იყო ავთენტური და ლათინთა დელეგაციის წევრების მსგავსად იმოქმედა ex silentio ტაქტიკით, ანუ მტკიცებულების ნაკლებობის მომიზეზებით დუმილით აუარა გვერდი ყველა საჭირო ტექსტს. ეს მრავლისმთქმელი დუმილი, სამწუხაროდ, არ გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ ხსენებული ტექსტის ავტორის ვინაობა ან მისი შედგენის ზუსტი თარიღი. ხელთ გვაქვს მხოლოდ ნიკოლას სეგუნდოსის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ ტექსტი შექმნილია სქიზმის შემდეგ. სეგუნდოსის კატეგორიული განცხადება საშუალებას გვაძლევს დავუშვათ, რომ, ერთის მხრივ, იგი გულისხმობდა წერილის ძირითად ტექსტის საეჭვო ჩანართის გარეშე, და მეორეს მხრივ, წერილის ეს ძირითადი ნაწილი მას, ავთენტურად მიაჩნდა. სამწუხაროდ, ფერერა-ფლორენციის კრების ოქმებმა არ შემოინახა იმ წერილის ტექსტი, რაც სხდომაზე იქნა წაკითხული, მაგრამ, სეგუნდოსის მიხედვით, საეჭვო ტექსტი წაიკითხეს „ძირითადი წერილის შემდეგ“ ცხადია, რთულია ერთმანეთისგან გავარჩიოთ ნამდვილი და ყალბი ნაწილები მოცემულ წერილში. ფრანც. კონბეფისმაც ეჭვი შეიტანა იმ ტექსტების ავთენტურობაშიც, რაც შეტანილია მენის პატროლოგიაში, მაგრამ იგი არ გულისხმობს ფერარა-ფლორენციის სინოდის სხდომაზე წარმოდგენილ ტექსტს.
თხზულებაში დატანილი პრობლემატური დანართის შექმნის თარიღად ერთადერთი მანიშნებელია ზემოდნახსენები მითითება „ექტეზისის“ შესახებ (638), რადგან შეუძლებლად მიგვაჩნია თხზულების დაწერა მას შემდეგ, რაც კვიპროსის ეკლესიის სინოდმა დაგმო ექთეზისი (643), და რადგან კვიპროსის ეკლესიის პრესბიტერ მარინუსსა და წმინდა მაქსიმეს დიდი ღვაწლი მიუძღვით გადაწყვეტილების მიღებაში, გვჯერა, რომ ავთენტური ტექსტი დაიწერა რომის ეკლესიის მიერ ექთეზისის დოგმის დაგმობის შემდეგ (641) და კვიპროსის ეკლესიის მიერ ექთეზისის დაგმობამდე (643). რაც შეეხება თხზულების დაწერის მიზეზებს, ეს არის, ერთის მხრივ, მარინის მიერ დასმული კითხვები წმინდა მაქსიმესადმი ექთეზისის შენაარსისა და მისი მართლმადიდებლურობის შესახებ, და, მეორეს მხრივ, „ოთხი დოკუმენტი“, გაგზავნილი რჩევის საკითხავად მარინუსის მიერ მაქსიმესადმი.
რაც შეეხება ფილიოკვეს საკითხს, ეჭვიც არაა, რომ ეს „ნაადრევი“ თემაა მაქსიმეს ეპოქაში, რადგან იმ დროს საღვთისმეტყველო სწავლებას ფილიოკვეს შესახებ, ჯერ კიდევ არ გამოეწვია განხეთქილება ბერძენ და ლათინ თეოლოგებს შორის. ხოლო ტექსტში კი ასეთი ტენდენციაა ჩამოწერილი. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ წმინდა მაქსიმემ არც იცოდა ფილიოკვეს საღვთისმეტყველო საკითხის შესახებ, რაც ფართოდაა ტექსტში გაშუქებული. ცხადია, რომ ტექსტი შექმნილია თეოლოგის მიერ, რომელსაც სწადს დაიცვას მართლმადიდებლური სწავლება სული წმიდის გამომავლობის შესახებ ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, განმარტოს დასავლეთის ეკლესიის მსგავსი შეხედულება აღნიშნულ საკითხზე, რამდენიმე ‘‘მართლმადიდებლურად“. ჩვენ საქმე გვაქვს მოქნილ თეოლოგთან, რომელიც ცდილობს ორივე ეკლესიის მიდგომის შეთანხმებას. მაგარმ ეს არ არის საქმე, რომელიც სიღრმისეულად იკვლევდა ყველა საჭირბოროტო თემას, ფილიოკვეს საკითხს არსად განიხილავს, მთელ მის პნევმატოლოგიაში. აღნიშნულ საკითხს ეხება მხოლოდ მისი მეათე თხზულების ერთ პარაგრაფში. ისევ ვიმეორებთ, რომ ნაკლები აქტუალობის გამო წმიდა მაქსიმე არ ეხება ფილიოკვეს საკითხს. თემამ მნიშვნელობა შეიძინა უფრო გვიან პერიოდში. როგორც ვნახეთ, ნიკოლას სეგუნდოსმა ტექსტის დაწერის თარიღად დაასახელო დრო სქიზმის შემდეგ (1054). თუმცა, ტექსტში გამოყენებული ტერმინოლოგიისა და საერთო სულისკვეთების ღრმა ანალიზი გვარწმუნებს, რომ პასუხი ფილიოკვეს სადაო თეოლოგიურ დებულებაზე ეკუთვნის კონსტანტინოპოლის პატრიარქს წმინდა ფოტიოსს.
მეტიც, ტექსტში განხილული თეოლოგიური საკითხი სული წმიდის გამომავლობის შესახებ არ ემთხვევა ლათინური ეკლესიის თეოლოგიურ პოზიციას, როგორც უნდოდა წარმოეჩინა როდიოსის ლათინ ეპისკოპოსს ანდრეას ქრიზოვერგისს, არამედ უფრო მართლმადიდებლურ თეოლოგიურ პოზიციას უჭერს მხარს, რომელიც აღიარებს სულიწმიდის გამომავლობას მამისაგან-სამების სიწმიდის საფუძვლიდან და პირველმიზეზიდან. წარმოგიდგენთ საკმაო ტექსტს;
„ქალაქები დედოფალმა (კონსტანტინეპოლმა) მიიღო სინოდალური წერილი იმჟამინდელ უაღრესად წმიდა და ნეტარი რომის პაპისაგან ორი საკითხის განსახილველად. ერთი ეხება სამების თეოლოგიას, რის შესახებად ნათქვამია, რომ სულიწმინდა გამომავალია ძისაგან.
მეორე საკითხი ეხება ღვთის განსხეულებას. პირველ თემას რაც შეეხება, მათ (რომაელებმა) წარმოადგინეს ლათინ მამების ერთსულოვანი მტკიცებულებები, აგრეთვე, კირილე ალექსანდრიელის შეხედულებები, რომელმაც თავისი აზრი დაამყარა წმინდა იოანეს სახარებას. ამ ტექსტების საფუძველზე მათ დაასკვნეს, რომ ძე არ არის სულიწმინდის საფუძველი — მათ იციან რომ მამა არის ერთადერთი საფუძველი ძისა და სულისა, პირველის — შობით და მეორის — გამომავლობით — მაგრამ მათ განაცხადეს, რომ სულიწმიდის გამომავლობა ხდება ძის მეშვეობით, აქედან ნაჩვენებია არსის ერთობა და განუყოფლობა.
მათ (რომაელებს) ამიტომაც დასდეს ბრალი ისეთ რაღაცეებში, რაც არ დაუმსახურებიათ, მაშინ როცა ბიზანტიელები დაადანაშაულეს იმაში, რაც მათ სამართლიანათ დაიმსახურეს (მონოთელიზმი).
შენი თხოვნიდან გამომდინარე რომაელებს ვთხოვე გადაეთარგმნათ მათი თავისებური ტერმინი (ფილიოკვე) ისე, რომ ნებისმიერი მოსალოდნელი ბუნდოვანება გამორიცხულიყო, მაგრამ რადგან წერისა და გაგზავნის (სინოდალური წერილების) პრაქტიკა შემუშავდა, არ ვიცი დათანხმდებიან თუ არა ისინი ამას. რათქმაუნდა, ისინი ვერ შეძლებენ თავიდან ჩამოაყალიბონ, მათი იდეა მათთვის უცხო ენისა და სიტყვების მეშვეობით ისე, როგორც შეუძლიათ მათი დედაენით, ისევე როგორც ჩვენც არ ძალგვიძს ამის გაკეთება.
ნადვილად პირველად მათ წარმოადგინეს რომაელი მამებისა და კირილე ალექსანდრიელის მოსაზრებები წმიდა თხზულებიდან იოანე მახარებლის შესახებ. ამ წყაროებზე დაყრდნობით რომაელები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ სულის წყაროთ ძე არ მიაჩნდათ. მათ რეალურად სცნეს მხოლოდ ერთი საფუძველი ძისა და სულიწმიდისა-მამა — ძის შობით და სულისმიდის გამომავლობით. რომაელების თვალსაზრისით სულიწმიდა გამომავალია მისგან (მამისგან) და მათი არსი არის ერთიანი და ერთგვარი. ამას ამტკიცებენ რომაელები და უსამართლო ბრალდებას იღებენ. მეორეც, მათი სამართლიანი რეაქციის მიუხედავად, აქედან არავითარი ახსნა-განმარტება არ მიუღიათ ზემოთ განხილული დანართის უარყოფის შესახებ. ამის გამო ვთხოვე რომაელებს უფრო ნათელჰყონ თავიანთი პოზიცია, იმისთვის რომ, აცილებული იქნას გაუგებრობა. ამას გარდა, შეუძლებელია რომ ჩაწვდე ამ საკითხებს სხვა ენით და სიტყვებით. შენ უნდა ჩაწვდე მათ აზრს მათივე დედაენის მეშვეობით, რადგან ჩვენი აზრები გაიგება მხოლოდ ჩვენივე ენის მეშვეობით.
ამ პოზიციას ზურგს უმაგრებს ის ფაქტი, რომ წმინდა მარკოზ ევგენიკოს და წმიდა გრიგოლ პალამა იყენებენ ტექსტს იმისთვის, რომ სახე უცვალონ ფილიოკვეს თეოლოგიური საკითხის სწავლებას ისე, რომ პირდაპირ არ არიან დაკავშირებულნი, ტექსტის ავთენტურობის საკითხთან. უნდა შეგახსენოთ, რომ წმიდა მარკოზ ევგენიკოსმა, რომელიც მონაწილეობდა ფერარა-ფლორენციის კრების სხდომებში, იცოდა რომ ტექსტის ავთენტურობის შესახებ ეჭვი არსებობდა. მაგრამ რადგან ეს ეჭვი მოულოდნელად გაჩნდა ფილიოკვეს თეოლოგიური საკითხების შესახებ, ორი მამა ყველანაირად ცდილობდა მხარი დაეჭირათ ამ თეოლოგიური საკითხისათვის. მარინუსმა სთხოვა მაქსიმეს ჩარეულიყო და დაერწმუნებინა რომაელები შეესწორებინათ თავიანთი თეოლოგია სულიწმიდასთან დაკავშირებით. „მე ვთხოვე რომაელებს ნათელჰყონ თავიანთი პოზიცია იმისათვის რომ აცილებელ იქნას გაუგებრობა.“ ტექსტის ავტორის შეხედულებით ფილიოკვეს საკითხის ძირითადი პრობლემა უკავშირდება ლინგვისტიკის სფეროს: (შენ უნდა ჩაწვდე მათ აზრს, მათივე დედაენით, რადგან ჩვენი აზრები გაიგება მხოლოდ ჩვენიევე ენის მეშვეობით.“
თხზულების ავთენტურობის საკითხი და ნამდვილი და გაყალბებული ნაწილების ამოცნობა ისევ რჩება პრობლემად და მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. გავიხსენოთ რომ ნიკოლას სეგუნდოსმა ფერარა-ფლორენციის კარებზე გამოსვლისას, ნამდვილი ტექსტი გაყალბებულად გამოარჩია და განაცხადა: (დანართი, რომელიც წერილის შემდეგ წავიკითხეთ არ იყო მაქსიმეს დაწერილი.) ეს აღმოჩენა ნიშნავს ორ რამეს; ან ნამდვილ ტექსტს დანართი დაურთეს, ან საერთოთ წაუკითხავად დატოვეს ტექსტი. ეს უკანასკნელი უფრო სარწმუნო ჩანს, რადგან, ვინაიდან თხზულების დანარჩენი ნაწილი უმნიშვნელო იყო სინოდის მუშაობისთვის, ბოლომდე არ წაუკითხავთ. ამ მოსაზრებას ამტკიცებს ტექსტის ფორმა, როგორც ეს მოცემულია ბერძნული პატროლოგიის მინისეულ გამოცემაში. ამ მოსაზრების თანახმად, თხზულების ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ნამდვილი და გაუყალბებელი, არის: ა)პირველი პარაგრაფი, რომელიც შედის მინეს გამოცემაში, ტომი I,გვ 91 და იწყება შემდეგი სიტყვებით: (ღვთიური კანონი…) და მთავრდება სიტყვებით „(ისინი იყენებენ) და ბ) ბოლო ორი პარაგრაფი. ჩვენ არ ვამტკიცებთ დაიკარგა თუ არა ავთენტური წერილის ნაწილი, ან ჩანაცვლდა თუ არა იგი გაყალბებული ნაწილით.
ბოლოს წინა პარაგრაფი განიხილავს იმ პერიოდის თეოლოგიურ პრობლემებს, რაც არის ენერგიის დაკავშირება ბუნებასთან ან პიროვნებასთან. მარსელ დუკეს მიხედვით, თეოდორე ფარანელი შეეცადა შეხვედროდა მონოფიზიტებს, ერთი ენერგიის დებულების განსახილველად. ბოლო პარაგრაფზე არც უნდა დავსვათ კითხვა მის ავთენტურობასთან დაკავშირებით, რადგან მასში ნახსენებია (ოთხი დოკუმენტი), გაგზავნილი მარინუსისგან მაქსიმესადმი და, ასევე, იმიტომ, რომ ტექსტი დაწერილია, პიროვნული წერილის სტილში. ჩვენ არ შეუდგებით იმის მტკიცებას დაიკარგა თუ არა ავთენტური ტექსტის ნაწილი, ან შეცვალეს თუ არა იგი გაყალბებული ტექსტით. აღსანიშნავია, რომ პრობლემური ნაწილის გარეშე ტექსტი ავლენს მეტ მორფოლოგიურ სიმწყობრესა და შეინაგან თანმიმდევრობას.
დასკვნა
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული კვიპროსის ეკლესიასთან. აქამდე სხვაგვარად იყო მიჩნეული. მისი შეჩერება კვიპროსში ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე არ წარმოადგენს უბრალო დამთხვევას ან მიღებულ წესს, რომ ეგვიპტეში ან წმიდა მიწაზე მიმავალი მგზავრები აუცილებლად უნდა შეჩერდნენ ამ კუნძულზე. მისი მიმოწერა პრესბიტერ მარინუსთან, კვიპროსის ეკლესიის ეკონომოსთან, ისევე როგორც მოგვიანებით მისი დამოკიდებულება მონოფიზიტებისა და მონონერგისტების ერესთან, ააშკარავებს რომ, უპრიველეს ყოვლისა, მან შეინარჩუნა კარგი დამოკიდებულება ეკლესიის მნიშვნელოვან პირებთან, და მაშასადამე, დაკავშირებული იყო ოფიციალურ ეკლესიასთან და მეორე, ის ასრულებდა პრესბიტერ მარინუსისა და კვიპროსის ეკლესიის თეოლოგიური მრჩევლის როლს უმნიშვნელოვანეს თეოლოგიურ და საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით. საღვთისმეტყველო-პოლემიკური თხზულებების შინაარსიდან ვასკვნით, რომ მაქსიმემ კვიპროსის ეკლესია თავის თეოლოგიური ორიენტაციის ორბიტაზე გადააყვანინა ჯერ კიდევ 640/1 წლის სინოდის კრებამდე. მისი პირველი კონტაქტი კვიპროსის ეკლესიასთან უნდა შემდგარიყო ქიზიყში მცხოვრები კვიპროსელი ემიგრანტების მეშვეობით. პრესბიტერი მარინუსი კვიპროსის ეკლესიის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ჩანს ანგარიშგასაწევი როლი შეასრულა მონოფიზიტებისა და მონოენერგისტების ერესის დოგმების გადაწყვეტილებაში კვიროსის ეკლესიაში ჩატარებული სინოდის დროს. ჩვენ არ ვიცით მარინუსის არც დაბადების და არც გარდაცვალების თარიღი. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ის წმ.მაქსიმეს ასაკისა იყო. 640 წლამდე ის უბრალო ბერია, მოგვიანებით მღვდელი გახდა. შემდეგ დაინიშნა კონსტანტიის საეპისკოპოსოს ეკონომოსად. მარინუსის დაწინაურება მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ბერობის დროს, დიაკვნად და პრესბიტერად კურთხევამდე, სასწავლებლად კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა. იქ ყოფნის დროს შეხვდა წმ.მაქსიმეს, როგორც იმპერატორის პირველ მდივანს, ან როგორც ქიზიკის მონასტრის ბერს და შეინარჩუნა მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა მაშინაც კი, როცა წმ.მაქსიმე ეგვიპტეში იმყოფებოდა. მისი თეოლოგიური ინტერესი და ფართო ცოდნა საეკლესიო საქმეებში ადასტურებს მის ღრმა საღვთისმეტყველო განსწავლულობას. წმ. მაქსიმეს პირადმა საღვთისმეტყველო მხარდაჭერამ და რჩევებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა კვიპროსის ეკლესიაში მართლმადიდებლური რწმენის შენარჩუნებაში.
წმიდა მაქსიმეს მიმოწერა მარინუსისადმი ასახავს იმ დროის ყველა საეკლესიო და თეოლოგიურ პრობლემატიკას. მეათე თეოლოგიური ტრაქტატი შეიცავს გვიანდელ ჩანართს, რომელიც არ ეკუთვინს წმ.მაქსიმე აღმსარებელს. ტექსტის გაყალბება დამტკიცებული იყო უკვე ფერარა-ფლორენციის კრებაზე, რადგან ფილიოკვეს საკითხი ანაქრონოლოგიურად, მაქსიმეს ეპოქისათვის ნაადრევად იყო მიჩნეული. დანართი ტექსტის გულდასმით შესწავლა ამტკიცებს ტექსტის არაავთენტურობას, რომ ნაწერი ეხება უფრო გვიანდელ პერიოდს, ვიდრე წმ.მაქსიმეს ცხოვრების მონაკვეთს.
ავტორი: მიტროპოლიტი ვასილიოსი (კარაიანისი)
თარგმნა: რევაზ კიკნაზემ
ნაშრომი აღებულია წიგნიდან: წმ.მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საეკლესიო კონფერენციების მასალები. ტომი I