„ჩვენს თარგმნაში ბიბლიის ეს ადგილი განიმარტება ასე“- ვისმენთ ამა თუ იმ ეგზოტიკური სარწმუნოებრივი მოძღვრების მქადაგებლებისაგან ქუჩაში ან ინტერნეტის საშუალებით. „არა, კანონიკურ თარგმანში ყველაფერი სხვაგავარად ჟღერს“ — მკაცრად მიუგებს მეორე მქადაგებელი. მაგრამ უბრალო მკითხველი როგორ გაერკვეს, რომელ თარგმანს უნდა ენდოს და რამდენად? ყველა იმოწმებს ბიბლიას, მაგრამ მისი ციტატები ყველასათვის ერთნაირად რატომ არ ჟღერს?
თარგმანი თუ ნათავისარი?
ბიბლიის თარგმნა, მეთოდის თვალსაზრისით, თითქოსდა არ განსხვავდება რომელიმე სხვა ტექსტის თარგმანისაგან- აუცილებელია, მაქსიმალურად ზუსტად გადმოიცეს ორიგინალის ტექსტი. თუმცა ხდება მისი შერყვნაც და განზრახ გაბუნდოვნებაც. მაგალითად, ლევ ტოლსტოიმ შექმნა სახარების ახალი ვერსია იმ განზრახვით, რომ წმინდა წიგნი ხალხისთვის დაეახლოებინა. მიზნის მიღწევისთვის „ არ შეზღუდულა“ და ამოყარა მისგან ყველა სასწაული, მათ შორის, ქრისტეს აღდგომა.
ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესობაა და მთარგმნელებიდან ძალიან ცოტა თუ მიდის ტექსტის ასეთ შეგნებულ ცვილებამდე… თუმცა შესაძლებელია სხვაგვარად, ვთქვათ: არასწორი გაგება ტექსტისა თუ შეგნებული გადახვევა ორიგინალიდან, მთარგმნელის წარმოდგენისამებრ. და როგორ მივხვდეთ, რამდენად სანდოა ახალი თარგმანი?
„თარგმანი ქრისტიანობისათვის აუცილებელია“
პირველ რიგში უნდა გამოვიძიოთ, თუ რატომ უნდა ითარგმნოს წმინდა წერილი? ზოგიერთ რელიგიას ერთი საღვთისმსახურო ენა აქვს. იუდეური და მუსლიმანური რელიგიური ტექსტების გადმოტანა თანამედროვე ენაზე ხდება მხოლოდ ფიზიკური ნაკლის მქონეთათვის (ბრმათათვის, ყრუ-მუნჯთათვის და სხვა) და ბუნებრივია, ამგვარ თარგმანებს არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ იმგვარი სტატუსი, რაც ოროგინალს. და რატომ არის ეს ქრისტიანობაში სხვაგვარად?
ძირითადად ძველი აღთქმა დაწერილი იყო ძველებრაულ ენაზე, ზოგიერთი ნაწილი კი მის მონათესავე- არამეულზე. ყოფაში როგორც ჩანს, სწორედ არამეულზე საუბრობდა თავად მაცხოვარი და მისი პირველი მოწაფეები. მაგრამ ახალი აღთქმის უძველესი ხელნაწერები, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, უმეტესად დაწერილია და შემორჩენილია ძველბერძნულ ენაზე. ეს ენა მაშინ საერთაშორისო სტატუსით სარგებლობდა.
ასე რომ, იესო ქრისტეს მიმდევრებმა იმთავითვე ამჯობინეს არ შეექმნათ ერთადერთი საღვთისმსახურო „წმინდა“ ენა და წერდნენ ისე, რომ იგი გასაგები ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი მკითხველისთვის. თუ ძე ღვთისა განხორციელდა და ადამიანთათვის გასაგებ ენაზე ამეტყველდა, მაშინ სრულიად გასაგები ხდება, რომ ამავე დათმობაზე წავიდნენ მისი მოწაფეებიც.
ქრისტიანობის ქადაგება ამა თუ იმ ერში, ჩვეულებრივ, მათ მშობლიურ ენაზე ბიბლიური წიგნების თარგმნითიწყებოდა. ამავე დროს, ენა ვითარდებოდა, იცვლებოდა და ამის გამო აღმოცენდებოდა აუცილებლობა ახალი რედაქციებისა თუ სრულიად ახალი თარგმანების შექმნისა.გაუგებარი სიტყვა ხშირად ახლით იცვლებოდა, არსებული ვერსია უფრო ავტორიტეტული, ბერძნული ხელნაწერებიდან ივსებოდა.
ამა თუ იმ ენაზე დღეს არსებული ბიბლიის თარგმანები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებულია — ერთნი გულმოდგინედ იძიებენ ყველა ჰიპოთეზას, რაც ამა თუ იმ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობასთან არის დაკავშირებული, მეორენი ცდილობენ, ორიგინალის მშვენიერება თავიანთ მშობლიურ ენაზე პოეტურად გადმოსცენ. მაგრამ ხშირად წმინდა ტექსტები ხვდება შემთხვევითი ადამიანების ხელში, ცხადია, კარგი განზრახვით, მაგრამ არცთუ იშვიათად ეს ადამიანები შორს არიან იმ ცოდნისაგან, რაც ამ საქმის აღსრულებას სჭირდება…
მარად ახალი წიგნი
დღეს მსოფლიოში ბიბლია ის წიგნია, რომელიც ყველაზე ხშირად ითარგმნება. მიუხედავად ამისა, დღემდე რჩება არცთუ ისე ცოტა ენა, რომელზეც არ არსებობს ბიბლიის სრული თარგმანი, ახალი აღთქმაც კი. ბუნებრივია, ავტორების მცდელობა — თარგმნონ ბიბლია, მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმარონ ადამიანებს, ჰქონდეთ ამ წმინდა წიგნების საკუთარი ენობრივი ვერსია.
მაგრამ რატომ ჩნდება სულ ახალ-ახალი თარგმანები იმ ენაზე, რომელზეც ბიბლია უკვე დიდი ხანია ითარგმნა? ინგლისურ ენაზე ბიბლიის უკვე რამოდენიმე ასეული ვარიანტი არსებობს, ხოლო ახალი აღთქმის რუსული ვარიანტები ათეულებს ითვლის… და რატომ?
ძველი თარგმანების სირთულე მის არქაულ ენაში მდგომარეობს, რის გამოც ხშირად ჩნდება თითქოს დაზუსტებული გამოცემები, რომლებიც თავს ნებას აძლევენ და ვითომდა ასწორებენ შესაძლებელ უზუსტობებს ძველ თარგმანებში. თუმცა არცერთ თარგმანს არ შეუძლია სრულად გამოხატოს ორიგინალის სინატიფე.
აი, მაგალითად, როგორ არის აღწერილი იოანე ნათლისმცებელის მსახურება რუსულ სინოდალურ თარგმანში „…მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად და ამბობდა — მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი… ინათლებოდნენ მასთან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს“ (მათე 3, 1-6). მიაქციეთ ყურადღება, როგორ გადმოგვცემენ ამასვე ერთ-ერთი ახალი თარგმანით — „გამოჩნდა იოანე ნათლისმცემელი. მან განაცხადა- „ მოიქეცით ღვთისკენ, ვინაიდან ცათა სასუფეველი უკვე ახლოსაა“. მათ აღიარეს ცოდვები და მან მოსულები იორდანეში განბანა“. მითხარით, სად არის აქ ქადაგება, სინანული, ნათლობა? საქმეც ესაა, მთარგმნელის სუბიექტური აზრით, ეს სიტყვები ძალიან კარგად არის ჩვენთვის ცნობილი და ხშირად რიტუალებთან ასოცირდება, ხოლო ადამიანებმა ამ მოვლენის პირველადი აზრი უნდა შეიცნონ.
მორგება მკითხველზე ?
უნდა ითქვას, ასეთი სტილის (მორგება მკითხველზე) თარგმანები მსოფლიოში მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ჩნდება. აქ უზარმაზარი როლი შეასრულა იმან, რომ ბიბლია აქტიურად ითარგმნებოდა აფრიკის, აზიის და ოკეანის ხალხების მრავალრიცხოვან ენებზე.
XIX საუკუნის შუახანებამდე, თარგმანები, იშვიათი გამონაკლისის სახით, კეთდებოდა ან ინდოევროპული (როგორიცაა ბერძნული) ან სემიტური ( როგორიცაა ებრაული) ენებიდან. ის ენები, რომლებიც არ მიეკუთვნებოდა ამ ორ ოჯახს ( როგორც, მაგალითად, კოპტური და ფინიკიური), განიცდიდა თავისი ინდოევროპული მეზობლის უზარმაზარ გავლენას.
თარგმანში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ენების სტრუქტურას, საიდანაც ითარგმნება და რომელზეც სრულდება თარგმანი. ეს ცხადდება სლავური თარგმანის მაგალითზეც, რომელიც ბერძნულიდან შესრულდა. ორივე ენაში იყო მსგავსი სისტემები ბრუნებისა და უღლებისა და სხვა… მაგრამ ენათა სტრუქტურულ ერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია კულტურათა სიახლოვე. მართალია, ბერძნები, სლავები, ქართველები — ერთნი არ არიან, მაგრამ ეს ხალხები საუკუნეები ცხოვრობდნენ ერთმანეთის მახლობლად, ურთიერთობდნენ და ძალიან ბევრი საერთო შეხედულებები და წარმოდგენები ჩამოუყალიბთად.
ახლა წარმოვიდგინოთ ტომი, მცხოვრები ამაზონის ჯუნგლებში ან წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ამ ტომების ენა კარდინალურად განსხვავდება ყველა ინდოევროპულ ენისაგან, ისევე როგორც მათი ყოფა და კულტურა. ჩვენს შორის არ არის თანახმიერება არა მხოლოდ ბიბლიური ტექსტების გაგებასთან დაკავშირებით, არამედ თვით ყოფით რეალობებშიც. მათთვის უცხოა ქვის სახლები, ქსოვილის შესამოსელი, გამომცხვარი პურიც კი. ასე რომ, მაგალითისთვის როგორ თარგმნით ამ ენაზე სიტყვებს — „უფალი — მწყემსი ჩემი“, თუკი ამ ტომს მოდგმაში არ ჰყოლია მწყემსი? ან როგორ გადავცეთ სიტყვები — „ ტარიგი ღვთისა“, თუკი მკითხველთაგან არავის არასოდეს უნახავს ცხვარი (კრავი), ანდა ყოვლადწმინდა სამების ცნება, თუ მის ლექსიკონში მსგავსი რამ არ არსებობს? ან როგორ უნდა წარმოიდგინონ — „ ცოცხალი წყალი“ ადამიანებმა, რომლებიც იცნობენ მხოლოდ ტროპიკულ ტყეებს, სადაც არასოდეს არის გვალვა, სამაგიეროდ გადაუღებლად წვიმს მიყოლებით, თვეების მანძილზე? ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სიტყვასიტყვითი თარგმანი უბრალოდ შეუძლებელია, უნდა გადაიცეს აზრი ბიბლიური სიტყვებისა და მეტაფორებისა, რაც უნდა შეესაბამობოდეს აუდიტორიის ყოფასა და წარმოდგენებს.
ასე აღმოცენდება ბიბლიის თარგმანთან ახალი მიდგომა, რომელსაც „აზრობრივი“ ან „დინამიკური“ ეწოდება. და არაფერია გასაოცარი იმაში, რომ ასეთი მეთოდიკა თანდათანობით მისაღები გახდა იმ ენებისათვისაც, რომელზედაც ბიბლია უკვე დიდი ხანია ითარგმნა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ევროპელი თუ ამერიკელი გაცილებით უკეთ იცნობს ბიბლიურ სამყაროს, ვიდრე ინდიელი ან პაპუასი, ზოგიერთი მათგანისთვის ძველი თარგმანი დიდი ხანია გადაიქცა იმ საწესჩვეულებო, ნაჩვევ ფორმად, რომელშიც ის, სამწუხაროდ, უკვე ვერ ხედავს განსაკუთრებულ შინაარსს. საჭიროა ითარგმნოს არა ასოები, არამედ ტექსტის აზრი, თვლიან ამგვარი თარგმანის მომხრეები.
თუ მორგება იდეოლოგისათან ?
აზრობრივ თარგმანს ხშირად უწოდებენ ბიბლიის ერთადერთ კითხვად ვარიანტს, მაგრამ არა იმგვარს, რომელსაც მკითხველი ყოველთვის მზადაა ენდოს. აი, მაგალითად, წიგნი, რომელსაც ეწოდება „წმიდნა წერილი, შინაარსობრივი თარგმანი ტაურატისა, წინასწარმეტყველთა წიგნებისა, ზაბირასა და ინჟილასი“. მას მწვანე ყდა აქვს, ოქროსფერი აღმოსავლური მოხატულობით… რა არის ეს? ეს არის ბიბლია რუსულ ენაზე და მიეკუთვნება იმ მუსლიმებს, რომლებიც შუა აზიაში ცხოვრობენ და რუსულად კითხულობენ. მათ გამო ამ თარგმანში უარყოფილია ყველა ქრისტიანული ტერმინი და შეცვლილია თვით იესო ქრისტეს სახელიც მას ისო მასიხს (ორივე სიტყვა ამოღებულია ყურანიდან) უწოდებენ. ყველაზე უფრო საკამათო მათ გადაწყვეტილებაში არის ის, თუ როგორ გამოხატავენ ისინი ტერმინს-„ ძე ღვთისა“. მუსლიმური ღვთისმეტყველებისათვის უფლის სახელის ამგვარი გაგება სრულიად უცხოა, რის გამოც ხსენებული თარგმანი აკეთებს მცირე ჩართვას- „ სულიერი შვილი ღვთისა“. მართალია, სიტყვა „სულიერი“ ჩასმულია ბრჭყალებში, მაგრამ ტრადიციული ქრისტიანობისათვის ეს სიტყვა სრულიად მიუღებელია, რამდენადაც იგი ამდაბლებს ქრისტეს ღვთაებრიობას, ერთარსი ძისაგან ტოვებს მხოლოდ ნაშვილებ ადამიანს, შესაძლებელია — ერთს მრავალთაგან.
ბოლო დროს ჩნდება უფრო მეტი და მეტი იმგვარი თარგმანი, რომლებშიც წმიდნა წერილის აზრი ამა თუ იმ იდეოლოგიურ ჩარჩოშია მოთავსებული. ჩნდება ფემინისტური, აფროამერიკული და სხვა მსგავსი ვერსიები. მაგალითად, თანამედროვე ინგლისურ თარგმანებში მიღებულია ტერმინი — gender-in-clusive, რაც გულისხმობს — არ მიეცეს არანაირი უპირატესობა მამრობით სქესს მდედრობითთან მიმართებაში. ასეთ თარგმანებში „ისრაელის ძეთა“ ნაცვლად ნათქვამია — „ ისრაელის შვილები“ ან „ისრაელიანები“ ( ამ კერძო შემთხვევაში თითქოს არაფერია საშინელი, მაგრამ ზოგიერთი უფრო შორს მიდის და ღმერთს უწოდებს არა მამას, არამედ მშობელს, ვოთომდა იმისათვის, რომ არ დამცირდეს დედა).
ახლა „ქებათა ქება“? „შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი“ (1,4)- ვკითხულობთ მასში. ეს სიტყვები, აღმოჩნდა, რომ შეურაცხყოფს შავკანიენებს, თითქოს სიშავე ხელს უშლიდეს მშვენიერებას და ითხოვენ, ეს სიტყვები ასე თარგმნონ- „შავი ვარ და მშვენიერი“ და მრავალი ინგლისურენოვანი მთარგმნელი თანხმდება ამ შემოთავაზებას. ეს კი, უბრალოდ, სიბრიყვეა. აქ სუბარია არა რასობრივ სხვაობაზე, არამედ იმის შესახებ, რომ ქალწულმა ბევრი იმუშავა მზეზე (რადგან ვენახს უვლიდა) და ახლა არ შეუძლია გაუტოლდეს სოლომონის პალატთა კანთეთრ ქალბატონებს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ზოგიერთი თარგმანი მოწოდებულია გადაატრიალოს ესა თუ ის საღვთისმეტყველო შეხედულება. მათი ავტორები უხერხულობას არ გრძნობენ, თუკი ამის გამო ორიგინალის შეცვლა მოუხდებათ. ამგვარი დამოკიდებულებით განსაკუთრებით გამოირჩევიან ე.წ. „იეჰოვას მოწმეები“. მაგალითად, კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში ქრისტეს შესახებ პირდაპირაა ნათქვამი- „მასში შეიქმნა ყოველი“ (1,16). მაგრამ ეს სიტყვები ეწინააღმდეგება „იეჰოვას მოწმეების“ სწავლებას, რომლის მიხედვითაც ქრისტე ღმერთის პირველი ქმნილებაა და თავად არ არის არანაირი შემოქმედი და ღმერთი. და რა ჰქნეს? თარგმანში ჩაამატეს ერთი პატარა სიტყვა — „ მასში შეიქმნა ყველაფერი დანარჩენი“ ანუ, თავიდან შეიქმნა თავად ის (ქრისტე) და შემდეგ უკვე მან შექმნა მთელი სამყარო.
აი, ამის გამოა, რომ დღეს ადამიანები უნდოდ ეკიდებიან ახალ თარგმანებს და ხშირად ეს უნდობლობა გამართლებულია. ღვთის სიტყვა წაუბილწავია და ახალი თარგმანი მაშინ წარმოაჩენს თავის მადლმოსილებას, როცა იგი კეთილსინდისიერად იქნება შესრულებული.
შესაძლებელია, მრავალი თარგმანი მეტნაკლებად წარმატებულია. მაგრამ ყველა მათგანი, საუკეთესო შემთხვევაში, წარმოადგენს ხიდს, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას- დაძლიოს ენობრივი და კულტურული უფსკრული და გაემართოს ღმერთთან შესახვედრად. შედგება თუ არა ეს შეხვედრა — თავად ადამიანზეა დამოკიდებული.
ავტორი: ანდრეი დესნიცკი