გრიგოლ პალამას თხზულებების ისტორიული მნიშვნელობა

გრიგოლ პალამას თხზულებების ისტორიული მნიშვნელობა

ეკლესიის ისტორიაში ცნობილია ვარლაამ კალაბრიელის და წმინდა გრიგოლ პალამას პაექრობა, რომელიც თავდაპირველად ღვთის შემეცნების მეტად საფრთხილო საკითხს ეხებოდა. შემდეგ კი ვარლაამმა იესოს ლოცვის სამონასტრო პრაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, ამან გამოიწვია უფლის სწავლების მთავარ საფუძვლებსა და ადამიანის ბედზე წამოეწყოთ მსჯელობა. საბოლოოდ პაექრობა პალამიზმის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც 1341,1347 და 1357 წლების საეკლესიო კრებების დადგენილებებით გამყარდა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ბერების გარკვეული წრისათვის, არამედ მთლიანად მარლთმადიდებელი სამყაროსათვის.

კალაბრიელმა ბერმა დასავლეთიდან მოიტანა ( როგორც ზოგჯერ მიიჩნევდნენ) არა კათოლიკობის გავლენა, არამედ კულტურის სეკულარიზაციის ძირითადი პრინციპები, რომლებიც დაკავშირებული იყო იტალიურ აღორძინების ხანასთან. მისი როგორც წარუმატებლობის, ასევე გამარჯვების ნათელი გამოვლინება იყო წმინდა გრიგოლ პალამას მოძღვრება, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ბიზანტიის, არამედ სხვა მარლთმადიდებელი ქვეყნებისთვის. ეს ფაქტი შესანიშნავადაა წარმოჩენილი დ.ს. ლიხაჩოვის მიერ: „ აღმოსავლეთში წინარე აღორძინება ვერა და ვერ გადაიზარდა აღორძინებაში“.

იმ რელიგიური და საღვთისმეტყველო მოძრაობის მართებული ისტორიული როლის გაგებისათვის, რომელსაც ჩვეულებრივ „ისიქაზმს“ უწოდებენ, აუცილებელია განიმარტოს რამდენიმე გაუგებრობა, რომელიც თავად ამ ტერმინთანაა დაკავშირებული. იგი სულ ცოტა ოთხი განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება ხოლმე. უკვე ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაში ეს ტერმინი გამოიყენება განდგომილობის, მარტოდმყოფობის აღსანიშნავად, ანუ ბერმონაზვნობის ისეთ ფორმას ეწოდება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დიდ მონასტერში არსებული საერთო ცხოვრების წესისაგან. ისიქასტი — უფრო ვიწრო მნიშვნელობისაა და მდუმარებას გამოხატავს. XIII-XIV სს. -ში ისიქაზმი ფსიქო-სომატური მეთოდებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული იესოს ლოცვის შემოქმედებასთან და იგი მიუთითებს არა კონკრეტულად განდგომილ ბერობაზე, არამედ სულიერი ცხოვრების გარკვეულ სკოლაზე, რომლის გამოვლენაც შესაძლებელია როგორც საერთო მონასტრულ ცხოვრებაში, ასევე ერში.

თანამედროვე ლიტერატურაში თავად წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველების საკითხში, მისი სწავლება შეუქმნელი ენერგიების შესახებ, განისაზღვრება, როგორც ისიქაზმი, თუმცა პალამა ამ სწავლებაში ხედავდა მხოლოდ და მხლოდ წმინდა მამათა ღვთისმეტყველების სწავლებას- უფლის ურთიერთობას თავის შექმნილ სამყაროსთან. და ბოლოს, ისიქაზმის გაგება კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება მთლიანად მარლთმადიდებლურ მოძრაობაში, რომელიც XIV საუკუნის მეორე ნახევარში გაავრცელა და ძლიერი გავლენა ჰქონდა, ერთი  შეხედვით, აღმოსავლეთ ევროპაზე. ეს ოთხი შეუსაბამო სიტყვათგამოყენება აუცილებელია გავარჩიოთ ერთმანეთისაგან თუნდაც იმიტომ, რომ მართებულად განსაზღვროთ ისიქაზმი ( იქნება ეს ვიწრო თუ ფართო გაგებისა) და სხვა საერთო მონასტრული ცხოვრების წესის გამოვლინებები.

განდგომილობა ან მდუმარება ( ანუ ისიქაზმი -ამ სიტყვის ზუსტი და თავდაპირველი მნიშვნელობა) პალამას ღვთისმეტყველებაში აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს. ამასვე იზიარებდნენ ისეთი ტიპის საეკლესიო და საერო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ პატრიარქი ფილოთეოსი და იმპერატორი იოანე კანტაკუზელი.

უკანასკნელ წლებში ხელოვნებადმცოდნეებში აქტიურად განიხილებოდა ისიქაზმის გავლენის საკითხი ე.წ. პალეოლოგიურ რენესანსულ კულტურაზე, ასევე ისეთი ბუმბერაზი შემოქმედების ქმნილებებზე, როგორებიც იყვნენ თეოფანე ბერძენი და ანდრეი რუბლიოვი.

ზოგიერთი ავტორი უარყოფითად აფასებს ისიქაზმის გავლენას. ისინი თვლიან, რომ 1341 და 1351 წლების საეკლესიო კრებებზე მიღებულმა გადაწყვიტელებებმა შეწყვიტა აღმოსავლეთში დაწყებული რენესანსი და ხელოვნების ფორმის გამოფიტვამდე მივიდნენ. სხვები, პირიქით, ბიზანტიასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელოვნების გამოღვიძებას სწორედ ისიქაზმს მიაწერენ. თუმცა ორივე ერთდროულად ეწინააღმდეგება პალამისეულ „დოგმატურ“ ისიქაზმს ( რომელიც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგებოდა „ ჰუმანიზმს“ და ამიტომ „ შეაფერხა კულტურული განვითარება ბიზანტიაში“) – „ ჭეშმარიტ“ ისიქაზმს, რომლის წარმომადგენლებიც (წმინდა გრიგოლ სინელი, წმინდა სერგი რადონეჟელი) თითქოს სრულებით არ ინტერესდებოდნენ „დოგმატებით“, მაგრამ, სამაგიეროდ, მრავალ შემოქმედთა ბიძგის მიმცემნი იყვნენ. არიან ისეთი მკვლევარებიც, რომლებიც თავს იკავებენ კონკრეტული შეფასებებისაგან, კერძოდ-რა გავლენა მოახდინა ისიქაზმა საეკლესიო ფერწერაზე.

„ტრიადის“ ტექსტის ანუ წმინდა გრიგოლ პალამას ძირითადი მანიფესტის უფრო ღრმა გაცნობა უცილობლად დაეხმარება მკვლევარებს უფრო ზუსტ დასკვნებამდე მივიდნენ და გაიგონ ისიქაზმის ბუნება, მისი ურთიერთობა ხელოვნებასთან. ეჭვგარეშეა, რომ თეოფანე ბერძენისა და ანდრეი რუბლიოვის შემოქმედება სწორედ ამავე მოძრაობას და მარლთმადიდებელი კულტურის  შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება. ბიზანტიური „წინააღორძინების“ ხანა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც გადავიდა და აქ მდიდარი ნაყოფი გამოიღო. მაგრამ ისიქაზმის ეს ნაყოფიერება არ გამორიცხავს სხვა იდეების გამარჯვებასაც ბიზანტიაში. აქ ვარლაამისა და სხვა ბიზანტიელი ჰუმანისტების მიერ ელიტარული ელინიზმი იქადაგებოდა. მათ კულტურული შემოქმედება წინარენესანსულიდან ნამდვილ რენესანსამდე მიჰყავდათ, ანუ ანტიკურის სეკულარიზაციამდე.

წმინდა გრიგოლ პალამა და მისი მოწაფეები ამ გადასვლის აქტიური მოწინააღმდეგეები იყვნენ. პალამისტების გამარჯვებამ მართლაც შეაჩერა ბიზანტიაში კულტურის სვლა „ელინიზმისა“ და სეკულარიზებული რენესანსისაკენ.

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ბიზანტიაში რელიგიური და კულტურული განვითარება კონსტანტინეპოლში პალამიზმის გამარჯვებასთანაა დაკავშირებული, რომელიც მიეკუთვნებოდა როგორც ისიქაზმს, ასევე საერთოდ ბერმონაზვნობას, თუმცა მნიშვნელოვან როლს მასში მაინც ნამდვილი განდგომილი ბერობა თამაშობდნენ. ამ მოძრაობას უერთდებოდნენ საზოგადო მოღვაწეები, იერარქები, ფერმწერები. ყველას აერთიანებდა იმ რელიგიური და საღვთისმეტყველო ჭეშმარიტების ცხოველმყოფელობა, რომელიც ყველაზე უკეთ პალამას „ტრიადებშია“ გამოვლენილი. უფალთან რაციონალური აზროვნების კატეგორიებით ვერ მივალთ, (მით უფრო რაიმე მიწიერი ფასეულობით), ის ყველაფერზე მაღლაა, რისი წარმოდგენაც კი შეუძლია მასზე ადამიანს. მაგრამ, ამასთან, უფალს უყვარს ადამიანი და სამყარო. ამიტომ, თავისივე ნებით გამოდის თავისი მიუწვდომლობიდან და ეცხადება კაცს. ადამიანიც ასევე თავისი ბუნებით ფლობს „საკუთარი თავიდან გამოსვლის“ უნარს, ანუ მას შეუძლია მიიღოს იგი, ვინც მასზე მაღლაა. ამაშია მისი მოწოდება-გახდეს შექმნილი სამყაროს გვირგვინი, რადგან საკუთარი თავიდან გამოსვლა ჩვეულებრივ სამყაროსთან განხეთქილებას კი არ იწვევს, არამედ პირიქით, მასში დაბრუნებას, მის ფერისცვალებას და სიკვდილისა და ბოროტებისაგან ხსნას ბადებს.

იესო ქრისტეს მიერ გამოხსნილი და ფერნაცვალი კაცობრიობა არის მიზანი და იმედი ყოველი ადამიანისა. კაცი ეკლესიაში პოულობს შვებას, განახლებას, ანუ ესაა ზიარება ერთადერთ და ჭეშმარიტად მარადიული სიცოცხლესთან. აქ იგი ამარცხებს სიკვდილს და თავისი სამყაროს გადასარჩენად ახალ სასიცოცხლო ძალებს იკრებს.

გამოხსნილ და უფლის მიერ შეყვარებულ კაცობრიობაზე არსებული ეს განცხადება წარმოადგენს მრავალი ლიერატურული ძეგლისა და საეკლესიო პოეზიის, ასევე გენიალური ხატებისა და ფრესკების საგანს, რომლებიც XIV საუკუნის ბოლოსაა შექმნილი. ისინი გამოსცემენ ზეციურ ნათელს ტაძრებსა და ადამიანთა სახლებში. უფლის კაცობრიობისადმი სიყვარულის სწორედ ამ გამოცხადებას იცავდა წმინდა გრიგოლ პალამა, როცა ნომინალური აგნოსტიციზმის წინააღმდეგ ილაშქრებდა, რომელიც იტალიიდან ვარლაამ კალაბრიელმა მოიტანა ბიზანტიაში.

 

ავტორი: დეკანოზი იოანე მეიენდორფი

მთარგმნელი: თამარ ასათიანი