შეუძლია თუ არა ღმერთთან ურთიერთობა ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს გაექცა? ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მათ მორწმუნე პაციენტებს განსაკუთრებულად ემუქრებათ საფრთხე _ საკუთარი თავი მხედველობის არედან დაკარგონ. იმის შესახებ, თუ რატომ არ არიან მზად მართლმადიდებლები თავიანთ თავთან შესახვედრად, რის შედეგადაც ღმერთთან პირადი შეხვედრა არ ძალუძთ, გვესაუბრება მარინა ფილონიკი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მოსკოვის განათლების განვითარების ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და მასწავლებელი.
მომჟავო სახეები, წელში მოხრილი პოზები, აფრატუნებული ფეხები – არცთუ იშვიათად გრძელი, უფორმო ქვედაკაბები, ჩამქრალი თვალები, დაღლილობა ან სიბრაზე, წესების ზედმიწევნითი აღსრულება, სხეულის (ხშირად გამოხედვისაც!) დაძაბულობა… სიხარული კი მხოლოდ წელიწადში ერთხელ _ აღდგომას.
და კიდევ _ წესიერება _ საუკეთესოთა მნიშვნელოვანი მახასიათებელი, როცა ყველაფერი სწორად უნდა იყოს: გარეგნობა, საუბარი, ქცევა, განსაკუთრებით ტაძარში, ტრადიციების დაცვა _ ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ასეთი არ ხარ და ასე არ იქცევი? შედეგები იოლად გამოსაცნობია.
რატომაა ასე ნაცნობი ეს დამთრგუნველი პორტრეტი? ესაა მართლმადიდებლობა? ქცევის ნორმების კრებული, მეტყველების კულტურა სპეციფიური საეკლესიო სიტყვებით, დრეს-კოდი, შენიანი და სხვისიანი, აღასრულებ თუ არღვევ – ესაა ქრისტიანობა? რატომაა, რომ ტაძარში შესული ესოდენ იშვიათად შეხვდები ნათელ, კეთილ, ცოცხალ ან თუნდაც, უბრალოდ, მშვიდ ადამიანებს?! `ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას~ (იოანე 13, 35).
რაც უფრო ახლოს ხარ საკუთარ თავთან, მით უფრო უახლოვდები ღმერთს
ახლა ჩვენს თავს ნება მივცეთ, ზედმიწევნითი არგუმენტები არ წარმოვადგინოთ ამ თეზისისა, რომელიც საკუთარ თავზე, კლიენტებსა და ნაცნობებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად იშვა და კოლეგებთან და მეგობრებთან ხანგრძლივი მშფოთვარე დიალოგებით ჩამოყალიბდა.
თუ მე არ ვიცი, ვერ ვგრძნობ და ვერ გავიაზრებ საკუთარ თავს, მაშინ შედეგად სხვადასხვა ცრუ ცვლილებებში, მითებსა და ილუზიებში ვიძირები, საგნებს არასწორ სახელებს ვარქმევ. სწორედ ასევე ვურთიერთობ სხვა ადამიანებთან და ღმერთთან _ დამახინჯებულ წარმოდგენათა პრიზმის გავლით, თავისებური სიყრუითა და სიბრმავით.
საკუთარ თავსა და სხვასთან შეხვედრის გარეშე ვრჩები ილუზიაში, რომ ჩემი ცრუ ჩანაცვლებები ჭეშმარიტებაა. რელიგიურ სფეროში ეს ფენომენი განსაკუთრებულ ტრაგიზმს იძენს, როცა ასეთ `ჭეშმარიტებებში~ დარწმუნებულობა ურყევი ავტორიტეტითაა განმტკიცებული. პრაქტიკაში ეს გამოიხატება სხვადასხვაგვარ კარიკატურებში ქრისტიანობის შესახებ, სადაც ყველაზე საშინელი იმაში დარწმუნებულობაა, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავართ. ტიპიური ილუსტრაციაა `ფარისევლობა~, რომელიც დღემდე ცოცხლობს ეკლესიის კედლებში.
ქრისტესთან შეხვედრის გარეშე ჭეშმარიტი რელიგიურობა შეუძლებელია _ ახლა ამაზე აღარ კამათობენ. სხვათა შორის, მეუფე ანტონ სუროჟელი აღნიშნულ საკითხს უდიდეს ყურადღებას უთმობდა. ის თავად იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ასეთი შეხვედრით, რომელსაც ქრისტესთან უკიდურესად პირადი და პატიოსანი ურთიერთობა ჰქონდა.
ჩვენი განხილვის მიღმა დავტოვოთ მისტიური ასპექტი, შეხვედრის საიდუმლო, მადლის მოქმედება _ ის ყოველივე, რაც ღვთის პოლუსზეა. ნებისმიერი შეხვედრისას ორივე აქტიურია და ჩვენ შეგვიძლია, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც ეკუთვნის ადამიანს, როგორც ამ დიალოგის ერთ-ერთ მონაწილეს, კერძოდ იმას, თუ რა უშლის ხელს ასეთ შეხვედრას.
როცა შევძლებთ, სულის სიღრმიდან ვთქვათ: `ჩემი გული მზადაა, ღმერთო, მზადაა ჩემი გული~, შენ წინაშე ვდგავარ ისეთი, როგორიც ვარ, მთელი ჩემი უძლურებებით, ტკივილით, გამოფიტულობით, შიშებით, წყენებით, უსუსურობით, შესაძლოა, რწმენისა და იმედის გარეშეც, რამეთუ ახლა ჩემი მდგომარეობა ასეთია და პატიოსნად მომაქვს ასეთი ჩემი თავი შენ წინაშე, გეძებ და გელი — მაშინ შეხვედრის ალბათობა მაღალია, რამეთუ მისი ერთ-ერთი უმთავრესი პირობა გულწრფელობა, პატიოსნება და გახსნილობაა.
ცრუ ჩანაცვლებები ხშირად გაუაზრებელია
თითქოსდა უბრალო და გასაგებია _ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე შეგნებულად აპირებდეს ღვთის მოტყუებას; ცხადია, რომ ლოცვა გულწრფელი, ცხოვრება ნამდვილი, ადამიანებთან ურთიერთობა _ დასაწყისში უბრალოდ, პატიოსანი და მოწესრიგებული უნდა იყოს.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დღეს მივეჩვიეთ ძალზე ბევრი რამის კეთებას პრაქტიკულად გაუაზრებლად, დაუფიქრებლად, თვალდახუჭული, სირაქლემას ან პატარა ბავშვის მსგავსად: თუ მე ვერ ვხედავ, მაშასადამე, არც არსებობს. ამ მოვლენის მასშტაბი კი უკიდურესად ვრცელია.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრება აღსავსეა ათასგვარი ცრუ ჩანაცვლებებით, სიცრუით, ხშირად გაუაზრებელი, ზოგჯერ კეთილგონივრულად წარმოჩინებული თავის მოტყუებითა და სხვა სიმახინჯეებით, რომლებიც იმდენად ნორმად დამკვიდრდა, რომ მათი ამოცნობა ძალისხმევის შემთხვევაშიც კი იოლი როდია.
საკუთარი გრძნობების გააზრების სირთულე პატიოსანი ურთიერთობებისთვის დაბრკოლებაა
ნებისმიერი ფსიქოლოგის პრაქტიკაში მოიძებნება არაერთი მაგალითი, როცა დიალოგის ორივე მონაწილის გულწრფელი მცდელობისას, პროფესიული დახმარების აღმოჩენისას, ნდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროში მაინც რთულია საკუთარი ნამდვილი გრძნობების შეცნობის საფეხურზე ასვლა.
ყველაზე მარტივი მაგალითია, როცა კითხვაზე, თუ რას გრძნობს ადამიანი, მას შეუძლია უპასუხოს ან: `არ ვიცი~, ან დაახლოებით ასე: `ცუდად/კარგად ვარ~, `უარყოფითი/დადებითი ემოცია მაქვს~ და ა. შ. ემოციისთვის სახელის დასარქმევად სიტყვების მარაგის უკმარისობას და, როგორც შედეგი, საკუთარი გრძნობების გააზრების სირთულეს ფსიქოლოგიაში ალექსიტიმია ჰქვია და ამა თუ იმ ზომით ხშირად გვხვდება.
ალექსიტიმიურობა სხვადასხვა სახის ცრუ ცვლილებების ერთ-ერთი მიზეზია. შეიძლება ადამიანი გაბრაზდეს, გული დასწყდეს, აღშფოთდეს, წუხდეს და ამ დროს ფიქრობდეს, რომ მშვიდადაა ან, უბრალოდ, ოდნავ აღელდა.
მახსენდება შემთხვევა, როცა კლიენტი, ახალგაზრდა მამაკაცი, ერთი საათის განმავლობაში ძალზე აღშფოთებული ყვებოდა თავის ყოფილ მეგობარ გოგონაზე, უამრავი საბრალდებო არგუმენტი მოჰყავდა მასზე და კონსულტაციისას ბრაზისგან დუღდა. ფსიქოლოგის არაერთი ფრთხილი დამაზუსტებელი კითხვისას, რომ ის, შესაძლოა, გაბრაზებული, განაწყენებული, აღშფოთებულია, რომ შესაძლოა, გოგონას საქციელი მასში უკმაყოფილებას ან მრისხანებას იწვევს, კლიენტი ამას ყოველ ჯერზე დარწმუნებით უარყოფდა. ის მხოლოდ შეხვედრის დასასრულს დაფიქრდა იმაზე, რომ შესაძლოა, მართლაც ოდნავ აღშფოთდა ან გაბრაზდა.
აქ საუბარი არაა ფსიქიურ დარღვევაზე ან ავადმყოფობაზე, უბრალოდ, ადამიანმა ჯერ კიდევ ვერ ისწავლა საკუთარი თავის მოსმენა და თავისი განცდების შეცნობა. მაგრამ, შესაძლოა, ასეთი შეუცნობლობა დაბრკოლება გახდეს პატიოსანი ურთიერთობებისთვის, მათ შორის, ღმერთთანაც. როცა ფარისეველი ჰმადლობს ღმერთს იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს არ ჰგავს (ლუკა 18, 11), მას საკუთარი სიმართლისა გულწრფელად სჯერა, ნამდვილად ვერ ხედავს საკუთარ თავს რეალურად (მეზვერისგან განსხვავებით) და, სავარაუდოდ, ასევე გულწრფელად მადლიერია.
რატომ უჭირთ განსაკუთრებით მორწმუნეებს საკუთარი თავის მოსმენა?
შესაძლოა, საეკლესიო წრეში ყველაფერი ისე არაა, როგორც საჭიროა? შესაძლოა, `სოფელი ესე ბოროტებასა ზედა სდგას~ და სიცრუეზეც, მაგრამ ეკლესიაში მოსული ადამიანები საკუთარი თავის ჭვრეტას მაინც იწყებენ? ხომ არსებობს რეგულარული აღსარება, თვითდაკვირვების პრაქტიკა, თვითდისციპლინა, საიდუმლოებები, ბოლოს და ბოლოს, _ სამართლიანად აღნიშნავს კრიტიკული მკითხველი.
სამწუხაროდ, `შინაგანი პატიოსნება სწორედ რომ მართლმადიდებლებს აქვთ სუსტი~ (მაია კუჩერსკაია). ალექსიტიმიურობის გარდა, ისეთი გრძნობების შეუცნობლობის მიზეზი, როგორიცაა მრისხანება, გაღიზიანება, უკმაყოფილება, შური, ეჭვიანობა, წყენა და ამის მსგავსი, არის კონფლიქტი ამ არაწესიერი გრძნობებისა რელიგიურ დარწმუნებულობასთან იმის თაობაზე, თუ რომელი გრძნობებია ცოდვიანი. ასეთი კონფლიქტის გასაძლებად პირადი ძალები საკმარისი არ არის, ანუ საკუთარი თავის წინაშე გამუდმებით პატიოსნად იმის აღიარებისთვის, რომ მე, ღვთისმოსავი ქრისტიანი, ამ ყოველივეს მართლაც განვიცდი. მაშინ კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე ქვეცნობიერში განიდევნება _ ადამიანი, უბრალოდ, ვერ გაიაზრებს, რას გრძნობს; მაშინ ცნობიერში კონფლიქტიც აღარ არის _ შესაბამისად, აღარც პრობლემაა.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს განცდები არსად ქრება, ადამიანს შიგნიდან ხრავს, ოღონდ ის ამას ვეღარ ხედავს და მშვიდდება ილუზიით, რომ უკვე უბოროტო და უკონფლიქტო ადამიანია.
იოლი გასახსენებელია, მაგალითად, გამძვინვარებული ბებიების, წესიერების მოშურნეთა ფენომენი ტაძარში, რომლებიც, რასაკვირველია, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით აღსავსენი არიან; ამიტომაც კბენენ ყოველ შემომსვლელს, ვინც დადგენილ ტრადიციებს არღვევს. გაუცნობიერებლობა და უუნარობა იმისა, რაიმე კონსტრუქტიული ფორმით გამოხატონ დაგროვილი ემოციები _ იწვევს გამუდმებულ, შეიძლება ითქვას, `ფონურ~ გაღიზიანებას, იმედგაცრუებასა და შფოთს. უფრო მეტიც, სერიოზულ სირთულეებს საკუთარ თავთან, ადამიანებთან, ღმერთთან.
უნდა აღინიშნოს, რომ ნორმებისა და წესების ყოველგვარი ავტორიტეტული სისტემა მკვეთრი განსხვავებით, თუ `რა არის კარგი და რა _ ცუდი~, ბევრი ადამიანისთვის ჩაცემენტებული მასალაა, საკუთარ ჭეშმარიტ რეალობასთან შეხვედრას აბრკოლებს, უკვე არსებულ ცრუ ცვლილებებს განამტკიცებს და ახლებსაც ამატებს. ეკლესია გამონაკლისი არ არის.
ამ აზრით მე და ჩემი კოლეგები (მორწმუნე ფსიქოლოგები) ხშირად მტკივნეულად ვიცინით ჩვენს კლიენტებზე საუბრისას: `ოჰ, ეს მართლმადიდებლები~ _ და ვგულისხმობთ, თუ რა მძიმეა ზოგჯერ მათთან მუშაობა, რადგან სხვადასხვაგვარი არაჯანსაღი პიროვნული გამოვლინებანი და დამახინჯებანი განმტკიცდება გამორჩევითი კითხვით ბიბლიისა, წმიდა მამებისა, ხშირად მოძღვრის სიტყვებისაც კი.
მაგალითად, ყველაზე ხშირი არგუმენტი მორწმუნეებისა, რომლებსაც თანადამოკიდებულება (*1) სტანჯავთ, არის ის, რომ ბოლომდე უნდა დაითმინო და ზიდო საკუთარი ჯვარი. ზოგჯერ ასეთი ადამიანისთვის ადგილიდან დაძვრა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ეკლესიაში ახლადმოსულისა.
ქრისტიანობა ადამიანებს მოუწოდებს, უკიდურესად პატიოსანი დამოკიდებულება ჰქონდეთ ღმერთთან, მთელი სახარების ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი ფარისევლობის მხილებაა, აშკარა ცრუ ჩანაცვლება შინაგანისა გარეგნულით.
გადავხედოთ ჩანაცვლების რამდენიმე ტიპიურ მაგალითს, რათა შემდგომ ამ მოვლენის ფსიქოლოგიური მექანიზმი გავაანალიზოთ.
ჩანაცვლების ფსიქოლოგიურ ბუნებაზე _ საკუთარი თავის მიუღებლობა, პირობითი სიყვარული და შინაგანი გახლეჩა
ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის მომმართა 27 წლის ეკლესიურმა გოგონამ (სახელად ელენე დავარქვათ) კითხვით, რომელიც პროფესიული თვითგანსაზღვრის სირთულეებს ეხებოდა.
ის სრული აღნაგობის იყო, აქტიური, მუშაობდა საქველმოქმედო ფონდში, მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, დაინტერესებული იყო ფსიქოლოგიით, მჭევრმეტყველად ყვებოდა, თუ როგორ მოსწონს სხვადასხვაგვარი ჯგუფური მეცადინეობები ბავშვებთან თუ უფროსებთან; გარეგნულად ენერგიული იყო, უჩიოდა გადაღლილობასა და გამოფიტულობას, აპათიას და ზოგადად, სამუშაოთი უკმაყოფილო იყო… სასხვათაშორისოდ, თითქოსდა საუბარში, არაერთგზის ახსენა, რომ გარეგნულად მიმზიდველი არ არის, რასაც, თითქოსდა, არ უჩიოდა.
ფსიქოლოგის ინიციატივით გარეგნობის თემაში ჩაღრმავებისას აღმოჩნდა, რომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სექსუალური მიმზიდველობა იყო, ამას ავადმყოფურად განიცდიდა, რადგან უკვე რამდენიმე წელია ეკლესიაში დადიოდა და, შესაბამისად, გარკვეულ დისტანციას იკავებდა მამაკაცებთან ურთიერთობაში, მაგრამ სწორედაც რომ სექსუალურად მიმზიდველობა მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო.
_რას ნიშნავს თქვენთვის, როცა სექსუალურად მიმზიდველი ხართ?
_ვხედავ, რომ მოვწონვარ მამაკაცს, _ თვალები აენთო და დადუმდა,… _ ამ დროს მასზე ძალაუფლებას ვგრძნობ.
_თქვენთვის მნიშვნელოვანია გრძნობდეთ, რომ მამაკაცზე ძალაუფლება გაქვთ და სიტუაციას ფლობთ?
_დიახ, მაშინ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ და ვგრძნობ, რომ მას ვჭირდები, რადგან მისთვის მიმზიდველი ვარ, _ გოგონა შთაგონებული იყო და ჩვენ თვალწინ იფურჩქნებოდა.
_ანუ გსურთ, თავს საჭიროდ გრძნობდეთ?.. თქვენ მართლა გსურთ, რომ სხეულის გამო გაფასებდნენ? ფიქრობთ, რომ თუ ფიზიკურად სჭირდებით, მაშინ მთლიანადაც უნდიხართ? სწორად გაგიგეთ?
პაუზა…… თვალები აუწყლიანდა.
_აბა როგორ? ეს რაღაც მაინც არის…
_ანუ ისე, ასეთი, როგორიც ხართ, შეუძლებელია ვინმეს შეუყვარდეთ? ასეა? _ წყნარად, ნელა და ფრთხილად ჰკითხა ფსიქოლოგმა.
გოგონა გაჩუმდა, თავი დაუქნია და ატირდა.
შემდგომ დიალოგს ძალზე გავრცელებულ სიტუაციამდე მივყავართ. შეიძლება ითქვას, რომ ელენე პრაქტიკულად დარწმუნებული იყო, რომ `უბრალოდ~ მისი შეყვარება შეუძლებელია. ამის მიღმა დგას საკუთარი თავის მიუღებლობა: მე ვარ ასეთი, როგორიც ვარ, საშინელი, ცუდი, არაფერს წარმოვადგენ და ა. შ. არსებობს ფორმულირების სხვა ვარიანტებიც, მაგრამ, როგორც წესი, მათ განზოგადებული და ნაკლებად მნიშვნელოვანი ხასიათი აქვთ. მაგალითად, არა ის, რომ `რაღაც კონკრეტულ საქმეს ცუდად ვაკეთებ~, არამედ _ `ცუდი ვარ~.
ფსიქოლოგიურად გადარჩენისთვის ამ ადამიანს უწევს, გამუდმებით რაღაცას მიაღწიოს, მხოლოდ აშკარა მიღწევები აგრძნობინებს, რომ მისი ცხოვრება გამართლებულია _ ფრიადები სკოლაში, კონკურსებში გამარჯვება, კარიერაში ან პირად ცხოვრებაში წარმატება, საერთოდ, ყოველგვარი წარმატებულობა (მისი ფორმები ნებისმიერი შეიძლება იყოს) აგრძნობინებს, რომ სიცოცხლის უფლება აქვს.
ელენე პროექტების წარმატებული მენეჯერი იყო, მაგრამ ეს სამუშაო ძალზე ღლიდა და ფიტავდა, არ აკმაყოფილებდა, თუმცა წარმატებული შედეგები გარკვეულწილად ახარებდა. რატომ? იმიტომ, რომ მოტივაცია ჩანაცვლებულია _ ადამიანი იმას კი არა აკეთებს, რაც სინამდვილეში აინტერესებს, არამედ იმას, რაც წარმატების შეგრძნებას ანიჭებს, ანუ სიცოცხლის უფლებას განუმტკიცებს. ამ ჩანაცვლებას პირობითად ვუწოდოთ `წარმატება-აზრი~ (წარმატება ნაცვლად იმისა, რაც ნამდვილი აზრითაა აღსავსე).
სიცოცხლე ჩანაცვლებათა ლოგიკაში დეპრესიის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ელენე გამონაკლისი როდია. ამიტომაც ხშირად და სწრაფად იღლებოდა, არაფერი აინტერესებდა და არაფერი სურდა. `არაფერი მინდა, ყველაფერი მომბეზრდა და მაღიზიანებს, წოლის მეტი არაფერი მინდა… ან ყველაფერი მივატოვო, სადმე გავემგზავრო და ყველას თვალს მოვეფარო~, _ ხშირად ამბობენ ადამიანები, რომლებიც მათთვის საინტერესო საქმეს არ აკეთებენ. მაგრამ ელენეს ჰქონდა პერიოდები, როცა ასე არ ხდებოდა, ძალა ემატებოდა და გახარებული იყო, მოტივაცია უჩნდებოდა _ ეს მაშინ ხდებოდა, როცა აკეთებდა იმას, რაც ნამდვილად აინტერესებდა (კერძოდ, ჯგუფურ მეცადინეობებს ატარებდა).
აქ რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას უპირობო სიყვარულზე _ ფსიქოლოგიაში განმტკიცებულ უმნიშვნელოვანეს გაგებაზე, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოთერაპიის ჰუმანიტარული მიმართულების ფუძემდებლის, კარლ როჯერსის ნაშრომების წყალობით. ელენესა და მისი მრავალი თანამოძმის ლოგიკა, საუბედუროდ, დაახლოებით ასეთია: ჩემი სიყვარული მხოლოდ რაღაცის გამო შეიძლება, ანუ საჭიროა გარკვეული პირობები, რომლის დროსაც ჩემი სიყვარული შესაძლებელი იქნება.
თუ საუბარია რომანტიულ ურთიერთობებზე, მაშინ კულტურის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი ასეთი პირობა სექსუალური მიმზიდველობაა. უპირობოდ ჩემი შეყვარება ხომ შეუძლებელია. სხვებისა, იქნებ, შეიძლება კიდეც, ჩემი კი ნამდვილად არ შეიძლება. ასეთია ძირითადი ფსიქოლოგიური ბუნება გავრცელებული ჩანაცვლებისა _ `სექს-სიყვარული.~
Aშესაძლოა, აქ ელენეს უნდა შევახსენოთ, რომ ღმერთს ყველა უყვარს და, რასაკვირველია, უპირობოდ უყვარს ისეთი, როგორიც არის. ჩვენ ეს ჭეშმარიტება შესანიშნავად ვიცით, მაგრამ არის კი ეს ცოდნა ჭეშმარიტი, ღრმა, რეალური გამოცდილებით განმტკიცებული? ბევრ ჩვენგანს შეუძლია, გულწრფელად თქვას საკუთარ თავზე – მე ბევრჯერ განვიცადე, თუ როგორ ვუყვარვარ ღმერთს, მე ვგრძნობ ამ სიყვარულს, თუმცა, შესაძლოა, არა ყოველთვის, მაგრამ მას ვგრძნობ სხეულით და არა მხოლოდ თავით?
სამწუხაროდ, ამ სიტყვებს ყველა ქრისტიანი ამბობს, მაგრამ არცთუ ხშირად გვხვდებიან მართლმადიდებლები, რომლებიც ლაპარაკობენ `სულის სიღრმიდან~, ისე, რომ შეუძლებელია, მათ არ დაუჯერო, რამეთუ ამ სიტყვების მიღმა დგას ცხოვრება, რეალური ურთიერთობა ღმერთთან. არამრთელობა, სიტყვის, საქმის, აზრებისა და გრძნობების შეუთავსებლობა ხშირი ფსიქოლოგიური და სულიერი პრობლემაა დღეს, განსაკუთრებით დასავლურ კულტურაში. ყოველთვის შეგნებულ სიცრუეზე როდია საუბარი, ხშირად ეს შეუსაბამობა გაუაზრებელია _ ჩვეულებრივ, ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ სიმართლეს ამბობს. ასეთი გახლეჩა ბევრი ჩანაცვლების მიზეზია.
ასე რომ, სიტყვა სიყვარულზე და ამ აბსტრაქტული სიტყვების სინამდვილის რწმენაც კი ჯერ კიდევ არ არის კონკრეტულად ჩემდამი (მთელი ჩემი უგვანობით) სიყვარულის განცდის გამოცდილების თანასწორი. ჩვენის აზრით, სწორედ ასეთი გამოცდილების არარსებობაა ძირითადი მიზეზი ტრადიციებზე, ნორმებსა და წესებზე ჩაციკლული უსიხარულო ქრისტიანობისა.
შენიშვნა მშობლებს
როგორც ვხედავთ, ელენეს შემთხვევა ცხადჰყოფს საკუთარი თავის მიუღებლობის პრობლემას, რაც აღნიშნული პრობლემების უმნიშვნელოვანესი მიზეზი ხდება. საკუთარი თავის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი იმალება ბავშვობაში, როცა მშობლები ბავშვს უპირობო სიყვარულს არ აძლევდნენ. ბავშვმა სწრაფად ისწავლა, რომ რაღაც უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უყვარდეთ, მაგრამ თუ ცუდად მოიქცევა, ექმნება საფრთხე, რომ დაკარგავს ყველაზე მთავარს ცხოვრებაში _ მშობლების სიყვარულს.
ერთის მხრივ, ეს აღზრდის მოხერხებული მეთოდია, შვილი სწრაფად იწვრთნება, საკითხის საზღაური ხომ ძალზე დიდია. მაგრამ, მეორეს მხრივ, ასეთი ტრავმების შედეგები ხშირად მთელი ცხოვრება მიჰყვებათ, რასაც რეგულარულად ვხვდებით ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში.
ბავშვს უყალიბდება საკუთარი სიცუდის საფუძვლიანი შეგრძნება _ რამეთუ თუ დღეს ვუყვარვარ და ხვალ არა _ თუნდაც უსაქციელობისთვის, პრინციპში, თავისთავად მე სიყვარულს არ ვიმსახურებ. მაშასადამე, საჭიროა რაღაც, რისთვისაც ჩემი შეყვარება შესაძლებელი იქნება და შემდეგ ზემოაღწერილი სცენარის მიხედვით.
კიდევ ერთი სცენარი პირობითი სიყვარულისა, რომელიც საყვარელ ადამიანს სტანჯავს და მას საკუთარი თავის პოვნაში ხელს უშლის, დაახლოებით ასეთია: `მე მიყვარხარ და ამიტომ ვალდებული ხარ… გააკეთო ის, რასაც მე შენთვის სწორად მივიჩნევ, იქნები ისეთი, როგორიც მე მსურს, იყო.~ მახსენდება ავსტრალიური ფილმი _ `ბრწყინვალება~ _ ნიჭიერ პიანისტზე, დევიდ ჰელფროტზე, სადაც შესანიშნავადაა ნაჩვენები მისი დესპოტი მამის ასეთი სიყვარული და მთავარი გმირის ბავშვური ტრავმების ტრაგიკული შედეგები.
`ძალზე ხშირად ხომ არ ხდება, _ ბრძანებს მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, _ რომ თუ ჩვენი სიყვარულის მსხვერპლი ხმის ამოღებას გაბედავდა, იტყოდა: `მირჩევნია ნაკლებად გიყვარდე, ოღონდ სულ ცოტაოდენი თავისუფლება მაინც მომეცი! მე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვარ; იმის გამო, რომ გიყვარვარ, გსურს, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი განსაზღვრო, გინდა, შენებურად მოაწყო ჩემი ბედნიერება. შენ რომ არ გიყვარდე, მე საკუთარ თავს ვიპოვიდი!~ განა ძალზე ხშირად ასე არ ხდება მშობლებსა და შვილებს, მეგობრებს, ცოლსა და ქმარს შორის? რა ძვირად უჯდებათ სხვებს ჩვენი სიყვარული და ძალზე იოლია ის ჩვენთვის.
შესაძლოა, ადამიანმა მთელი ცხოვრება მიუღძვნას იმ უპირობო სიყვარულის ძიებას და, იმავდროულად, ყოველგვარი პირობების მიღწევას, რის გამოც მისი შეყვარება შესაძლებელი იქნებოდა. კულტურა გვთავაზობს მრავალ ვარიანტს `ნორმის~ სახით _ მიღწევები, მიღწევები და კიდევ ერთხელ მიღწევები. კარიერა, ფული, წარმატება… ამას დამატებული პლასტიკური ოპერაციებიც _ საჭირო გარეგნობისთვის, რომ შეგიყვარონ.
პრობლემის სერიოზულობა ისაა, რომ სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ და არ მიიღებ ისეთს, როგორიც ხარ, სხვების სიყვარულს ვერ შეძლებ. შეყვარება – უბრალოდ, სიყვარულის ილუზია _ რამდენიც გინდა. მაგრამ ეს ისეთივე ჩანაცვლება იქნება სხვებთან მიმართებაში, როგორც საკუთარ თავთან.
რა კავშირი აქვს ამას ქრისტესთან შეხვედრასთან მიმართებაში?
1.შესაძლოა, ვინმემ ჩვენს ელენეს სულიერი დიაგნოზი დაუსვას: მემრუშე ვნება, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება და ა. შ. მაშინ რა უნდა ქნას მან? ებრძოლოს საკუთარ სიცუდეს, რაც წინ არანაირად არ წასწევს საკუთარი თავის მისაღებად. ასეთი ადამიანი მოდის ეკლესიაში და სწრაფად სწავლობს, თუ როგორ უნდა გახდეს კარგი. თავდაპირველად ეს თუ ძლიერ ნეოფიტობას არ დამსგავსება, წესიერ ღვთისმოსაობას ნამდვილად წააგავს. ხედავთ, როგორ იღვწის ადამიანი! _ ფიქრობს მრევლი, ზოგჯერ კი მღვდელიც.
თითქოს ყველაფერი კარგადაა, ვერაფერს იტყვი. მაგრამ არსებობს გარკვეული საფრთხეები.
შესაძლოა, ადამიანმა ცხოვრება განაგრძოს `წარმატება-აზრის~ ჩანაცვლების ლოგიკაში, შესანიშნავი საქმეები აკეთოს და ვერ გაცნობიეროს, რომ ამის უკან დგას მტკიცებულება საკუთარი თავისთვის, რომ აქვს სიცოცხლის უფლება, რომ კარგია და ა. შ.
აქ თავს შევიკავებთ საუბრებზე პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების შესახებ. ჩვენის აზრით, ხშირად პატივმოყვარეობის სიმპტომების მიღმა უპირობო სიყვარულის სწორედ ის დაუცხრომელი მოთხოვნილება დგას. ამიტომ როცა ასეთ ადამიანს ეუბნებიან: შეინანე პატივმოყვარეობა, _ ზოგჯერ ეს, დახმარების მაგივრად, პრობლემას აღრმავებს, რამეთუ მას (ან მის ქვეცნობიერს) ასე ესმის: შენ არასაკმარისად კარგი ხარ იმისთვის, რომ ღმერთს უყვარდე, უკეთესი გახდი და მერე ვნახოთ.
2.დგება უფრო სერიოზული პრობლემა _ ღვთის მაგივრად ვის ხვდება ასეთი ადამიანი? ხშირად თავის პროექციას ღვთის შესახებ, ანუ თავის სახეს, როგორც წესი, მშობლის ფიგურას, რომელიც ღვთის ფიგურას ეწებება. მშობლები კი როგორები იყვნენ? პირობითად მოსიყვარულენი. თუ კარგად მოიქცევი, შეგაქებენ. ხოლო თუ ცუდად მოიქცევი, არავის სჭირდები.
ეკლესიაში შესანიშნავადაა გაწერილი, რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა. ხოლო თუ მკაცრი მოძღვარიც შეგხვდა, მაშინ ყველაფერი გასაგებია _ დაუჯერე, წესები აღასრულე და კარგი იქნები. ფრჩხილებში აღვნიშნავთ, რომ ძალზე ხშირად მშობლის ფიგურა მოძღვარზეც გადადის.
გადის წლები, ზოგჯერ ათწლეულებიც, მაგრამ არაფერი იცვლება. ადამიანი ტაძარში დადის, აღსარებას ამბობს და ეზიარება. მაგრამ ვისთან და რა ურთიერთობაშია ის, როცა ფიქრობს, რომ ეს ღმერთთან ურთიერთობაა? შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ჩანაცვლებებით აღსავსე ძველი სცენარით განაგრძობს ცხოვრებას. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები ღმერთთან უკვე კარგადაა აღწერილი უკანასკნელი ათწლეულების სასულიერო ლიტერატურაში.
მაგრამ ასეთი ღვთისმოსაობის ტრაგედია ისაა, რომ მასში, შესაძლოა არ აღმოჩნდეს ადგილი ქრისტესთვის, უფალთან შესახვედრის სივრცე აღარ დარჩეს. არსებობს ბავშვობიდან ჩადებული სცენარის გათამაშება, ოღონდ ახლა ის ჩაცემენტებულია საეკლესიო ტრადიციების ნორმებითა და წესებით.
ამ კონტექტში შეიძლება დავამატოთ, რომ უნებურად მღვდელიც შეიძლება აღმოჩნდეს პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ განვითარდება სამწყსოს ურთიერთობა არა მხოლოდ მასთან, არამედ ღმერთთანაც _ პირობითი სიყვარულის სცენარით თუ უპირობო მიღებით.
3.ჩანაცვლების პრობლემის ასპექტი კიდევ უფრო ღრმაა. როგორც ვხედავთ, ადამიანი მას თითქმის ვერ გაიაზრებს. მასში ბევრი გამორჩენაა, ილუზორული, მაგრამ მაინც გამორჩენა. მათგან გათავისუფლება მძიმეა, მათ შორის იმიტომაც, რომ ძალზე გვაშინებს შეხვედრა რეალურ საკუთარ თავთან და სვლა გაუცნობიერებლისკენ, ჩვეულ სცენარზე გადაბიჯებითა და შაბლონების დარღვევით.
მაგრამ სანამ უტყუარად კი არ ვცხოვრობთ, არამედ ჩანაცვლებებით (კიდევ უარესი, თუ ამ დროს ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტ ღვთისმოსაობაში ვიწვრთნები), ჭეშმარიტ `მე~-ს ვერ შევხვდებით და ვერც სხვის ნამდვილ სახეს დავინახავთ (დასაწყისისთვის, ადამიანისა).
შეხვედრას სჭირდება ის, ვინც შეგვხვდება. მაგრამ ვინ შეხვდება ჩემში იმ სხვას? მე ხომ, არსებითად, არ ვარსებობ. არის ილუზიები, როლები, ცდომილებები, ნიღბები, მაგრამ სად არის ჩემში ის, ვისაც ძალუძს იყოს ნამდვილი, თამაშისა და დაცვის გარეშე? რათა შევძლოთ, მღვდელომონოზონ რომანივით ამოვიძახოთ: `ღმერთო ჩემო, ჩემში სიმართლის ნასახიც არაა!.. აი, მთელი ჩემი არსებით შენ წინაშე ვდგავარ!~ უნდა მოინახოს ჩემში პატიოსნებისა და გამბედაობის კუნძული, რათა საკუთარი თავი ქრისტეს წინაშე მივიტანო, როგორც ოდესღაც მეგობრებმა ჩაუშვეს ბანიდან განრღვეული.
მაშინ ჩვენც შევძლებთ გავიმეოროთ ისაია წინასწარმეტყველის სიტყვები: `ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმინდური კაცი ვარ და ბაგეუწმინდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს~ (ესაია 6, 5).
- თანადამოკიებულება პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ღრმა შთანთქმა და ძლიერი ემოციური, სოციალური (და ფიზიკურიც კი!) დამოკიდებულება მეორე ადამიანზე. ყველაზე ხშირად ეს ტერმინი გამოიყენება ალკოჰოლოზმით, ნარკომანიითა და სხვა რაიმეთი დაავადებულ ადამიანთა ნათესავებსა და ახლობლებთან მიმართებაში, მაგრამ მხოლოდ მათით ნამდვილად არ შემოიფარგლება (ვიკიპედია).
ავტორი:მარინა ფილონიკი
მოამზადა: ხათუნა რაქვიაშვილმა