სასწაული — ცრუ და ნამდვილი

სასწაული — ცრუ და ნამდვილი

 

უხსოვარი დროიდან ისწრაფვოდა ადამიანი სასწაულისკენ, რადგან თავისი სურვილების ზებუნებრივი გზით შესრულება და პრობლემების მოგვარება ეწადა. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ იგი სამეცნიერო ფანტასტიკამ გაიტაცა. ახლა კი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესით გაჯერებული, მისტიკას შემოუბრუნდა. არის თუ არა ეს ისეთი უწყინარი და უხიფათო, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს? რას ნიშნავს სასწაული ჩვენს ცხოვრებაში და როგორ გავარჩიოთ ცრუ სასწაული ჭეშმარიტებისგან? ამის შესახებ თავის აზრს გვიზიარებს ცნობილი რუსი მართლმადიდებელი მღვდელმსახური ანდრეი კურაევი.

  • მამა ანდრეი, რა არის, თქვენი აზრით, სასწაული და რა როლს ასრულებს იგი თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში?
  • ჩემი აზრით, თითოეული ადამიანი განწირულია იმისათვის, რომ საკუთარი სულიერი შობისათვის რაიმე სიტუაცია შექმნას. ჩემთან ისე მოხდა, რომ უფალთან და ეკლესიასთან სასწაულის გზით არ მივსულვარ. ჩემს წინ ფილოსოფიური კითხვა იდგა — სიმართლის ძებნა, სიცოცხლის აზრის ძებნა… მორწმუნე მე ჩემი ნებისა და აზრის ძალისხმევით გავხდი და არა იმით, რომ რაიმე სასწაულმა შემძრა, ამიტომაც ახლაც არა ვარ მომხრე სასწაული სულიერი ცხოვრების სათავეში დავაყენო. სასწაული თავისთავად მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ სამყარო მხოლოდ ბუნებაზე უაზრო შეტევებამდე და მატერიალურობამდე არ დაიყვანება, რომ არსებობს ზეადამიანური, ყოველდღიურობაზე მაღლა მდგომი რეალობა. მაგრამ როგორია ეს რეალობა, რა გქვია მას, რა ჩანაფიქრია მასში ჩადებული? სხვადასხვა რელიგიური ტრადიციები ამ კითხვას სხვადასხვანაირად პასუხობენ. ამიტომაც სასწაულს არ შეუძლია აჩვენოს მართლმადიდებლობის ანდა ქრისტიანობის ჭეშმარიტება. მახსოვს, ერთხელ, 88-ში, არბატზე მივდიოდი, იქ კრიშნას ერთ-ერთ მიმდევარს შევხვდი. მან ქრისტეს იოგი უწოდა და თქვა, მეც შემიძლია ჰაერში ფრენაო. ვუთხარი, რომ ეჭვი არც მეპარებოდა მის შესაძლებლობებში, რადგანაც მე ათეისტი კი არა ვარ, არამედ ქრისტიანი და ჩემთვის ის კი არ არის პრობლემა, სასწაული რომ არსებობს, არამედ კითხვა — როგორი სული ხართ თქვენ, რა არის თქვენი სასწაულების წყარო.

კიდევ მახსოვს, შევხვდი ერთ გოგონა-კრიშნაიდს. ვეკითხები: „მითხარი, გეთაყვა, რაიმე შეიცვალა შენში ამ ხალხთან ურთიერთობის შემდეგ?“ „დიახ, რა თქმა უნდა, ვისწავლე როგორ განვიცადო ტრანსცენდენტალური ტკბობა — მაჰამანტრა. ეს ისე ბევრს მაძლევს…“ „მითხარი, ამის გარდა რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?“ გოგონა გაოცდა და დაინტერესდა, კონკრეტულად რა უნდა შეცვლილიყო. მე ავუხსენი: „აი, მაგალითად, ადამიანებისადმი, მშობლებისადმი, მეგობრებისადმი დამოკიდებულება ავიღოთ. იქნებ, ამ ადამიანებისადმი მეტი სიყვარული იგრძენი?“ „არა, — ამბობს, — არა, ბატონო, ყველაფერი ძველებურად დარჩა“.

ჩემთვის ეს ნიშანდობლივია. ამიტომ, რომ მთავარი საოცრება, რომელიც შეიძლება ქვეყანაზე მოხდეს — ეს ევერესტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადადგმა კი არ არის, არამედ ის, რომ შენი ცოდვების, ვნებების, ცდუნებების მთა გადადგა. ქრისტე იმას კი არ ამბობს, „ნეტარ არიან სასწაულმოქმედნიო“, არამედ „ნეტარ არიან მოწყალენიო“.

მართლმადიდებლობაში მთავარი — ეს შენი შინაგანი სამყაროს ცვლილებაა. ასე, რომ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას, იმდენად სასწაულები და წინასწარ­მეტყველებები არ ამტკიცებენ, რამდენადაც ის, რომ ადამიანები, რომლებშიც სრულიად მოულოდნელი იყო სინანულით რაიმეს შეცვლა — იცვლებიან.

  • მამა ანდრეი, თუკი სასწაული რელიგიურ ცხოვრებაში მთავარი არ არის, მაშინ ისმება კითხვა — რატომ არის სახარებაში მოთხრობილი ქრისტეს მიერ მოხდენილ სასწაულებზე, როცა შეიძლებოდა მარტო ქადაგებებს დასჯერებოდა?
  • სასწაული იმისი დამოწმებაა, რომ ცა უფრო ახლობელი ხდება ჩვენთვის. სასწაული ნიშანია თანაყოფნისა, ურთიერთშეხვედრისა და არა მარტოობისა, ცასთან შესახვედრად გზას სასწაული არ კაფავს, მაგრამ ეკლესიურ ენაზე იგი იმისი ნიშანია, რომ ეს შეხვედრა შედგა.

როცა ცდილობ ეკლესიას გაუგო, აუცილებელია ცნობიერებაში ორი ურთიერთ­საპირისპირო რამ შეათავსო:

ერთი მხრივ, ეკლასია არ ანიჭებს სასწაულს დიდ მნიშვნელობას — არ შეიძლება, იძიებდე სასწაულს, ითხოვდე სასწაულს, გსურდეს რაღაც შეუძლებელი; მეორე მხრივ, ჩვენი თითოეული ლოცვა — სასწაულზე ლოცვაა. ტურგენევი წერდა: „თითოეული თხოვნა, თითოეული ლოცვა იმაზე დაიყვანება, რომ უფალო, გევედრები, გააკეთე ისე, რომ ორჯერ ხუთი ხუთი იყოს“ მაგრამ ამასთან ერთად რაზეც არ უნდა ლოცულობდეს მართლმადიდებელი, ბოლოს ლოცვას გარკვეული შემარბილებელი მიმართვით ასრულებს: „იყავნ ნება შენი“… აი, ამაშია არსებითი განსხვავება ლოცვასა და შელოცვას შორის. შელოცვა გულისხმობს, რომ ჯადოქარს აქვს ხელისუფლება სულიერ სამყაროზე და ამ ხელისუფლებას იგი გამოავლენს, სულიერ რეალიებს თავს თავის ნებას ახვევს. მლოცველმა ადამიანმა კი იცის, რომ ის, ვისაც მიმართავს, უსასრულოდ დიდია მასზე, ამიტომაც ადამიანი უფალს თხოვს და არა თავის ნებას კარნახობს.

მოკლედ, ერთი მხრივ, ეკლესია ამბობს — „არ ეძიო სასწაული“, მეორე მხრივ კი თითოეული ლოცვა — ეს სასწაულზე თხოვნაა.

და კიდევ, არის მესამე მხარეც, ამ უცნაური სამკუთხედის მესამე წერტილი — ეს ისაა, რომ სასწაული ქრისტიანის ცხოვრებისათვის სრულიად ბუნებრივი რამაა. იცით, საეკლესიო გარემოში არც კია მიღებული, ამაზე მოჰყვე. უცნაური სასწაული კი არ არის, არამედ მისი არარსებობაა. სასწაული ჩართულია რელიგიური ადამიანის ყოველდღიურ დღის წესრიგში:

აი, მაგალითად, მე მივდივარ ტაძარში წყალკურთხევაზე, რომ მივიღო ნაკურთხი წყალი — ის მე განმკურნავს და დამიცავს — შესაბამისად, ამ სასწაულისათვის ნახევარი საათი მაქვს გათვალისწინებული… სასწაული სრულიად ბუნებრივად შემოდის ქრისტიანის ცხოვრებაში, სასწაული ყოველთვის ზეციური ხმა როდია, ზოგჯერ ის შეიძლება შენს ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანის გზით შემოვიდეს. მე მწიგნობარი ვარ. ამიტომაც ჩემი ცხოვრების სასწაულების დიდი ნაწილიც სწორედ წიგნთან დაკავშირებული სასწაულებია — საჭირო წუთში ყოველთვის საჭირო წიგნი ჩნდება და საჭირო გვერდზეც იშლება.

  • როგორი იყო თქვენი ცხოვრების ბოლო სასწაული?
  • ეს იყო 2003 წლის 24 მარტს. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ფონდი ამ დღეს მაცხოვრის ტაძარში საორგანიზაციო კომიტეტის სხდომას ატარებდა. ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ ფონდის პრეზიდენტმა მელნიკმა თავის ოფისში მიმიწვია. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ნაცნობობა და საუბარი იმსახურებდა იმას, რომ „კომუნიკაციური პროცესების“ შუამავლისათვის — ვისკისათვის — მიგვემართა. და აი, სადღეგრძელოს შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დავდგი და მოძრაობა არ დაიწყო?! ასე 15 სანტიმეტრის მანძილზე პირდაპირ მაგიდის კიდისაკენ წავიდა, თან ნელა და არათანაბრად მოძრაობდა თავისი ღერძის გარშემო. შვიდივე დამსწრე შეცბუნებული უყურებს მის ნელ მოგზაურობას. ჩემსა და მელნიკს შორის მჯდარი მილოვეცი ხელს მაგიდის კიდეს უშვერს, რომ ჩამოვარდნისას მისი დაჭერა მოასწროს. მე ვასწრებ წარმოვთქვა: „მოკლედ და, თქვენ აქ შემთხვევით პოლტერგეისტი ხომ არა გყავთ?!“ სიმართლე გითხრათ, ეს თითქოს გასახმაურებლად ვთქვი, მაგრამ დასრულებული არა მაქვს, რომ ვხვდები — მართლაც ასეა, და სწორედ მაშინ, იმის მაგივრად, რომ ამ ჭიქას ხელით შევხებოდი, შორიდან პირჯვარი გადავსახე. ჭიქა მაშინვე გაჩერდა, არადა კიდემდე უკვე ასე ხუთი სანტიმეტრიღა იყო დარჩენილი.
  • დემონურ ძალას შეუძლია თავისი თავი შიგ ტაძარშიც გამოავლინოს?
  • თვით ტაძარშიც კი.
  • ეშმაკის განდევნის სასწაულიც ხომ არსებობს?
  • ახლა ბევრი სასწაულია, რომელიც ნეგატივთან არის დაკავშირებული. უარყოფითი სულიერი ძალები თავის თავს ძალიან ნათლად გამოავლენენ. მხოლოდ ეკლასიას გააჩნია ძალა, მას წინ აღუდგეს. თებერვალში მაგადანში ვიყავი. ამ ქალაქის რელიგიური გამოღვიძება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ბინაში ძლიერი პოლტერგეისტი გაჩნდა. ნივთები პირდაპირ ოთახში დაფრინავდნენ, თანაც მრუდი ტრაექტორიით და თვითნებურად ცეცხლი ეკიდებოდათ. ვერც მილიციამ, ვერც ექსტრასენსებმა ვერაფერი გააწყვეს. ეს ყველაფერი მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურების მისვლის შემდეგ შეწყდა. ბრძოლა ბინისათვის თითქმის ნახევარი წელი გრძელდებოდა. ყოველივე ეს ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ პრესაში და ამ ყველაფერმა მთელ ქალაქზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სხვათა შორის, მე მგონი, დავაგვიანე კიდეც თქვენთვის ერთი პროფესიონალური ანეკდოტი მომეყოლა. წარმოიდგინეთ — მართლმადიდებელი მისიონერი უნივერსიტეტის აუდიტორიის წინაშე გამოდის. სიტყვის წარმოთქმისას იგი იმ ადგილამდე მიდის, სადაც მიუღებელი სიტყვა უნდა გამოიყენოს — ეშმაკი უნდა ახსენოს. რამდენადაც ეს მისიონერი პირველად არ ურთიერთობს განათლებულ პუბლიკასთან, მშვენივრად ესმის როგორი იქნება დარბაზის რეაქცია — ჩვენს პოსტსაბჭოთა ინტელიგენციას ხომ ჯერ სიტყვა „უფლის“ სწორად წარმოთქმაც არ შეუძლია, მას რაღაც სხვა სჭირდება — „კოსმოსური ენერგია“, „ბიოენერგოსაინფორმა­ციო ველი“ და ასე შემდეგ. ჰოდა, ახლა ამათ ეშმაკზე რომ ეტყვი რაღაცას, იქ ამბავი ატყდება?.. „ჩვენ ვფიქრობდით, რომ თქვენ ინტელიგენტი ადამიანი ბრძანდებით, თქვენ კი სინამდვილეში ჩვეულებრივი შევბნელი რეაქციონერი ბრძანებულხართ — ეშმაკზე სერიოზულად საუბრობთ! ეს ხომ შუასაუკუნეებია, ინკვიზიცია, კუდიანებზე ნადირობა!.. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

ამის გათვალისწინებით მისიონერი გადაწყვეტს, თავისი აზრი ინტელიგენტური აუდიტორიის ჟარგონზე გამოხატოს, და ამბობს: „ამ წუთას ადამიანს მიმართავს მსოფლიო ტრანსცენდენტალური ნოუმენალურ-კოსმოსური ტოტალიტარული პერსონალიზირებული ბოროტება“. და აი, აქ კი ეშმაკი გამოიძურწება კათედრის ქვემოდან და ამბობს: „რაო, რაო, როგორ მიწოდე?“

ასე, რომ — ეშმაკი ეკლესიაში — მარტო ანეკდოტებისა და ფოლკლორის პერსონაჟი როდია. ბოროტების ძალებთან ჩვენი შეუპოვარი ბრძოლის პრაქტიკა საუკუნეებს ითვლის. ლათინურად ეს ეგზორციზმია, რუსულად კი ეშმაკისეულისგან განთავისუფლება. გვაქვს გასაოცარი მაგალითი მეცხრამეტე საუკუნიდან — ექიმი, რომელიც რელიგიურ ფენომენებს საერთოს არ სცნობდა, იძულებული გახდა დაემოწმებინა: „ბნედიანი უშეცდომოდ არჩევდა ნაკურთხ წყალს უბრალოსაგან, როგორ მალულადაც არ უნდა შეგვეპარებინა იგი ყოველ ჯერზე, როგორც კი ჭიქით ნაკურთხ წყალს მივუტანდით, მას შეტევები ძალიან ხშირად, მანამ ეწყებოდა, სანამ წყალს გემოს გაუსინჯავდა. წყალი ახალი ნაკურთხი იყო (კვლევა ჩატარდა იანვრის შუა რიცხვებში), სულ სხვა ოთახში ერთნაირ ჭიქებში ისხნებოდა ორივე სინჯი, ხოლო მე უკვე გამზადებული სინჯები შემქონდა. მას შემდეგ, რაც უამრავჯერ გამეორებულმა ცდებმა ყოველთვის ერთი და იგივე დადებითი შედეგი აჩვენეს, მე ორივე წყალი — უბრალო და ნაკურთხი — ერთმანეთს შევურიე და ორივე ჭიქაში ერთნაირად ჩავასხი. ბნედიანმა ორივე ჭიქაზე მოახდინა შეტევებით რეაგირება და წმინდა წყლის გამოცნობაში იგი არცერთხელ არ შემცდარა.“

  • ხდება თუ არა შეპყრობილებში ჩასახლებულ სულებთან გასაუბრება?
  • ზოგიერთი მღვდელმსახურის მიერ კი, ბატონო. მაგრამ მე, სიმართლე გითხრათ, ეს არ მომწონს. ახალ აღთქმაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქრისტე და მოციქულები გაურბოდნენ ეშმაკეულის მხრიდან ნებისმიერი დამოწმება მიეღოთ. დღეს კი მსოფლიოში უამრავი ბროშურა გამოდის იმაზე, თუ როგორ იღებენ იერომთავრები ინტერვიუებს უბედური შეპყრობილი ადამიანებისა და მათში ჩასახლებული სულებისაგან. ის კი არადა, ამაზე მთელ საღვთისმეტყველო კონცეფციებს აგებენ. მაგრამ ეს უკვე საღვთისმეტყველო კი აღარ არის, არამედ ეშმაკსამეტყველო. ჯერ კიდევ 20 წლის წინათ ეკლესიაში მშვენივრად იცოდნენ: ღმერთმა შეაძლებინოს სასულიერი პირს თუნდაც ერთი ადამიანი განკურნოს ამ ყველაფრისაგან. მაგრამ ამისგან განსაწმენდად „მასობრივ სეანსებზე“ ლამის მთელი ავტობუსებით ხალხის მოყვანა? მე ამაში მოდერნიზმის რაღაც განლენას ვხედავ და ეს მაცბუნებს.
  • თავად თუ დასწრებიხართ ბოროტის განდევნას?
  • მადლობა უფალს, ამას არ შევსწრებივარ, ხოლო ცნობისმოყვარეობისათვის იქ წასვლა ნამდვილად არ არის სასარგებლო.
  • ახლა დიდ მოდაშია ექსტრასენსების მიერ მოხდენილი სასწაულები, რატომ ხდება ასე?
  • ექსრასენსორიკის ბუმის უკან იმალება რელიგიის ძველისძველი ხალხური გაგება — რომ რელიგია არის სახალხო ცხოვრების ერთ-ერთი დარგი. როგორც კარგ მეურნეობაში უნდა იყოს ეფექტურად მომუშავე ჭურჭლისმრეცხავი მანქანა, ძროხა ანდა ცოლი, ზუსტად ასევე უნდა იყოს ეფექტურად მომუშავე რელიგია. კონფლიქტს ამგვარ სახალხო მოლოდინსა და იმას შორის, რაც ქრისტემ მოგვიტანა, უკვე სახარებაში ვხედავთ.

მართლაც, ყველაზე ხშირად უფალს ისე მივმართავთ, თითქოსდა იგი ჰუმანიტარული დახმარების გენერატორი იყოს: „შენ უფალო, გამომეცხადე, გამიკეთე მე ესა და ეს, ამის გარეშე კი მე ვერ ვხედავ ამ რელიგიისა და მისადმი თაყვანისცემის ვერავითარ საჭიროებას.“

ახლა ადამიანები არც თუ ისე იშვიათად ეძებენ რელიგიაში რაღაც წარმატებას, მაგიურს, კარიერულს, ჯანმრთელობას და კიდევ სხვასა და სხვას. მაგრამ უფალი, თურმე უნდა გიყვარდეს უფლის სიყვარულისთვის, და არა იმ სიკეთეებისათვის, რაც ამ სიყვარულმა შესაძლოა მოგიტანოს. ქრისტიანობაში ამას გამუდმებით ქადაგებენ, და სანამ საზოგადოება ეკლესიასთან ერთად ხალხს ამ მაგალითებზე ზრდის, მანამდე ძირეული რჩება მაგიური გრძნობები და ადამიანის მოთხოვნილება იმ ლოცვაზე, რომელიც კაცმა რომ თქვას, ჯერ კიდევ მისი მონათვლის დროს წაიკითხეს მასზე — ნათლისღების საიდუმლოება იწყება ეგზორციზმის ლოცვებით — ეშმაკების განდევნით. ეკლესია თავის ლოცვებში საერთოდ მიმართავს ხოლმე უფალს, ადამიანებს, მაგრამ არის უნიკალური სიტუაცია, როცა იგი სატანას მიმართავს. მღვდელი მოტრიალდება პირით არა აღმოსავლეთისაკენ, არამედ დასავლეთისაკენ და უბრძანებს სატანას, დასტოვოს უფლის ქმნილებანი. ეს ლოცვები, სხვათაშორის, მღვდელმსახურს შეუძლია არა მარტო ეკლესიაში, არამედ ბინაში მოვიდეს თქვენთან და იქ წაიკითხოს.

  • სასწაულის ძირითადი წყარო — უფალი ღმერთია. როგორ არჩევს ეკლესია, რა უფლისგანაა და რა უწმინდურისგან?
  • შეცნობა ნაყოფის მიხედვით შეიძლება — იმით, თუ რა იბადება ამ სასწაულის შედეგად ადამიანის სულში — მივყავართ თუ არა მას ქრისტიანულ რწმენასთან გაუცხოვებისაკენ, ბადებს თუ არა იგი რელიგიურ გულგრილობას ამ ადამიანში… აქ მთავარია რაღაც, ასე ვთქვათ, გემოთი შეგრძნება საუბრის ინტონაციით, თვალებით… რაღაცის გარჩევა შეიძლება იმითაც კი, თუ როგორი პათოსით მოჰყვება ეს ადამიანი ამ სასწაულზე. იქ, სადაც კი ენთუზიაზმის ნოტი გაიჟღერებს, სრული საფუძველია დისტანციის დაკავებაზე ვიფიქროთ.
  • როგორ ვქნათ, თუკი ადამიანს მის თავს დატრიალებული, ამოუხსნელი მოვლენა აშინებს?
  • ჯერ ერთი, ქრისტიანული რწმენა ასეთი შიშებისგან გვანთავისუფლებს. მე მწამს იესო ქრისტესი — ეს ნიშნავს, რომ არა მწამს გათვალვის, ჯადოსი და სხვა ამგვარისა. როგორც აპოსტოლი პავლე იტყოდა, თუკი ჩვენთან არს ღმერთი, მაშინ ჩვენს წინააღმდეგ ვინღაა? მეორეც — სახლში აუცილებლად სიწმინდეები უნდა გვქონდეს- ეს ძალიან მნიშვნელოვანია — ნაკურთხი წყალი, უკეთესია თუკი ნათლისღებისა იქნება. ეკლესიის სანთლები, საკმეველი (მისი დადება უბრალოდ მაგიდის ანთებულ ფარანზეც კი შეიძლება). საერთოდ კი უნდა გავაცნობიეროთ, რომ მატერიალურსა და სულიერ სამყაროს შორის საზღვარი სულაც არ არის მკვეთრი. მატერიალური საგნები შესაძლოა, სულის ენერგიით იყონ გაჟღენთილნი. ნაკურთხი საგნები ისე უნდა შევინახოთ, რომ არ წავბილწოთ, ანუ ცალკე ყუთში, ცალკე თაროზე. უნდა ვეცადოთ, რომ სიწმინდეების გვერდით უწმინდური ნივთები არ იყოს. არ უნდა ვიქონიოთ სახლში სატანისტური, ოკულტური, ასტროლოგიური ლიტერატურა, მით უმეტეს, არ უნდა გამოვიყენოთ ისინი.
  • თუ აწარმოებს ეკლესია სასწაულის აღწერას ან თუ იკვლევს მათ?
  • ზოგჯერ, მაგრამ მართლმადიდებლობისათვის თავისი არსით მიუღებელია გაპიარების ტექნოლოგიები. საჯაროობა ჩვენში დაფასებული არ არის.
  • დაუჯერებთ იმ ადამიანს, რომელიც მოგიყვებათ, რომ ეკლესიამდე მოიყვანა მის თავს გადამხდარმა და ერთიანად შემძვრელმა სასწაულმა?..
  • რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. მხოლოდ ახლა მე ვთხოვდი ამ ადამიანს, ამიერიდან თავისი რწმენა უფრო მყარ საფუძველზე — უფლის სიტყვაზე, ეკლესიის სწავლების ცოდნაზე ააგოს, რათა ახალ მოსალოდნელ სასწაულს აღარ შეეძლოს მისი ეკლესიიდან გარიყვა.
  • არსებობენ სასწაულები, რომელთაც თითქოსდა მეცნიერებაც აღიარებს — ისეთი, როგორიც ტურინის სუდარა და წმინდა ცეცხლის გადმოსვლაა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ სასწაული მხოლოდ მაშინაა სასწაული, როცა მას მეცნიერება არ აღიარებს.
  • უდიდესი სასწაული — ეს სამყაროს არსებობაა, ეს ადამიანის სიცოცხლის არსებობაა. და ამის სიცოცხლის არსებობა აღიარებულია მეცნიერების მიერ. მაგრამ მე ყოველთვის მაფორიაქებენ რეგულარულად განმეორებადი სასწაულები. ყოველთვის მაღელვებს, როცა მეუბნებიან, რომ ამა და ამ ადგილზე, ამა და ამ დროს ყოველთვის ხდება რაღაც ერთი და იგივე.

ქრისტიანების ღმერთი — ტაქტიანი ღმერთია. იგი ადამიანის თავისუფლებაზე არ ძალადობს. სახარებაში უფალი რწმენას სასწაულებით არ იწვევდა, მაგრამ რწმენის პასუხად სასწაულებს ახდენდა. თქვენ ტურინის სუდარა ახსენეთ. ეს სასწაული იმდენად ტაქტიანია, რომ ის, ვისაც სურს რომ მასში სასწაული დაინახოს, ხედავს კიდევაც, ხოლო ვისაც ეს არ უნდა, სიყალბეს ხედავს. არსებობს სამეცნიერო აგრუმენტები იმათ სასარგებლოდ, ვინც ფიქრობს, რომ მასზე უფლის ანაბეჭდია, და არსებობს არგუმენტები იმათთვის, ვინც ამ ქმნილებას უფრო გვიან პერიოდს მიაკუთვნებს. თავიანთი შეუთავსებლობით ისინი არჩევანს შენს გულს, შენს სურვილს უტოვებენ — რის დანახვასაც ისურვებ, სწორედ იმას დაინახავ. თუკი შენ გსურს სასწაული — ეს შენთვის მართლაც სიწმინდე და მეხუთე სახარება იქნება. მაშინ შენ აღმოჩნდები სამყაროში, სადაც ყველაფერი გააზრებულია — სასწაულის სამყაროში.

იგივე ითქმის წმინდა ცეცხლზეც. ვიღაც მასში „ბუნებრივ მოვლენას“ ხედავს, ამბობს, რომ ეს ყველაფერი ფოტონათებაა, ტელეკამერების ათინათია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიღაცისთვის კი ეს სასწაულია. ვიღაცას ეს ცეცხლი სწვავს… ეს ადამიანის განწყობაზე, მის შეგრძნებებზეცაა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, ეს სასწაულები არ არიან ადამიანისათვის თავსმოხვეულნი. მას უფლება ეძლევა — იწამოს მათი ან არ იწამოს.

  • შეუძლია თუ არა ადამიანს, თავად შექმნას სასწაული, თავისი ფსიქოლოგიური ძალისხმევით დაბადოს იგი?
  • დიახ, რა თქმა უნდა ადამიანს შეუძლია თავისთვის „სტუმრად მოიწვიოს“ ის ინსტანციები, რომლებიც სასწაულებს ქმნიან. ისინი კი, კიდევ ვიტყვი, ძალიან განსხვავებულნი არიან. ასე ხდება „ყოვლისშემძლე“ სექტებში.

მორწმუნეთა შორის ხშირად გაიგონებთ კამათს, რომ თუკი არსებობენ მართლმადიდებლური სასწაულები, არსებობენ კათოლიკურიც, კათოლიკეები არ ცნობენ მართლმადიდებლურ სასწაულებს და პირიქით. მაგრამ ნუთუ არსებობს რაიმე ნიშანი, რომელიც სასწაულს განასხვავებს სასწაულისაგან?

არსებობს უფლის ჩანაფიქრი მთელ კაცობრიობაზე. მე ვფიქრობ, რომ სასწაულები არსებობენ ათეისტის ცხოვრებაშიც, უბრალოდ იგი მათ სწრაფად ივიწყებს. უფალი უგზავნის წვიმას ცოდვილებსაც და მართლებსაც და უფალი ზრუნავს ყველა თავის შვილზე, იმათაც კი, ვინც საერთოდ არ უწყის მის შესახებ.

მაგრამ არსებობენ სასწაულები, რომლებიც ხილვებთან არიან დაკავშირებულნი და აი, აქ კი მართლმადიდებელი ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს. კათოლიკეები, ჩემი აზრით, აქ უფრო მცირე წინდახედულობას იჩენენ. მაგალითად, მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ შვედ კათოლიკე წმინდანს ჰქონდა ხილვები და ჩაესმოდა ხმები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწაზე მოვა სიყვარულის ცივილიზაცია. თითქოსდა ქრისტემ აუწყა მას — შენ იცი, რომ დედამიწაზე ვერ შევძელი სიყვარულში თვითრეალიზება, საკმაოდ ადრე მაცვეს ჯვარს, და მინდა რომ ქვეყნის დასასრულამდე აქ სიყვარულის სრული სუფევა იყოს. ამიტომაც მე ისე გავაკეთებ, რომ მთელ მსოფლიოში ყველანი გაერთიანდებიან — ქრისტიანებიც, უიდეველებიც, მუსულმანებიც და ასე შემდეგ… იქნება ერთიანი რწმენა, ყველა იმეგობრებს და მხოლოდ შემდეგ ჩამოვა ანტიქრისტეო. ამ წმინდანის იდეოლოგია ამჟამად საფუძვლად უდევს პაპ იოან-პავლე მეორის იდეოლოგიას. მაგრამ რა ხმები იყო ეს — ამაზე არც კი დაფიქრებულა არავინ.

რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი შეიძლება იმას ენდოს, რისი ნდობაც არ შეიძლება. მთავარია ეკლესიის რეაქცია ამ შეცდომაზე. ისეთი მისტიკური მდგომარეობა, რომელიც მართლმადიდებლობაში წარუმატებლობად განიხილება, სხვა კონცეფციების მიერ შეიძლება ნორმად, სასწაულად ან სულაც წმინდანობის გამოვლინებად შეფასდეს.

  • უცნაურია ნამდვილად — აღმოსავლური ეკლესია დანარჩენ ქრისტიანულ ეკლესიათაგან ყველაზე მისტიკურად ითვლება და ამავე დროს ყველაზე უფრო ფრთხილად ეკიდება სასწაულს?
  • ვფიქრობ, ეს ორი რამ ერთმანეთთან ღრმად არის დაკავშირებული — ის, ვინც უარს ამბობს წყალი გზადშემხვედრი ნაკადულიდან დალიოს, ბოლოსდაბოლოს, აუცილებლად გამოთხრის სუფთა წყლით სავსე ჭას.
  • ხატების მირონდენა, მათი თვითგანახლება — არა აქვთ ეჭვი, რომ ამ საოცრებათა ნაწილი შესაძლოა სულაც არ იყოს ღვთიური ძალის მიერ ინსპირირებული?
  • ასეთი ეჭვები საერთოდ არ გამაჩნია, თუმცა რიგ შემთხვევებში ასეთი ეჭვიც დასაშვებია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი ადამიანის ხელისგან ნამდვილად არ არის.

 

მოამზადა მაია თუნგიამ