ბოლო დროს სოც. ქსელებში ხშირად წააწყდებით ციტატებს, რომლებიც დიდ ფიზიკოსს და მათემატიკოსს ალბერტ ეინშტეინს ეკუთვნის. მორწმუნე ადამიანები, რომლებიც მის აზრებს ციტირებენ, დიდი მეცნიერის ავტორიტეტით რელიგიის პოზიციის გამყარებას ცდილობენ. ჩემი აზრით დროა ამ საკითხს ნათელი მოვფინოთ.
1930 წლის ნოემბერში „ნიუ-იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ეინშტეინმა თქვა : “მე არ მწამს ღმერთის, რომელიც გვაჯილდოებს ან გვსჯის. ღმერთის, რომლის მიზნებიც ჩვენ -ადამიანურ მიზნებთანაა გადაჯაჭვული. მე არ მჯერა სულის უკვდავების, თუმცა მშიშარა და ეგოისტი ადამიანები ამ რწმენაში თავშესაფარს პოულობენ. ვერ წარმომიდგენია ღმერთი, რომელიც ჩვენ მსგავსს ნებას ფლობს. ნამდვილად არ მინდა და არც შემიძლია წარმოვიდგინო ვინმე, ვინც ფიზიკური გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დარჩება. დაე სუსტმა ადამიანებმა შიშისა თუ აბსურდული ეგოიზმის გამო ირწმუნონ ეს და დაე მარადიული სიცოცხლის საიდუმლო ამოუხსნელი დარჩეს. ჩემთვის საკმარისია არსებული სამყაროს საოცარი სტრუქტურით დავტკბე და ამოვხსნა ძირითადი მიზეზის თუნდაც მცირედი ნაწილი, რომელიც ბუნებაში გამოხატავს თავს.“
ეინშტეინის არ მიაჩნდა თავის თავი რელიგიურ ადამიანად (ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით), თუმცა ამტკიცებდა, რომ რაღაც ჭეშმარიტის (არსებულის) ძირითადი მიზეზის სწამდა და თანაც ამ მიზეზს დიდი ყურადღებით ეკიდებოდა (ყოველთვის დიდი ასოთი წერდა). ძირითადად ეს რწმენა სამყაროს პანტეისტურ სურათს წააგავდა, სწორედ ისეთს, ფილოსოფოსი ბარუჰ სპინოზა რომ ხატავდა თავის ნაშრომემბში. 1921 წელს ეინშტეინმა ნიუ-იორკელი რაბინ გოლდშტეინის დეპეშა მიიღო: “თქვენ ღმერთის გწამთ? პასუხი 50 სიტყვა გადახდილია“.ეინშტეინი 24 სიტყვაში ჩაეტია: “მე მწამს სპინოზას ღმერთის, რომელიც თავს ყოფიერებას კანონზომიერ ჰარმონიაში გამოხატავს და არა იმ ღმერთის, რომელიც ადამიანებზე ზრუნვითაა დაკავებული“. აი ასეთია რწმენა კანონზომიერი ჰარმონიისა ,საიდანაც რატომღაც ამოშლილია ადამიანების ბედი და მათზე ზრუნვა .რას იზამ, ყველას აქვს უფლება სწამდეს ის, რაც მისთვის სასურველი და მისაღებია. ეინშტეინი პანთეისტი იყო, ანუ მატერიალურ სამყაროს ღმერთთან და პირიქით, ღმერთს მატერიალურ სამყაროსთან აიგივებდა. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ასეთ მსოფლმხედველობას რელიგიური უწოდო. ვფიქრობ სანამ რელიგიაზე დიდი მეცნიერის ციტატებს დავიმოწმებთ, ურიგო არ იქნებოდა გაგვეგო, თუ რას მოიაზრებდა თვით ეინშტეინი სიტყვა „ღმერთში“. არა მგონია ფარდობითობის თეორიის შემქმნელის ავტორიტეტით ტრადიციული რელიგიის პოზიციების გამაგრება საჭიროებას წარმოადგენდეს. რწმენა-ეს ადამიანის უფალთან შესახვედრად გახსნილი გულის კარია, მასთან შეხვედრის სურვილი და სწრაფვაა და თუ ეს კავშირი დამყარდა, მაშინ ნებისმიერი ,თუნდაც დიდი მეცნიერული ავტორიტეტი უფერულდება უფლის სიდიადის წინაშე-ღვთისა, რომელმაც ადამიანს თავის თავი გამოუცხადა.
ავტორი: ა. ტკაჩენკო