ქრისტიანული ზნეობა

ქრისტიანული ზნეობა

თქვენ წერთ, რომ არ გესმით ქორწინებამდელი ურთიერთობების აკრძალვის ლოგიკა, მაგრამ საქმე ის არის, რომ თქვენ ამის გაგება ადამიანური და სოციალური სამართლიანობით გინდათ. უფლის მცნებებში კი სისხლის სამართლის ლოგიკა არ არის. ცოდვა ყოველთვის არ ნიშნავს დანაშაულს.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ცოდვები არა მარტო ახლობლების მიმართ, ე.წ. სოციალური ცოდვები: მკვლელობა, ქურდობა ან სხვა სახის ზარალის მიყენება. მორწმუნე ადამიანი ცოდვას უპირველეს ყოვლისა, კაცსა და ღმერთს შორის ურთიერთობათა დარღვევად აღიქვამს. ღმერთთან ურთიერთობის დანგრევას კი ადამიანის საკუთარ თავთან ურთიერთობის დანგრევა მოზდევს.

ამ გაგებით თითოეული მცნება აღნიშნული ნგრევისაგან ადამიანის დასაცავადაა მიმართული. როდესაც უფალი მცნებებს გვაძლევს, იგი ჩვენი სულების დაღუპვისაგან დაცვას ცდილობს. მცნებები მიმართულია ადამიანსა და ღმერთს შორის არსებული სიყვარულის შესანარჩუნებლად, რომელიც ქრისტიანობაში მამაშვილურ სიყვარულად მოიაზრება, რადგან ღმერთს ჩვენს მამას ვუწოდებთ. სიყვარულში კი, ისევ როგორც რწმენაში, ლოგიკა არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთგულების ლოგიკა: თუ გიყვარს ღმერთი და ენდობი მას, მისთვის არასათნო საქციელს არ ჩაიდენ და მცნებებს დაიცავ. ხოლო ის, რომ მრუშობ უფლისთვის მიუღებელია, ცნებაში გვაქვს მოცემული. შეიძლებოდა ახსნა-განმარტება ამით დაგვესრულებინა. მაგრამ მაინც, შევეცდები, უფრო დაწვრილებით განგიმარტოთ.

არსებობს ისეთი ცოდვები, რომლებიც, სამწუხაროდ, ადამიანის დაცემულ ბუნებას ახასიათებს, ასეთებია: გაღიზიანება, ჩვეული პატარ-პატარა ტყუილი, პატივმოყვარეობა, სიამაყე. მაგრამ არსებობს ცოდვები, რომელსაც წმინდა მამები „სასიკვდილო ცოდვებს“ უწოდებენ, რადგან მათი დამანგრეველი დარტყმა ადამიანის სულს კლავს: მკვლელობა, სიძულვილი, ცილისწამება და მრუშობა. სიტყვებში სიძვა და მრუშობა არსებითი განსხვავება არ არის. მრუშობას ცოლქმრულ ღალატს უწოდებენ, სიძვას კი- ყველა, ქორწინების გარე ინტიმურ ურთიერთობას. სიძვა, სასიკვდილო ცოდვაა, მრუშობა- კიდევ უფრო საშინელი, რადგან ამას ერთგულების ფიცის დამდები ადამიანი ჩადის.

ამ თემაზე სერიოზულად საუბარი და იმის ახსნა, თუ რატომ არის ქორწინებამდელი ურთიერთობა ცოდვა, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ ადამიანს ესმის, რომ ქრისტიანობაში ქორწინება დაურღვეველია. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ უფალმა მთელი სამყაროსა და ადამიანის შექმნის შემდეგ თქვა, რომ არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა და მისივე ნეკნიდან შეუქმნა დამხმარე, ანუ ევა. ამით ადამის ერთიანობა დაირღვა, აღებულ იქნა ნაწილი მისი სხეულიდან და ამ მომენტიდან იგი არასრული, არასრულფასოვანი ხდება. ევაც, თავისთავად, როგორც ადამის ნაწილი, არასრულფასოვანია. ჩნდება ორი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთმანეთთან სიახლოვით უბრუნდება იმ სრულყოფილებას, რომელიც პირველ ადამიანს შექმნისას ჰქონდა. ისინი სრულყოფილები მხოლოდ ერთად ყოფნისას არიან. ბიბლიაში ნათქვამია: „და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც“(დაბ.2,25). ეს სიტყვები: „ერთ ხორც“ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რატომ არ უნდა არსებობდეს ქორწინებამდელი კავშირები.

ქორწინება, როგორც ეკლესიას ესმის და როგორც ქრისტე წარმოგვიდგენს, ეს არ არის გვარის გასაგრძელებლად, ან რაღაც სოციალური უჯრედის შესაქმნელად უბრალოდ ორი ადამიანის თანაცხოვრება. გირჩევთ, წაიკითხოთ ეფესელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს მეხუთე თავი, სადაც საუბარია ქრისტიანულ ოჯახში ცოლქმრული ურთიერთობების შესახებ, რომელსაც პავლე მოციქული ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობას ადარებს, ამიტომაც ქრისტიანულ ოჯახს მცირე ეკლესიას უწოდებენ.

ცოლ-ქმარს შორის არსებული ურთიერთობა დიდ საიხლოვეს გულისხმობს, სულიერსაც და, რა თქმა უნდა ხორცეილსაც. ეს ღმერთის საჩუქარია, ორი ადამიანი ერთმანეთთან შერწყმით, მართლაც ერთ არსებად იქცევა. ეკლესია ცოლქმრულ ურთიერთობებს ზიზღით არასოდეს უყურებს, როგორც რაღაც სამარცხვინოსა და აკრძალულს. არსებობს რამდენიმე დღესასწაული, რომელიც ჩასახვას ზეიმობს: იოანე ნათლისმცემლის ჩასახვა, ღვთისმშობლის ჩასახვა. ეკლესია სწორედ ჩასახვას, ურთიერთობათა სიმაღლეს ზეიმობს, რომელთაგან წმინდა ბავშვები იბადებიან. და იბადებიან სწორედ იმიტომ, რომ მათი მშობლები თავიანთ ქორწინებაში სრულყოფილი არიან.

ინტიმური ურთიერთობა არ არის ქორწინების არსი, ეს მხოლოდ მისი დამატებაა, იგი ქორწინებას სრულყოფილს, ბედნიერს ქმნის და სიყვარულის და სინაზის ბოლომდე გამოხატვის საშუალებას იძლევა. არ შეიძლება რომ ცოლ-ქმრობის ეს განსაკუთრებული ნიჭი სხვაგვარად იქნას გამოყენებული. სანამ ადამიანი მეორე ადამიანში არ იპოვის თავის სულიერ სამყაროსთან სრულ თანხმობას, მასთან მთელი სისრულით არ გაინაწილებს შინაგან ცხოვრებას, სულიერ განწყობილებას, რწმენას, ღმერთისა და სამყაროსადმი დამოკიდებულებას, სანამ თავის რჩეულში არ დაინახავს იმას, რაც ადამმა ევაში დაინახა, როდესაც თქვა- ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ფიზიკური შეერთება, სამწუხაროდ, შემოქმედების კი არა, ნგრევის საშუალება იქნება.

ასეთ ურთიერთობებს თქვენ თავად „ქორწინებამდელს“ უწოდებთ, ე.ი. არის რაღაც გაგება იმისა, რომ ეს ურთიერთობები სწორედ ქორწინებისთვის არსებობს. თუ არ არის ოჯახი, მაშინ ინტიმური ურთიერთობა ქურდობაა, სწორედ ისაა, რასაც ჩვენ სიძვას, შეცდენას, მოპარვას ვუწოდებთ. თუნდაც ამ ურთიერთობებს გარეგნულად სინაზის, სიყვარულისა და ნდობის ფორმა ჰქონდეს, ბოლოში მაინც მწარე გაცრუება, სიცივე, სიცარიელე, მოწყენილობა და დანაკარგის შეგრძნება ელის. ყველაფერი, რასაც ადამიანი არასწორად, უდროოდ და ყოველგვარი მომზადების გარეშე აკეთებს, მის საზიანოდ კეთდება.

თუ ადამიანმა იცის, რომ მისი ქორწინება ცხოვრებაში ერთადერთი უნდა იყოს , მან მეორე ადამიანისთვის თავი სიწმინდესა და უბიწოებაში უნდა შეინარჩუნოს, სხვას არავის და არასდროს უნდა ეკუთვნოდეს. არ შეიძლება ადამიანი მრავალს ეკუთვნოდეს, პატარა ძაღლი ან კატა ხომ არ არის, იგი დასაბამიდანვე ისეა შექმნილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ერთადერთს ეკუთვნოდეს. და ძალიან დიდი ცოდვა იქნება , თუ ამას ვერ შეძლებს. ერთხელ უბიწოების, ქალწულების დამკარგავი, გაძარცვულიც და გამძარცველიც, როგორი წარდგება იგი შემდგომის, შემდგომის და შემდგომის წინაშე?!

ადამიანები ცდილობენ, თავი გაიმართლონ და ამბობენ, რომ უყვართ ერთმანეთი და სიყვარულს ამგვარად გამოხატავენ. მაგრამ განა სიყვარულის გამოხატვა სხვაგვარად არ შეიძლება? თავს ნუ მოვიტყუებთ. სიანმდვილეში ადამიანები არა მარტო თავიანთი სიყვარულისა და სინაზის გამოხატვას ცდილობენ. ადგილი აქვს ჩვეულებრივ ადამიანურ ფიზიოლოგიზმს, იმას, რასაც ფროიდი ლიბიდოს, ჩვენ კი ავხორცობას ვუწოდებთ. ადამიანებს კი არ სურთ მოვლენებს თავიანთი სახელები დაარქვან, უბრალო ფიზიოლოგიზმს, რომლის არა თუ ჩახშობა, რამდენადმე გაწონასწორებაც არ სურთ, სიყვაულს არქმევენ.

გასაგებია, რომ ურწმუნო ადამიანისთვის ეს პრობლემა არ დგას, ის ამაზე არც ფიქრდება. მაგრამ მორწმუნეს უნდა ესმოდეს, რომ სიახლოვე უპირველესყოვლისა, მთავარით უნდა გამოიხატებოდეს: ჯერ უნდა შეიქმნას ურყევი ოჯახი და მხოლოდ შემდეგ ურთიერთობათა სისრულე. მაგრამ თუ ამისთვის ჯერ მზად არ არიან, თუ ჯერ ერთმანეთს ეჭვით უყურებენ და არ იციან, საერთოდ დაქორწინდებიან თუ არა, მაშინ, მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: ეს მხოლოდ ფიზიოლოგიაა და ჯერ არაფერია ისეთი, რასაც ნამდვილად დიდებული სიტყვა — სიყვარული ჰქვია. სიყვარულამდე ჯერ კიდევ გაზრდაა საჭირო.

თუ ადამიანები ფიზიოლოგიურ ურთიერთობას ქორწინებამდე იწყებენ, მაშინ თვით სიტყვა- სიყვარული ძნელი გასაგები ხდება, რადგან ეს ურთიერთობები ემოციურად იმდენად შეფერილია, ისე ძლიერ აღაგზნებს და აშფოთებს ადამიანის გონებას, რომ იგი, სამწუხაროდ, ადვილად ტყუვდება და ეს განცდა სიყვარული ჰგონია. აი, ამაშია საშიშროება და ცოდვა: ადამიანი ერთს მეორეში ურევს და ფიზიოლოგიურ გრძნობას სიყვარულად მიიჩნევს. ფიზიოლოგიური დროთა განმავლობაში კლებულობს, მიდის, კვდება, სიყვარული კი არ რჩება. ამიტომაც, ჯერ გაარკვიეთ, რა არი სიყვარული, ნუ აჩქარდებით.

თქვენ წერთ, რომ ორ ადამიანს შორის სულიერი და ხორციელი კავშირის გარდა, ქორწინება უდიდესი პასუხისმგებლობაცაა, მშობლების წინაშეც და პირველ რიგში, ერთმანეთის წინაშე. როდესაც ადამიანებს უნდათ ერთად ცხოვრების დაწყება, უნდა გაიზიარონ, არიან კი იმდენად ახლობლები, რომ ყველა მატერიალურ, სოციალურ თუ სხვა სახის სირთულეებს გაუძლონ და ოჯახურ ურთიერთობათა ჯვარი იტვირთონ. თუკი ადამიანს ერთადერთხელ ეძლევა საშუალება თავისი თავი მეორე ადამიანს მიუძღვნას, იგი არამარტო ხორციელად, არამედ მთლიანად, მთელი ერთგულებითა და ერთად ცხოვრების დიდი სურვილით უნდა მიეცეს მას.

მე კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თანამედროვე ადამიანებს ოჯახის შექმნა თავიანთვის კომფორტით სურთ, ერთმანეთთან ურთიერთობაშიც  მხოლოდ სიამოვნებებს ეძებენ. ქორწინებამდე ცოლქმრული სიახლოვის სურვილიც იმაზე მეტყველებს, რომ სურთ ისარგებლონ იმით, რაც მათ არ ეკუთვნით. გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის კარგად გაცნობამდე სწორედ ამ ურთიერთობებით იწყებენ ცხოვრებას, გული მალე უცივდებათ. ერთზე გულაცრუებულნი, ახალ ურთიერთობებს ეძებენ და ყოველი შემდგომი სიახლოვე იმით მართლდება, რომ ერთმანეთი უყვართ. მაგრამ განა ეს სიყვარულია ?

სიყვარული ის გრძნობა კი არ არის, რომლითაც ყველაფერი იწყება, არა, სიყვარული ის გრძნობაა, რომლითაც ყველაფერი სრულდება. სიყვარული ღვთაებრივი გრძნობაა, რადგან სახარებაში წერია, რომ თავად ღმერთია სიყვარული. შეყვარებულობის გრძნობა, სიმპათია, ერთმანეთით აღტაცება ეს ჯერ კიდევ შეიძლება არც იყოს სიყვარული. როდესაც ადამიანები ახალგაჩენილ გრძნობას არ უფრთხილდებიან, პირდაპირ მხურვალეს სტაცებენ ხელს, ხშირად ვეღარ იკავებენ, ხელს უშვებენ და ასეთი სიყვარული იმსხვრევა. მაგრამ შეიძლება პირველი შეყვარებულობიდან დაიბადოს და გაიზარდოს ნამდვილი სიყვარული, რომელსაც ძალუძს, ამ დროებით ცხოვრებში ადამიანი მარადიულობაში აცხოვროს.

თუ ადამიანები ნამდვილად მიხვდებიან, რომ ბოლოსდაბოლოს იპოვეს ერთმანეთი, უნდა იქორწინონ და ოჯახის შენებას შეუდგნენ, დაითმინონ სირთულეები, რაღაც-რაღაც ნაკლები. სიყვარული ამ ყველაფერს გადაფარავს.

 

 

                                                                           დეკანოზი ალექსი უმინსკი