ეჭვის დასაცავად

ეჭვის დასაცავად

ერთმა ჩემმა მეგობარმა მიამბო, თუ როგორ შევიდა იგი იერუსალიმში  მოგზაურობისას უფლის საფლავის ტაძარში, როგორც „მართლმადიდებელი ტურისტი“ და სხვათა მიბაძვით (ყველა აკეთებდა და მეც გავაკეთე) როგორ ემთხვია მირონცხების ფილას, რის შემდეგაც მეყვსეულად, ის სრულიად  სხვა ადამიანად იქცა და ეჭვი უფლის ჭეშმარიტი არსებობისა ერთხელ და სამუდამოდ გაუქრა.

        „მეჭველი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიტაცებულს… ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე“- გვეუბნება იაკობ მოციქული (იაკობ.1,6,8). ჭეშმარიტად, ძიებაში მყოფი და არჩევნის გაკეთების მსურველი ადამიანი საკმაოდ ხშირად გამოიცდება ეჭვებით და იგი ყოყმანობს მანამ, ვიდრე არჩევანს გააკეთებდეს. როგორც კი არჩევანი გაკეთდება, ეჭვები ქრება.

თავის დახსნა ეჭვისაგან, რა თქმა უნდა, კარგი საქმეა. მაგრამ, მართლაც ქრება თუ არა ყველა ეჭვი ადამიანისაგან, როცა ის ამა თუ იმ არჩევანს აკეთებს? განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სამუდამოდ განეშორა მას ? ეს საკითხი ბევრს აწუხებს და ამას პასუხი უნდა გაეცეს.

ეჭვი სხვადასხვაგვარია, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიც რწმენაა. მორწმუნე ადამიანს ეჭვი არ შეაქვს ღმერთის არსებობაში და როგორც წესი, მისი ამგვარი დამოკიდებულება მომდინარეობს იქიდან, რასაც ჩვენ ხანდახან „რელიგიურ გამოცდილებას“ ვუწოდებთ. შესაძლებელია ცოტა სხვაგვარადაც ვთქვათ — „უფალმა მოგვიხმო, უფალი შეეხო ჩვენს გულს“. გამოცდილება მრავალნაირად შეიძინება: გადატანილი ტრაგედია, უეცარი სიხარული, ხანგრძლივი ინტელექტუალური ძალისხმევა, „შემთხვევითი“ ცხოვრებისეული ეპიზოდები, უეცრად გადატრიალებული ცხოვრება. განა ზემოთმოხმობილი ჩემი მეგობრის მაგალითიც არ მოწმობს იმას, რომ უკვე შეძენილ რწმენაში ეჭვის ადგილი არ არსებობს ? და ესა თუ ის ეჭვი განა ცუდია ამგვარი სარწმუნოების მოსაპოვებლად ? ვფიქრობ რომ არა.

მორწმუნე ადამიანი გადალახავს ეჭვებს ღმერთის არსებობაზე, მაგრამ ეს არსებობა მისთვის ყოველთვის საიდუმლოდ რჩება. წარმოდგენები ღმერთზე შესაძლებელია (და აუცილებელიცაა) იცვლებოდეს. მაშასადამე, ჩემი დღევანდელი გამოცდილება რწმენაში არ აკმაყოფილებს ჩემს გუშინდელ წარმოდგენას — არა, ღმერთის არსებობაზე კი არა, არამედ იმაზე, თუ როგორია იგი, ღმერთი, რომლისკენ მე მივისწრაფვი; სწორად თუ გავიგე მისი მოხმობა, როგორ ვიმოქმედე, როგორ წარვმართე ჩემი ფიქრები და აზრები, როგორი ვართ სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ბოლოს და ბოლოს ? ასეთი ეჭვები და კითხვები აუცილებლად უნდა არსებობდეს და საჭიროცაა. მსგავსი ფიქრები და საკუთარი თავის გამოკითხვა სხვა არაფერია, თუ არა სვლა ჩვენი სულიერი ზრდისკენ. შემეცნების საგანი, რომლისაკენ მე მივისწრაფვი, ხომ უფალი ღმერთია. ის კი შეუცნობელია და იდუმალებით მოცული, ხოლო შემეცნების პროცესი არის ის პროცესი ზრდისა, მარად დაუსრულებელი, რაც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ამის გამო, ჩემი ეჭვები ხშირად წარმომიჩენს, რომ ჩემი გუშინდელი წარმოდგენა ღმერთზე, რწმენაზე, ქრისტიანობაზე — უკვე მწირი და ღარიბია ჩემს დღევანდელ გამოცდილებასთან შედარებით. ეს წარმოდგენები ითხოვს გადააზრებას, აქცენტების სხვაგვარად დასმას, შესაძლებელია უარვყო გუშინდელი დღის ჩემი პრიმიტიული გააზრებანი და უფრო წინ წავიდე, ან პირიქით, გუშინწინდელი ნეოფიტობისაკენ (ახლადმოქცეული, ახლადმონათლული) შემოვბრუნდე, რაც შესაძლებელია უფრო საჭირო და მართებულია, ვიდრე გუშინდელი დარწმუნება საკუთარ სიმართლეში და ყოველგვარი ეჭვის მოცილებაში. ასეთ ყოყმანში არ არის არაფერი ნეგატიური. მისი არა თუ უნდა გვეშინოდეს, პირიქით, უნდა ვისწრაფვოდეთ მის გასაქარწყლებლად და ახალს ველოდებოდეთ

ბოლოს და ბოლოს, თომა მოციქულის ეჭვი სულაც არ იყო იმასთან კავშირში, რომ მას ქრისტეს აღდგომის არ სჯეროდა, არამედ იმაში, რომ მას ძალიან სურდა დარწმუნებულიყო აღდგომის სასწაულის აღსრულებაში. მას სურდა ქონოდა საკუთარი სარწმუნოებრივი გამოცდილება, მიუხედავად მისი მეგობრების (მოციქულების) დარწმუნებისა, რომ ქრისტე აღდგა !

დაბოლოს, საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი აზრებისა და ქმედებების სიმართლე — არ უნდა აძლევდეს მორწმუნე ადამიანს იმის საშუალებას, რომ გადაიქცეს, როგორც თანამედროვე ავტორები იტყვიან, „თვითკმაყოფილ რეგვენად“ — ეჭვშეუტანელ ყოვლისმცოდნედ, რომელიც „თავმდაბლად“ მიიჩნევს თავს „ჭეშმარიტების გოდოლად და სიმტკიცედ“ და ადვილად და მარტივად განსწავლის ნებისმიერ დაეჭვებულს, რადგან უყოყმანოდ მიიჩნევს, რომ ეს შეუძლია, ამის უფლება აქვს. ამიტომაც არის, რომ იყო „მართლმადიდებელი“ როგორც ეს ცნება ზოგიერთს ესმის, შედარებით ადვილია, ვიდრე იყო ქრისტიანი.

 

 

ავტორი: ვლადიმერ ლეიგოდა