კონსტანტინე დიდის არარსებულ ან მოჩვენებით ანტისემიტიზმზე, პირველი მსოფლიო კრების რწმენაზე და ზოგიერთ სხვა საკითხებზე

კონსტანტინე დიდის არარსებულ ან მოჩვენებით ანტისემიტიზმზე, პირველი მსოფლიო კრების რწმენაზე და ზოგიერთ სხვა საკითხებზე

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული  აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

 

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’  უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’ (1), კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’ – ეხება ჩვენი უკვე მესამე შენიშვნა (2).

III ნაწილი

 

პასტორი წერს: „მაგრამ, როცა კონსტანტინე დიდმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, ყველაფერი ნელ–ნელა შეიცვალა. კონსტანტინემ არამხოლოდ ის ადგილი შეცვალა, სადაც ეკლესია იკრიბებოდა უფლის თაყვანისსაცემად, არამედ შეცვალა თაყვანისცე,ის ფორმაც და პირდაპირ გულში მიაყენა დარტყმა ეკლესიის რაობას. მან მოკვეთა ეკლესია თავისი ებრაული ფესვებიდან და დაამყნო წარმართული ბერძნული ფილოსოფიის ფესვები“.

 

პატივცემულ პასტორს უნდა სცოდნოდა, რომ არა კონსტანტინე დიდმა „ადგილი შეცვალა, სადაც ეკლესია იკრიბებოდა უფლის თაყვანისსაცემად“, არამედ თავად ქრისტემ შეცვალა და იწინასწარმეტყველა ამაზე (იოან. 4, 22). თვით თაყვანისცემის ხასიათიც არ შეუცვლია კონსტანტინეს: პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებმა წერილობით შეიმუშავეს „მრწამსი“, ანუ ის, რისი აღმსარებელიცაა ღვთის ეკლესია და რაც არსებობდა მის გადმოცემაში მისი დაფუძნებიდან მოყოლებული, რომ ქრისტე არის ღმერთი და ერთარსი მამისა ღვთაებრივირი ბუნებით – „…Και εἰς ἕνα Κύριον Ἰησοῦν Χριστόν, τὸν Υἱὸν τοῦ Θεοῦφῶς ἐκ φωτός, Θεὸν ἀληθινὸν ἐκ Θεοῦ ἀληθινοῦ, γεννηθέντα οὐ ποιηθέντα, ὁμοούσιον τῷ Πατρί,…“.   ეს იყო ჩაწერილი ბერძნული ფილოსოფიური ტერმინოლოგიით, რომელიც  ქრისტიანებისთვის წერილობითი გადმოცემის  აღთქმისთვის მოსახერხებელი იყო  და როგორც უკვე გაჩვენეთ ამ ხერხს მოციქულებიც იყენებდნენ(3).  ამგვარად, მსოფლიო კრების მამებმა გააკეთეს ზუსტად იგივე რაც მოციქულებმა, როდესაც წერდნენ  ახალ აღთქმისეულ ნაშრომებს   ბერძნულ ფილოსოფიურ ტერმინების და წარმართი ავტორების ნააზრევის გამოყენებით ქრისტიანებისთვის მისაღებ ფორმაში. 325 წლის მსოფლიო კრების მამებმაც წერილობით დაადგინეს რწმენის განსაზღვრება ბერძნული ფილოსოფიური ტერმინების კატეგორიებით.

 

პასტორი წერს: „ისევე, როგორც რომაელთა უმრავლესობა, კონსტანტინესაც სძულთა ებრაელი ერი. რომაელები დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ ებრაელი ერი თავისებური ერი დამახასიათებელ „უცნაურობათა“ გამო, მაგრამ რომის წინააღმდეგ ებრაელთა აჯანყებისა და რომის მიერ, ახ. წ. 70 წელს, ამ აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, რომაელები დაუფარავ სიძულვილს გამოხატავდნენ ყველაფრისადმი, რაც ებრაელებთან იყო დაკავშირებული“.

 

უნდა ითქვას, რომ თვით ებრაელებიც ვერ იტანდნენ რომაელებს და სძულდათ ისინი, მათ წინააღმდეგ აჯანყებებს აწყობდნენ, რითაც იუდეას უფრო შეჭირვებულ მდგომარეობაში აყენებდნენ. ებრაელების მდგომარეობა რომის იმპერიაში გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე ქრისტიანებისა. ისინი ებრაელებისგან განსხვავებით, იმყოფებოდნენ რომის კანონის მიღმა; მუდმივად ისჯებოდნენ, განიცდიდნენ დამცირებას, შევიწროებას და მასიურ განადგურებას. ებრაელები კი ამ დროს ფლობდნენ აღმსარებლობის თავისუფლებას და მშვიდად ცხოვრობდნენ. კონსტანტინე დიდი, როგორც ქრისტიანობისკენ მიდრეკილი, არ ყოფილა როგორც ასეთი ებრაელი ხალხის მოძულე, როგორც პასტორს სურს დაგვანახოს. იმპერატორი მხოლოდ ქრისტიანული მოშურნეობის გამო ემიჯნებოდა იუდაიზმს, იუდეველებს და მათ იდეოლოგიურ მემკვიდრეობას, რომლებმაც ჯვარს აცვეს ქრისტე და გახდნენ ღმერთის მკვლელები. პასტორის შეხედულება იუდეველებზე რომ მივიჩნიოთ სწორად, მაშინ თავად ქრისტე უნდა დავადანაშაულოთ, რომელიც ამბობს იუდეველებზე: საკრებულო სატანისა (გამოცხ. 2, 9) და პირდაპირ ეუბნება მათ: თქვენ მამათქვენისეშმაკისაგან ხართ (იოან. 8, 44) ანაჰა, სატანის საკრებულოდან გადმოგცემ იმათ, რომელნიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, მე ვაიძულებ მათ, მოვიდნენ, ფეხქვეშ ჩაგივარდნენ და თაყვანი გცენ, რათა აღიარონ, რომ მე შეგიყვარე (გამოცხ. 3, 9). მაგრამ ჩვენთვის, როგორც საღად მოაზროვნე ქრისტიანებისთვის გასაგებია, რომ ქრისტეს მხედველობაში ჰქონდა არა მთელი ერი, არამედ სიჯიუტე და უდრეკელობა იმ იუდეველებისა, რომლებიც მიემსგავსნენ სატანას.  სწორედ ამიტომ კონსტანტინე დიდი ჩვეულებრივ საუბრობდა იუდეველებზე და ანტიქრისტიანულად განწყობილ ებრაელებზე როგორც  ცრუ სწავლების მატარებლებზე და ქრისტეს მოძულეებზე. კონსტანტინე იყო „მსოფლიო“ იმპერატორი და ადვილად შეეძლო ჩაეყენებინა ებრაელები გაუსაძლის ცხოვრებისეულ პირობებში, როგორც ეს, მაგალითად, მე–VII საუკუნეში იყო იმპერატორ ჰერაკლე I დროს (610-641 წ.), მაგრამ კონსანტინემ ეს – არ გააკეთა

 

პასტორი წერს: „ებრაელებისადმი სიძულვილის გამო კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ რომისა და ალექსანდრიის ქრისტიანობის წარმართული ხასიათი მთელი ეკლესიისათვის სტანდარტად დაეწესებინა. იმპერიაში არსებულ ყველა ეკლესიას უბრძანეს დაეცვათ ეს არამესიანური ნიმუში. ის ეკლესიები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ იმპერატორის მიერ დაწესებულ ნიმუშს, მკაცრად იდევნებოდნენ. 325 წელს ნიკეაში გამართული საეკლესიო კრების შემდეგ, კონსტანტინემ ბრძანა ეკლესიის გაწმენდა მისი ებრაული შემადგენელი ნაწილისგან“.

 

საინტერესო ისაა, რომ იმ პერიოდის ადგილობრივი ეკლესიები, არც ერთი არ ყოფილა „მესიანური“იმ მნიშვნელობით, როგორითაც ესმის პასტორს. საქმე ისაა, რომ ზუსტად ამ პერიოდში ზოგიერთი ერეტიკოსი შეეცადა მოექცია ღვთის ეკლესია თავისი ერეტიკული გავლენის ქვეშ, მათ შეხედულებებში ჩასახული იყო ანტიქრისტიანული იუდაური აზრები. მაგრამ ეს მცდელობები ჩაშალა 325 წლის მსოფლიო კრების მოწვევამ. სხვა საინტერესო ასპექტი: ამ ისტორიულ პერიოდზე პასტორი ყვება მოკლედ,  ყურადღების მიღმა რჩება დეტალები. შესაძლოა ამ დეტალების გახსნა მისთვის უხერხულიცაა. პატივცემულ პასტორს ნათლად უნდა ეჩვენებინა ეს დეტალები მკითხველისთვის თუნდაც ობიექტურობის გამო, საქმე ხომ მე-IV საუკუნის პერიოდის ქრისტიანობის არსს ეხება, რის გარეშეც ქრისტიანობა არ იქნებოდა ქრისტიანობა. მაგარამ ჩვენ, როგორც ვხედავთ პასტორს თავისი გაგება აქვს ქრისტეს პიროვნებაზე. ჩვენ წინა სტატიებში ვისაუბრეთ „წარმართულ–ფილოსიფიურ“ მეთოდზე, რომელსაც მოციქულები იყენებდნენ ქრისტიანული სწავლების გადმოსაცემად. როგორც ჩანს პასტორისთვის ბერძნული ფილოსოფოსების და ფილოსოფიური ტერმინოლოგიის გამოყენება ნიშნავს „ებრაული ფესვებიდან მოწყვეტას“, ალბათ პატიცემული პასტორი უკეთ ერკვევა ებრაულ ფესვებში, ვიდრე ეს ესმოდათ თვით ქრისტეს მოციქულებს, მაგალითად, ებრაელებს იოანესა და პავლეს (4). საქმე იმაშია, რომ პასტორი გვადანაშაულებს ერთგვარ „არამესიანური“ სახის მემკვიდრეობაში (როგორც თავად თვლის), მას მხედველობაში აქვს ნიკეის კრების მიერ ალექსანდრიელი ღვთისმეტყველის არიოზის (რომელიც ლიბიელი იყო წარმოშობით და ალექსანრდიის ეკლესიის მღვდელი) სწავლების უარყოფა. არიოზი დაახლოებული იყო ანტიოქიის საღვთისმეტყველო წრეებთან. იგი არასწორედ განმარტავდა სწავლებას ქრისტეზე, როგორც პიროვნებაზე. ის ასწავლიდა, რომ ქრისტე არის ქმნილება და არ არის მამის თანასწორი, თანაარსი მამისა ღვაებრივი ბუნებით, ამით არიოზი ანგრევდა ღმერთის ერთიანობის ტრინიტარულ დოგმატს, ანგრევდა ქრისტიანობის საფუძველს. თუ ქრისტე არასრული ღმერთია, არ არის თანაარსი და თანასწორი მამისა ე.ი. ქრისტე დამცირებულია, დაყვანილია ქმნილების დონემდე, თუნდაც ყველაზე მაღალი საფეხურისა, ეს ხომ ანგრევს ჩვენი გადარჩენის საფუძველს. თუ ქრისტე ქმნილებაა, ჩვენი გადარჩენა — არ მომხდარა, რადგან ქმნილებას არ შეუძლია ქმნილი არსების, ისეთივე როგორიც თავადაა სულის გადარჩენა,  ეს ხელეწიფება მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც განკაცებით განაღმრთობს და განაახლებს ადამიანის დაცემულ ბუნებას.  არიოზის სწავლებაში, იყო ჩადებული იუდაიზმის საწყისები, იუდეველები ხომ უარყოფენ ქრისტეს ღვთაებრიობას და მამასთან  თანაარსობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, სწორედ ამის გამო აცვეს ჯვარს იუდეველებმა ქრისტე (იოან. 10, 33). არიოზის სწავლებაში წმინდა მამები ხედავდნენ უხეშ ერესს, ამიტომ იყო მათი რეაქცია გასაგები. არიოზის სწავლება დაგმობილ იქნა, რომის მთავრობამ იგი და მისი მიმდევრები გადაასახლა, როგორც ეკლესიის უწმინდური მსახურები, რომლებიც შეეცადნენ ეკლესიის მთლიანი სხეულის დარღვევას. არიოზ ალექსანდიელის მსგავსებზე ლაპარაკობს თავის ეპისტოლეში იუდა მოციქული (იუდ. 1, 19).

გამოდის, რომ არიოზის სწავლებას იზიარებს პატივცემული პასტორი, ხოლო „არამესიანურ“  სახეს და „ებრაული ფესვებიდან“ მოწყვეტას უწოდებს იგი მართლმადიდებლობას (თუმცა არიოზს საბოლოოდ, თავისუფლებაც მიენიჭა და აღადგინეს კიდეც, თუმცა მოულოდნელად გარდაიცვალა 336 წ., მაგრამ პასტორი ამაზე ჯიუტად დუმს). გამოდის, რომ პასტორი თანაუგრძნობს არიოზის შეხედულებებს, იმაში რომ ქრისტე არ არის მამის თანაარსი ღვთაებრივი ბუნებით, არსებითად ქრისტე არის ქმნილება და სხვა ახსნა ამას – არა აქვს. როცა პასტორი წერს, რომ „კონსტანტინემ გადაწყვიტა, რომ რომისა და ალექსანდრიის ქრისტიანობის წარმართული ხასიათი მთელი ეკლესიისათვის სტანდარტად დაეწესებინა“ იგი ცდება ერთში: როცა არიოზი ამტკიცებდა თავისი სწავლების უტყუარობას, იყენებდა ბერძნული ფილოსოფიის ტერმინოლოგიას, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ნიკეის კრების სხვა წმიდა მამები, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არიოზი თავისი სწავლებით უახლოვდებოდა იუდეველთა ანტიქრისტიანულ სწავლებას ქრისტეს პიროვნების შესახებ. არიოზი ცხოვრობდა ალექსანდიაში, სადაც იყო დიდი ებრაული თემი, ამ თემიდან იყო გამოსული ფილონ ალექსანდრიელი, მსოფლიო მნიშვნელობის იუდეველი ელინისტი. არიოზის შეხედულებები, ახლოა ზოგიერთ ანტიოქიის არასწორ ღვთისმეტყველთა შეხედულებებთან (რომლებიც გამოირჩეოდნენ უკიდურესი ისტორიზმით ქრისტეს პიროვნების შეფასებისას) რაც ადასტურებს მის სინკრეტულ გაგებას ქრისტეს პიროვნებისა.

 

პასტორი წერს: „ეკლესიის დიდი ნაწილი განაგრძობდა შაბათისა და სხვა დღესასწაულების აღნიშვნას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თორის შესწავლას (როგორც ნახავთ დანართში №2). ბევრ ადგილას ეკლესიის წევრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ებრაელებთან“.

 

სინაგოგებთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ ეკლესიის წევრები მხოლოდ იმიტომ, რომ ექადაგათ იუდეველთათვის  განკაცებული ლოგოსის, ე.ი. ქრისტეს შესახებ. პირველ რიგში ეს იყო მოციქული პავლეს სინაგოგაში სიარულის მიზეზი. მოც. საქ. 2, 46, ისევე როგორც მოც. საქ. 2, 42-47 — დან ძალიან კარგად ჩანს, რომ პირველი ეკლესიის სიცოცხლისა და მოღვაწეობის სპეციფიკა გარდაუვლად იქეთკენ მიდიოდა, რომ ეკლესია გამოყოფილიყო ტრადიციული იუადაიზმიდან, და მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი ქრისტიანები დადიოდნენ ტაძარში (ლკ. 24, 53), ისინი ლოცვითი ცხოვრების ძირითად ნაწილს  ატარებდნენ „სახლებში“ (და არა იერუსალიმის ტაძარში) ანუ ტეხდნენ პურს. ისევე როგორც საქ. 20, 7:და კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შეიკრიბდნენ მოწაფეები, პავლემ,  რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას სიტყვა უთხრა მათ, და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი. ამ მუხლიდან ჩანს რომ მოციქულთა ეპოქაში სალოცავ დღედ მიჩნეული იყო კვირა დღე და არა შაბათი, რომელიც ქრისტიანებისთვის უკვე აღარ იყო ასეთი აქტუალური. პავლე დარჩა ტროადაში შვიდი დღე (საქ. 20, 6), მაგრამ შეიკრიბნენ (ყველა იქ მოსულნი) პურის გასატეხად კვირის პირველ დღეს. თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ, პავლე მოციქული ცდილობს დაარწმუნოს მსმენელები იმაში, რომ  სატაძრო მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღება არაა საჭირო, რადგანაც ქრისტეს მსხვერპლი ერთხელ და სამუდამოდ შეიწირა და ეს აზრს უკარგავს სატაძრო მსხვერპლშეწირვას (ებრ. 7, 27; 8, 13; ებრ. 7, 18-19). მეორე მხრივ, თვით იუდეველებმა დროთა განმავლობაში განდევნეს თავისი წრიდან ქრისტიანი ებრაელები, ეს კარგად ჩანს პავლე მოციქულის ცხოვრების მაგალითიდან, რომელსაც ძლიერ ვერ იტანდნენ ფარისევლები. იერუსალიმის ეპისკოპოსის იაკობის მკვლელობამ (+ 63 წ.) (იოსებ ფლავიუსი. იუდეური სიძველეები. XX, 9, 1), რომელიც ინსპირირებული იყო იუდეველი სამღვდელოების მიერ, მეტადრე შეუწყო ხელი ებრაელ ქრისტიანეთა მოწყვეტას იუდეველთაგან. იუდეველთა და ებრაელ ქრისტიანთა საბოლოო გაყრა დაჩქარდა ებრაელთა აჯანყებით რომის იმპერიის წინააღმდეგ (132–135 წ.), რომელსაც ხელმძღვანებლობდა ბარ-კოხბა, იგი დევნიდა და კლავდა ქრისტიანებს, ვერ იტანდა მათ, რადგან ისინი უარს ეუბნებოდნენ რომის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობაზე (PL. 26. Col. 619). ყველაფერ ამას პასტორი არ აჩვენებს, რადგანაც ამის ჩვენება მისთვის არახელსაყრელია. ამის გარდა საბოლოოდ დადგენილ იქნა მოციქულთა წესები, რომლებიც კრძალავდნენ იუდეველებთან ერთად დღესასწაულების აღნიშვნას და მათგან არანაირი ძღვენის მიღებას. ეს აკრძალვა იმიტომ იყო საჭირო, რომ ზოგირთი ცალკეული ეკლესიის წევრი დადიოდა სინაგოგაში. მოციქულთა წესის თანახმად ეს ყველაფერი სასტიკად იკრძალებოდა, მაგალითად, წესი (კანონი) №70 ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგანი, რომელიც იუდეველებთან ერთად იმარხულებს, ან მათთან ერთად იდღესასწაულებს, ანდა მათგან მათი დღესასწაულის აღმნიშვნელ რაიმე ძღვენს მიიღებს (როგორიცაა უცომო, ან სხვა რაიმე მისი მსგავსი), განკვეთილ იქნეს; ხოლო თუ ერისკაცი ჩაიდენს ასეთივე ქმედებას, უზიარებლობით დაისაჯოს“. ან წესი №71 ქრისტიანი, რომელიც ზეთს მიიტანს წარმართულ ტაძარში ან იუდეველთა სინაგოგაში მათი დღესასწაულის დროს, ან იქ სანთელს აანთებს, ეკლესიიდან მოიკვეთოს.

 

მოციქულთა ეს წესები უკვე ადრეული ქრისტიანობიდან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ღვთის ეკლესიაში. ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე (325 წ.) კონსტანტინე დიდის დროს, წმინდა მამები ეყრდნობოდნენ ამ წესებს, როგორც საყოველთაოდ მიღებულს. მაგალითად, კანონი №15 აღნიშნული კრებისა ახსენებს მოციქულთა წესებს, და გულისხმობს წესებს №14 და №15. ასევე ანტიოქიის კრების (341 წ.) წესების უმრავლესობა ეყრდნობა მოციულთა წესებს. უკვე მოციქულთა დროიდან მოყოლებული, ღვთის ეკლესია ემიჯნებოდა ზოგიერთ მისთვის მიუღებელ იუდეურ ტრადიციას და თვით ქრისტეს მოციქულები  იერუსალიმის მოციქულთა კრებაზე (49 წ.) აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს და სრულყოფენ იუდეურ ტრადიციებს განკაცებული ლოგოსის რეალობიდან გამომდინარე, რომელიც არის მთელი კაცობრიობის მხსნელი. მათ მემკვიდრეობას აგრძელებდა ღვთის ეკლესია თავის მომდევნო კრებების დადგენილებებშიც. უფრო მეტიც, ქრისტეს მოციქულების მსგავსად, ადრეული ქრისტიანებიც კამათობდნენ იუდეველებთან (იუსტინე მოწამე, იპოლიტე რომაელი, კლიმენტი ალექსანდრიელი და სხვა).

 

თუმცა, ჩვენ თუ შევადარებთ მოციქულთა წესების ანტიიუდაურ დადგენილებებს, საერთოდ მსოფლიო კრებების დადგენილებებს იუდეველთა ანტიქრისტიანულ დადგენილებებთან (მაგალითად, შულხან-არუხ. იორე დე’ა 146;  იორე დე’ა 158, 1; იორე დე’ა 158, 1; თალმუდ. აბოდა ზარა 26) – ნათელი გახდება, რამდენად ხისტი და დაუნდობელი, არაადამიანური იყო ქრისტიანების მიმართ იუდეველთა დადგენილებები, რომლებსაც აქ არ მოვიყვანთ. ქრისტიანული საეკლესიო კანონები, მიმართული იყო  სამწყსოს დაცვაზე ანტიქრისტიანული იუდაური გავლენისაგან, მაშინ როცა ანტიქრისტიანული იუდაური კანონები, პირდაპირ მოუწოდებენ ქრისტიანებზე ძალმომრეობას. მესიანური პასტორებისაგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად შეურაცხყოფენ და ადანაშაულებენ ღვთის ეკლესიას წარმართობაში და „მოწყვეტაში“ რაღაც „ებრაული ფესვებიდან“, ღვთის ეკლესია თავის შვილებს არანაირი სახით არ მოუწოდებს რომ სიტყვიერად იძალადონ, განიკითხონ ან დაადანაშაულონ ვინმე. ღვთის ეკლესიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც სურს შეიმეცნოს ჭეშმარიტება, როგორც ებრაელთათვის ასევე არაებრაელთათვისაც. ეკლესია ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის. ხოლო იმაზე, თუ როგორ განიკითხავდა ღვთის ეკლესია შუა საუკუნეებში ზოგიერთ ქრისტიანთა რადიკალურ ქმედებებს იუდეველთა მიმართ ჩვენ ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში. მაგრამ ამაზე რატომღაც პასტორს არ სურს საუბარი…

 

(1) იხ. მისი რუსული თარგმანი: http://www.orhaolam.org/2012-11-28-16-16-30/79-2012-11-21-21-12-01/192-2012-12-14-15-59-46 და შემდგომი ქართული http://icej.ge/?p=10279

 

(2) პირველი და მეორე ჩვენი შენიშვნები შეგიძლიათ იხ. აქ.: http://www.faith.ge/?p=820 და აქ http://www.faith.ge/?p=887

 

(3) იხ. ჩვენი სტატია „ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ–ფილოსოფიური“ განცდები“ http://www.faith.ge/?p=887

 

(4) იხ. ჩვენი სტატია „ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ-ფილოსოფიური“ განცდები“  http://www.faith.ge/?p=887