აღდგომის ძალით აწმყოს ფერისცვალება

აღდგომის ძალით აწმყოს ფერისცვალება

მართლმადიდებლობა მიიჩნევს, რომ ქრისტემ ადამიანებს თავისი მსახურების ყველა ნაყოფი უბოძა: მოძღვრებაც, გამოამსყიდველი მსხვერლიც და აღდგომაც; და ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყოვლივე ამის თანაზიარი, შეგვიძლია არა მარტოოდენ ყური ვუგდოთ ქრისტეს, არამედ მასთან ერთად ჯვარს ვეცვათ და აღვდგეთ. მოციქული გვმოძღვრავს: „…ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში? ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც დავემსგავსებით… (რომ. 6, 2-5).

ქრისტე სრულად გვიძღვნის საკუთარ თავს, მაგრამ იგი — მხოლოდ ღმერთი კი არა, არამედ — ღმერთკაცია. მამა გიორგი ფლოროვსკი ამბობს: „მოციქულებმა გადასცეს ეკლესიას, ხოლო ეკლესიამ მოციქულების მემკვიდრეთა საშუალებით მიიღო არა ამრტო სწავლება, არამედ სულიწმინდის მადლი“. თუმცა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უფრო რთულია. ჩვენ ვამბობთ, რომ იესო ქრისტე — ღმერთკაცია.; იგი „ონტოლოგიურად დანათესავებულია ჩვენთან“ და ჩვენ იგი არა მარტო თავის ღვთაებრიობას, არამედ კაცურ ბუნებასაც გვიძღვნის. ერთ-ერთი, ყველაზე რთული საკითხია ღვთისმეტყველებაში: ამაღლდა თუ არა ქრისტე სხეულით, თუკი დედამიწაზე დარჩა ეკლესია, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს? დეკანოზ სერგეი ბულგაკოვისა და მღვდელ დიმიტრი სტანილოეს პასუხი ასეთია: „ზეცა, რომელზეც იესო ქრისტემ თავისი სხეული აღამაღლა, მისტიურად ეკლესიას განასახიერებს… ღმერთკაცის ამაღლებით ასევე კაცური ბუნება ამაღლდა.“ ქრისტემ არა მარტო მიიღო კაცობრივი ბუნება მარად ქალწული მარიამისგან და არა მარტო აღამაღლა იგი ყოვლადწმინდა სამების წიაღში, — მან აგრეთვე დაგვიბრუნა იგი ფერცვლილი, განკურნებული და აღდგომილი! ადამიანებს ეძლევათ აღდგომის ნაყოფი. წმინდა გარდამოცემაში გაშლილია ქრისტეს ორივე ბუნება: მარტო მისი სწავლება კი არ არის განმარტებული, — ასევე წარმოჩენილია ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებაც. წმინდა გარდამოცემის საშუალებით ხდება ქრისტეს აღდგომილი და განღმრთობილი კაცობრივი ბუნების ასახვა, ქრისტეს მიერ გამოხსნილი კაცობრიობის გამრავლება; გარდამოცემის საშუალებით ვხდებით თანაზიარნი და თანამონაწილენი გამოხსნის პროცესისა. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: „ქრისტემ მოისურვა გახდეს ის, რაც ადამიანია, რათა ადამიანსაც შეძლებოდეს გახდეს ის, რაც არის ქრისტე“. მიზანი ქრისტესი არის არა ადამიანებისათვის საკუთარი თავის გაცნობა, არამედ ყველა ჩვენგანის შეცვლა და როგორაა ეს შესაძლებელი, თუკი ქრისტე არ არის ჩვენს შორის? როგორ შეიძება ქრისტეს გარეშე საკუთარ თავში შეუშვა და დაავანო უფალი? ქრისტესთან თანაზიარების გარეშე ეს შეუძლებელია! განა შეიძლება დაიტიოს წიგნებმა წმინდა გარდამოცემა, როგორც ონტოლოგიური აქტი, რომელიც ქრისტეს მიერ ადამიანს ფერისცვალების მადლს და მასთან თანაზიარებას ანიჭებს?! ის, რაც გააკეთა ქრისტემ, სიტყვებით გამოუთქმელია და არც შეიძლება გავრცელდეს სიტყვიერად, — ე.ი. ქრისტიანობის შემდგომი ცხოვრებაც შეუძლებელია დავიყვანოთ „ბიბლიურ შტუდიებამდე“. წმინდა გრიგოლ ნოსელი მოციქულთა მემკვიდრეობის შესახებ წერდა: „ქრისტიანობა ღვთისადმი მიმსგავსებაა“. შორეულ პალესტინაში ოდესღაც მომხდარი ამბების მოთხრობას არ ძალუძს ადამიანებზე მსგავსი შთაბეჭდილების მოხდენა, ეს მხოლოდ ქრისტეს ცხოველი სიტყვისთვის არის შესაძლებელი! ადამიანს რომ შეეძლოს გახდეს ის, რაც იყო ქრისტე, მას უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარ თვაში დაუშვას კაცობრივი ბუნების ის ფერისცვალება, რომელიც ქრისტეში მოხდა. მღვდელი დიმიტრი სტანილოეს აზრით, წმინდა გარდამოცემის ძირითადი დანიშნულება არის — ადამიანებს უქადაგოს ქრისტეს კაცობრივი ბუნება, რომელიც უკვე გამოხსნილია ქრისტეს მიერ, რომელმაც უკვე განვლო სიკვდილის კარიბჭე და შემუსრა იგი. სულიწმინდის მსახურება, რომელიც გარდამოცემის ონტოლოგიურ არსს შეადგენს — ესაა კონკრეტულ ადამიანში, კონკრეტულ დროსა და სივრცეში იმის განხორციელება, რაც ქრისტეს მიერ მთელი კაცობრიობისთვის შესრულდა. ტრადიცია ინტერიორიზებას უკეთებს კაცობრივი ბუნების ობიექტურ განახლებას, რომელიც ქრისტეს მიერ შესრულდა. სულიწმინდის მიერ ვიღებთ ჯვარცმის გამომხსნელი მსხვერპლის ნაყოფს. ი. კონგარის აზრით: „გარდამოცემა — ესაა ყოველივე, რაც ჩვენ მოგვეცა, რათა ჩვენ ახალ აღთქმაში ცხოვრება შევძლოთ“. მაგრამ აღთქმა- სისხლშია… და განა შეიძება, იცხოვრო ახალი აღთქმით, თუკი არ ეზიარები ქრისტეს სისხლსა და ხორცს? იმისათვის, რომ ქრისტიანობა ისტორიაში დარჩეს და ადამიანებში მოქმედებდეს, ქრისტე ჩვენთან უნდა იყოს, მისი ღმერთკაცობა უნდა მკვიდრობდეს ადამიანებში, რათა განგვკურნოს და მარადიულობას გვაზიაროს… უფალმა სძლია ხრწნას და სიკვდილს. ხორცი ადამიანისა განიცდის ჯერ ფერისცვალების ცეცხლს, ხოლო შემდეგ ხრწნადობის ყინვას. მაგრამ უფალს ძალუძს არარაობიდან კვლავ აღადგინოს იგი და შთაბეროს მას სული ცხოველი. წმინდა ზიარების საშუალებით უფალი ყველა მაზიარებელს უწილადებს თავის სხეულს ღმერთკაცისა, რათა ისინი ძედ ღვთისად იქმნენ. ღვთაებრივი ენერგიით, გამსჭვალული სხეულები იმისათვის გვეძლევა, რათა ჩვენი ხორციც გახდეს თანაზიარი აღდგომის უხრწნელობისა. პირველქ რისტიანთა ცნობიერებაში ზიარების საიდუმლო მჭიდროდ უკავშირდება აღდგომის საიდუმლოს. გნოსტიციზმი მატერიალურისთვის არანაირ მომავალს არ მოიაზრებს. გნოსტიკური სწავლებით, მარტოოდენ სულებს ძალუძთ გადასვლა იმქვეყნიურ სამყაროში, ხოლო ხორცს განადგურება მოელის. ამ თვალსაზრისით ქრისტიანთა სასოება აღდგომისა განმარტებას საჭიროებდა; კერძოთ, რას შეუძლია შესძინოს მატერიას მარადიულობის უნარი, ღმერთთან თანაზაირებაში ხელის შემშლელი რომ არ იქნება? ადამიანს თავად არ შეუძლია, აცხონოს თავისი სული და მით უფრო, თავისი სხეული. თავისი ძალისხმევით ადამიანს არ აქვს უნარი, მიაღწიოს მარადიულობას. მარადიულობა ჩვენ ზეციდან უნდა გვებოძოს. მას იღებს არა მარტო სული, არამედ — სხეულიც. „ თუ კაცი წინდაცვეთას იღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, რაღა ჩემზე მრისხანებთ იმის გამო, რომ სულაც განვკურნე კაცი შაბათს? „ (იოანე 7,23) — ქრისტეს ეს სიტყვები კარგად ახსოვდათ პირველ ქრისტიანებს და ამიტომ ქადაგებდნენ არა იმდენად სულის უკვდავებაზე, რამდენადაც ადამიანში სულისა და ხორცის სრულ განკურნებაზე, ანუ მკდრეთით აღდგომაზე. სხეულს ძალუძს აღდგომა, მას გააჩნია ამის უნარი, იგი არ უნდა განქარდეს სამუდამოდ; მაგრამ უკვდავება სხეულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს, თუკი ის მაცხოვრის მიერაა განღმრთობილი. უფალი და შემოქმედი ჩვენი „გარდამოხდა ზეცით, … და ჯვარს ეცვა პონტოელ პილატეს დროს ევნო და დამარხულ იქნა და აღსდგა … და კვლავ მოცა რათა განსაჯოს ცოცხლები და მკვდრები“ და მეორედ მოსვლის ჟამს არაღაგენს გახრწნილ სხეულებს. წმინდა ირინეოს ლიონელი ამბობს: „ჩვენი სწავლება თანხმობაშია ევქარისტიულ სულთან და, თავის მხრივ, ევქარისტიაც ადასტურბს სწაველებას“ („მწვალებელთა წინააღმდეგ“ 4,18, 5). რომელ ქრისტიანულ სწავლებას ადასტურებს ევქარისტია? უწინარეს ყოვლისა, ევქარისტიის პრაქტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული აღდგომის დოგმატთან: „რამეთუ ვითარცა პური მიწიდან მოწეული, მასაზედ ღვთის მადლის მოხმობით, მაცხოვრის ხორცად გარდაიქცევა, ორი ნივთიერებისგან შემდგარი — მიწიერისა და ზეციერისგან; ასევე ჩვენი სხეულებიც, — წმინდა ზიარებით უხრწნელობისა და აღდგომის იმედიც შემოდის.“ შესაბამისად, გარდამოცემის ონტოლოგია ამგვარ სახეს იძენს: „რადგან ნათელი მამისა ზეცათასა გარდამოვიდა მაცხოვრის სხეულზე, ხოლო ნათელი იესო ქრისტესი — ჩვენზე; ამგვარად ადამიანი, გარშემოწერილი მამის ნათელით, უხრწნელობას იძენს“. („მწვალებელთა წინააღმდეგ“, 4, 20,2). წმიდა ირინეოს ლიონელის ღვთისმეტყველებაში ასახულია სიხარულით აღვსილი კოსმოლოგიური ასპექტი… თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს: „თავისი სისხლით გამოისყიდა მან თავისი ქმნილება, გვასწავლა ახალი აღთქმის უსისხლო მსხვერპლშეწირვა, რომელიც ეკლესიამ მოციქულებისგან მემკვიდრეობით მიიღო“. („მწვალებელთა წინააღმეგ“ 4,17,5). წმინდა ირინეოსის აქცენტი აგნოსტურია: ქრისტე იყენებს ქმნილებას და აკურთხებს მას, ანუ არ მიიჩნევს მატერიალურ სამყაროს ბოროტი დემიუგის ბუდედ. და თუმცა წმინდა ირინეოსი ხშირად ამბობს, რომ ზიარება არის თანაზიარება სულიწმინდასთან და ღვთის სიტყვასთან, მაგრამ მისთვის მაინც სრულად უცხოა ცალსახა სპირიტუალიზმი. „წმინდა ბარძიმში ჩასხმულ, მიწიდან მოწევნილი ნაყოფის წვენს მან თავისი სისხლი უწოდა, ხოლო მიწიდან მოწეულ პურს, მან თავისი სხეული უწოდა, რომლითაც ჩვენს სხეულებს განამტკიცებს. და როდესაც ღვინოსა და პურზე ღვთის სიტყვით სულიწმინდა გარდამოდის, იგი მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაიქცევა და ამ წმინდა ზიარებით განიმტკიცება და ძლიერდება ჩვენი ხორცის არსება. და როგორღა ამბობენ მწვალებლები, რომ სხეული არ ხდება თანაზიარი მარადიული ცხოვრებისა, თუკი სხეული მაცხოვრის სისხლითა და ხორცით საზრდოობს და მისი წევრი ხდება?! წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი „ (ეფეს. 5,30) და ამას ამბობს არა რომელიმე სულიერ ან უხილავ ადამიანზე, — რადგან „სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები“ — არამედ ჭეშმარიტი ადამიანის შესახებ, რომელიც შედგევა ხორცის, ნერვებისა და ძვლებისაგან და ეს სხეული საზრდოობს ღვინით, რომელიც არის სისხლი უფლისა და პურით, რომელიც არის ხორცი უფლისა… ევქარისტიით სასაზრდოები ჩვენი სხეულები, მიწაში დაფლული და გახრწნილი, აღსდგება, ოდეს სიტყვა ღვთისა მათ მოუწოდებს, რათა ვიხილოთ, რომ მისი ძლიერებით და არა ჩვენი ბუნებით, გვაქვს მარადიული სუფევა“ (მწვალებელთა წინააღმდეგ“ 5,2,2-3)… „აღმოსავლურ ეკლესიაში სწორდ ქრისტეს აღდგომა მიიჩნევა გამომხსნელ ძალად — par excellen-ce. მელბუნბის კონფერენციაზე (1980 წ.) მე-4 სექციამ თავდაპირველად ამგვარი სახელწოდება მიიღო: „ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტე ბრძოლაში იწვევს ადამიანთა ძალაუფლებასა და ძალადობას“. მართლმადიდებელთა ჩარევა სავსებით დროული და მართებული აღმოჩნდა. უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს ჯვარცმას აღდგომის გარეშე აზრი ეკარგება. მოციქუთა მისიონერული ქადაგების უპირველესი თემა ქრისტეს აღდგომის ხარება იყო; ხარება — გამარჯვების, ძლევის, იმედისა და სიხარულის, უფლისა მიერ მტრის შემუსვრის, მასზე საბოლოო გამარჯვების პირველი ნაყოფია. აი, სწორედ ამ სიხარულსა და გამარჯვებაში ხდებიან მორწმუნენი უფლის თანაზიარნი. აქედან მომდინარეობს აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება თეოზისზე ანუ განღმრთობის შესახებ, რაც არის „უხრწნელი ცხოვრების“ საწყისიც. ამის შესახებ ბევრს საუბრობს წმინდა კლიმენტი რომაელი. ქრისტეს აღდგომის მადლი ყოველივეს მსჭვალავს, აღდგომის ძალით ხდება აწმყოს ფერისცვალება, როგორი უძრავი და შეუცვლელიც არ უნდა გეჩვენოთ იგი. ეკლესია მოწოდებულია, იცხოვროს აღდგომისეული ფერისცვალებით“. (დ. ბოში. მისიონერთა გარდაქმნები“. 1997, გვ. 575).

 

ავტორი: დიაკონი ანდრეი კურაევი