რატომ ვიარო ტაძარში, თუ ღმერთი ჩემს სულშია?

რატომ ვიარო ტაძარში, თუ ღმერთი ჩემს სულშია?

  თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ნაცნობები და ნათესავებიც კი, რომლებსაც აოცებთ შიგადაშიგ აღაშფოთებთ ჩვენი ეკლესიაში სიარული. ტაძარში რატო უნდა იარო, ამდენი დრო რატომ უნდა დახარჯო ?! მაგალითად, მეც ასევე მორწმუნე ვარ. ღმერთი სულში მყავს და არ მჭირდება გარეგნული რიტუალებიო, — ამბობენ. გავიხსენოთ, ცოტა ხნის წინ რა თქვა სატირიკოსმა მიხეილ ზადორნოვმა: „ღმერთთან უერთიერთობისას მე არ მჭირდება არანირი შუამავლები !“

როგორ ავუხსნათ ასეთ ადამიანებს ჩვენი საქციელი? ამის მთქმელნი, საეჭვოა, ავტორიტეტულად მიიჩნევდნენ სახარების სიტყვებს.

ტაძარი არის სწორად ის ადგილი, სადაც ადამიანს პოულობს ღმერთი.

მართლაც რისთვის დავდივართ ტაძარში, ქადაგებების მოსასმენად? ამისთვის დღეს შეგიძლიათ რადიომიმღები ჩართოთ. ლოცვა შეიძლება ყველგან და ყოველ ჟამს. „მოუკლებლად ილოცვიდეთო“, -ასე დაგვარიგა მოციქულმა. მსხვერპლის შესაწირად? დღეს ქუჩებშიც ბევრი აგროვებს მოწყალებას. მოსახსენიებელი ბარათის შესაგზავნად? ის შეგიძლიათ ნაცნობებსაც გაატანოთ. სანთლის დასანთებად? მისი დანთება შინაც შეიძლება. მაშ, რისთვისღა უნდა ვიაროთ ტაძარში?

ზოგიერთი ამბობს, როცა ლოცვა მოუნდებათ, მიდიან ტყეში, მდინარის ან ზღვის პირას, და ამ ღვთივშექმნილ ტაძარში უფრო ადვილად გრძნობენ შემოქმედის დიდებულებას და განადიდებენ მას. ამ უსაზღვრო ტაძრიდან რატომ უნდა შევიდეთ ხელთქმნილი ტაძრის ვიწრო თაღებქვეშო.

ამის გასაგებად წუთით გავიდეთ ქრისტიანული ტაძრის საზღვრებს გარეთ და გავიხსენოთ, რომ წარმართული რელიგიების პრობლემა იყო, რანაირი მსხვერპლი როდის და ვის უნდა შეეწირა ღმერთებისთვის, როგორი რიტუალით უნდა შეწირულიყო, მრავალრიცხოვან ღმერთთაგან თითოეულითვის რანაირი მსხვერპლი უნდა შეეწირათ. ამაზე მოგვითხრობენ წიგნები, რომლებიც წარმართულ ცერემონიებს განმარტავენ.

მაგრამ სახარებაში საწინააღმდეგო რამეა. თუ წარმართები ლაპარაკობენ, რანაირი მსხვერპლი უნდა შესწირონ ადამიანებმა ღმერთს, სახარება გვეუბნება, რა შესწირა მსხვერპლად ღმერთმა ადამიანებს. „ძე კაცისაი არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის“ (მათე 20,28), „რამეთუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმე ძეცა თვისი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი“(იოანე 3,16).

ბიბლიის ღმერთი იმდენად აღემატება სამყაროს, ლაპარაკიც კი არ შეიძლება იმაზე, რომ იგი სუსტდება სამყაროს შესაქმისას. ღმერთი თავისი ძალით, ენერგიით იცავს კოსმოსის არსებობას. მაგრამ მის უსაზღვრო ძლიერებას ამით მცირედითაც არაფერი აკლდება, ამიტომაც არ სჭირდება მას ადამიანთაგან შევსება.

ბიბლიური მსხვერპლშეწირვა ღმერთს კი არა, ადამიანებს სჭირდებათ. მათ უნდა ისწავლონ მადლიერება, თავიანთი ცხოვრების, ქონებისა და დროის (გავიხსენოთ შაბათის მცნება) ნაწილის გაღება და ღვთის წინაშე წარდგენა. არა იმიტო, რომ ღმერთს სჭირდება ის, არამედ იმის გამო, რომ ადამიანები ამით თვითონ სწავლობენ მსხვერპლშეწირულ სიყვარულს.

რელიგიის მხოლოდ მეათედი ანდა მეასედი შედგება იმისგან, რაც მასში შეაქვთ ადამიანებს. რელიგიაში მთავარია ის, რაც მასში ღმერთს შემოაქვს. მთავარი ის კი არ არის, ადამიანები რას აკეთებენ ღვთისთვის, მთავარი ისაა ღმერთი რასაც ადამიანებისთვის აკეთებს. რელიგიაში მთავარი ის კი არ არის, ადამიანებს რა მოაქვთ ტაძარში, არამედ ის, რაც მიაქვთ ტაძრიდან.

ის, რისი მიტანაც შეგვიძლია ღვთისთვის, ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია მივუტანოთ. ყველაფერი, რაც ამ სამყაროშია, მას ისედაც ეკუთვნის, მაგრამ არსებობს ყოფიერების ისეთი პატარა ნაწილაკი, რომელშიც მეფობის ნება ღმერთმა სხვას მისცა და არა საკუთარ თავს. ეს ჩვენი სულია. ეს ის პატარა ოთახია ამ უკიდეგანო სამყაროს შენობაში, სადაც ცხოვრების მიმცემელი უკითხავად არ შედის და ჩვენზე არის დამოკიდებული, რის სამსახურში ჩავაყენებთ ღვთისგან ჩვენთვის ბოძებულ თავისუფლებას- ღმერთს მოვემსახურებით თუ საკუთარ თავსა და ვნება-სურვილებს.

ერთადერთი, რითიც შეგვიძლია განვამდიდროთ უფლის უსაზღვრო ხელმწიფება-ესაა, თუ ჩვენ თავისუფალ ნებას მას გადავცემთ. ამიტომაც არის „მსხვერპლი ღვთისა სული შემუსვრილი“(ფს.50,19) და ამ მსხვერპლის შეწირვა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ამ გაგებით თითოეული ჩვენგანი მღვდელია. ამ აზრით გვმართებს გაგება მოციქულ პეტრეს სიტყვებისა-ქრისტიანები ერია, რომელიც მღვდლებისგან  შედგება ( I პეტრე 2,9).

არავის შუძლია, ღმერთს  ჩემს  მაგივრად  შესწიროს  მსხვერპლად  ჩემი ნება. მხოლოდ  მე  ვფლობ  მას  და ძალმიძს  მისი  ღვთის  საყდართან (თრაპეზთან) მიტანა. შემიძლია  მივართვა  მას  ერთგულების  ფიცი  და ვუთხრა: „ღმერთო, იყოს  ნება  შენი  და  არა  ჩემი !  გმადლობ ყველაფრისთვის, რის  შემოტანასაც  ისურვებ  ჩემს  ცხოვრებაში ! მომეცი შესაძლებლობა, გემსახურო  თითოეული  ამუსუნთქვით !“ — ამის  გაკეთება  შესაძლებელია  ნებისმიერ  ადგილას.

ესე იგი, ის, რაც  შეგვიძლია, მსხვერპლად  შევწიროთ  ღმერთს, მუდამ  ჩვენთანაა. ამიტომაც  ჩვენს  საკუთარ „მეს“ ყოველთვის  ვუთხრათ  ის სიტყვები, რომლითაც  ოდესღაც  ფილოსოფოსმა  დიოგენემ  უპასუხა  მსოფლიო  მბრძანებლის, ალექსანდრე  მაკედონელის  წინადადებას, შენს  ყველა  სურვილს  აღვასრულებო — გაიწიე  და  მზეს  ნუ  დამიფარავ !

ღმერთისთვის  მსხვერპლის  შესაწირად  ქრისტიანს  ტაძარი  არ სჭირდება. მაგრამ  რელიგიაში  არის  არა  მხოლოდ  ის, რასაც  გავიღებთ, მნიშვნელოვანია  ის, თუ  რას  ვიღებთ. მნიშვნელოვანი  ის  კი  არ  არის, რისთვისაც  ღმერთს  ვეძებთ, არამედ  ის, თუ  თვით  რისთვის  გვეძებს.

რატომაც  მივდივართ  ტაძარში  უფრო  ხშირად  და  ღმერთს  რისთვისაც  ვევედრებით, კარგად  არის  ცნობილი. ჩვენ  მიდრეკილნი  ვართ, ღმერთში  ჰუმანიტარული  დახმარების  გენერატორი  დავინახოთ: „მომეცი, უფალო, უფრო  მეტი  ჯანმრთელობა, უფრო  მეტი  წარმატება  და  გაზრდილი ხელფასი !“ ხშირად  უფალს  ვეძებთ, სიტყვისებრ  წმინდა  დიმიტრი  როსტოველისა, „არა  იესუსათვის, არამედ  გემრიელი  პურისათვის“.  ჩვენ  კი  რატომ  გვეძებს  ღმერთი? უნდა, რაიმე  წაგვართვას, ანდა  მოგვცეს?

რატომ  მოგვიწოდებს  სიტყვა ღვთისა: „მოვედით  ჩემთან  ყოველნი  მაშვრალნი  და ტვირთმძიმენი“ ( მათე 11,28 ) ? ეს  მოწოდება  ასე  კი  არ  გრძელდება, „მომეცი  მე  ესა  და  ეს…“, არამედ  სხვა  დასასრული  აქვს, ის  გვეუბნება, თუ  ღმერთი  რას  აკეთებს  მოწოდებულთათვის: „და  მე  განგისვენო  თქვენ, ჰპოვოთ  განსვენებაი  სულთა  თქვენთაი“.

ესე  იგი, ღმერთი  მიგვიხმობს, რომ  რაღაც  გვიბოძოს. ეს  არის  ცოდნა -„ისწავლეთ ჩემგან“… სული -„მიიღეთ  სულისაგან  ჩემისა…“ სიყვარული, მშვიდობა  და  სიხარული: „იყავით  ჩემს  სიყვარულში… მშვიდობასა  ჩემსა  მოგცემ  თქვენ… დაე, თქვენთან  იყოს  სიხარული  ჩემი“. მაგრამ  ქრისტე  კიდევ  სხვას, დაუჯერებლს  გვაძლევს: „იყავით  ჩემში  და მე  თქვენში… მიიღეთ, ესე  არს  სისხლი  ჩემი  თქვენთვის  დათხეული“. ქრისტე  საკუთარ  თავს  მთლიანად  ადამიანებს  აბარებს, თავის  ღვთაებრიობასაც  და  თავის  კაცობრიობასაც.

თანამედროვე  მედიცინაში  არსებობს  ასეთი პროცედურა, როცა  ადამიანს  თავისავე  სისხლს  უსხამენ. მისი სხეულიდან  გამოიღებენ  სისხლს, გაწმენდენ  მავნე  შენაერთებისაგან, ანდა  პირიქით, გაამდიდრებენ  იმავე  კომპონენტებით, რომლის  გამომუშავებაც  საჭირო  რაოდენობით  სნეულის  ორგანიზმს  აღარ  შეუძლია. და ამგვარად  განწმენდილსა  და  გამდიდრებულ  სისხლს  უკან  უსხამენ.

რაღაც  ამგვარი  ხდება  ქრისტესთან  ჩვენი  დამოკიდებულებისას. ღმერთი  ადამიანი  ხდება. ის  თავის  თავში  ჩვენს  ბუნებას  იტვირთავს, ხრწნადობის  მდგომარეობაში  ჩავარდნილი, თავის  თავში  მას (კაცობრივ  ბუნებას) განკურნავს, გაჟღენთს  ღმრთაებრიობით, მარადისობით, უკვდავებით  და  თავის  კაცობრივ  სხეულს  უკვე  სიკვდილსა  და  აღდგომაგამოვლილს  გვიბრუნებს. თავის  კაცობრივ  სისხლს, ღმრთაებრივი  დინებით  გაჟღენთილს, ჩვენ  გადმოგვისხამს, რათა  ჩვენც  საკუთარ  თავში  ვატარებდეთ  აღდგომის  ჩანასახს  და  თანაზიარნი  ვიყოთ  მარადისობისა.

ესე  იგი, ჩვენ  ტაძარში  იმისთვის  მივდივართ, რომ  რაღაც  მივიღოთ. ტაძარი -ზიარების  საიდუმლოს  გარშემო  აშენებული  კედლებია. საიდუმლო  კი  ისაა, რომ  კაცთათვის  ხელნია  განწვდილი  საღმრთო  ძღვენით, ამიტომაც  ეკლესიაში  სიარული, ბეგარა  კი არ  არის, არამედ  საკვირველი  პრივილეგიაა. ჩვენ  მოგვეცა  უფლება, საიდუმლო  სერობის  თანაზიარნი  გავხდეთ, „ღმრთაებრივი  ბუნების  თანაზიარნი“ გავხდეთ, შევეხოთ  იმ  ენერგიას, რომლის  გამომუშავებაც  არ  ძალუძს  დედამიწაზე  არც  ერთ  ელექტროსადგურს.

ქრისტემ  გვითხრა, სად  გველოდება  და  რის  მოცემაც  სურს  ჩვენთვის. იგი  საუკუნოა, მას  სურს  შეგვხვდეს  და  შეგვიერთდეს  ამ  ცხოვრებაში, რათა  მომავალ  საუკუნო  ცხოვრებაში  არ  დავრჩეთ მარტოსულნი.

ღმერთი  გვეძებდა  და  გვიპოვა. ჩვენ  უნდა  წავიდეთ  და  ისეთ  ადგილას  დავდგეთ, სადაც  ღმერთი  ყველაზე  ახლოს  მოდის  ადამიანებთან, ისეთ  ადგილას, სადაც  ის  არნახულ  ძღვენს  ურიგებს  მათ. თუ  ქრისტე  ტაძრის  სამეუფეო  კარებიდან  ბარძიმით  წმინდა  ზიარებას  გვიბოძებს, განა  ჩვენ  პირი  უნდა  მივიბრუნოთ  და  ვიმეოროთ: „ღმერთი  ისედაც  ჩემს  სულშიაო„ ?

რწმენა -ეს  მოქმედებაა. ეს  სწრაფვაა  იმისკენ, რაც  უკვე  გვიგრძნია, მაგრამ  ცხადი  ჯერ  არ  გამხდარა, სწაფვა  იმისკენ, რაც  უკვე  შეეხო  ჩვენს  ცხოვრებას, მასში  აირეკლა, მაგრამ  ჯერ  სავსებით  არ  შესულა… რწმენა -ეს ახალი  გამოცდილებისკენ  სწრაფვაა. ვინც  ამბობს, „მე  ჩემი  რწმენა  სულში მაქვსო“,-ხშირად  ისეთ  ჩამქრალი  თვალებით  იტყვის, ძნელია  დაიჯერო, რომ  ოდესმე  განეცადოს  ღვთისკენ  სწრაფვა.

არ  შეიძლება  გიყვარდეს  და  შენი  სიყვარული  საყვარელი  ადამიანის  მიმართ  მცირეოდენი  მოძრაობით  მაინც  არ  გამოამჟღავნო. ასევე  არ  შეიძლება  გწამდეს  და  ეს  გარეგნული  მოქმედებით  არ  გამოაჩინო. ვარდი, რომელსაც  საყვარელ  ადამიანს  ჩუქნიან, თავისთავად  მას  არ  სჭირდება. ეს  ყვავილი  მისთვის  ძვირფასია  არა  სილამაზით, არამედ  იმ  ანარეკლით, რომელიც  დადო  მასზე  მჩუქებლის  სიყვარულმა. ნაყიდი  ყვავილები  და ნაჩუქარი  ყვავილები  სხვადასხვანაირად  აცოცხლებენ  ოთახს.

თუ  კაცი  ამტკიცებს, რომ  ვიღაც  უყვარს, მაგრამ  არაფერს  აკეთებს  ამ  სიყვარულისათვის, არ ცდილობს  შეხვედრას, არაფერს ჩუქნის, მასთან  ურთიერთობისათვის  დროს  არ  გამოყოფს, არაფერს  შესწირავს -ესე  იგი, ის მარტოოდენ  ტრაბახობს  შეყვარებულით  მეგობრებთან -არავიზე  ნაკლები  არ  ვარ, მეც მყავს  შეყვარებულიო.

ამიტომაც  მან, ვინც  ამტკიცებს, ღმერთი  ჩემს  სულშიაო, უნდა  ჰკითხოს  საკუთარ  თავს, რა გააკეთა  იმისთვის, რომ  განეწმინდა  თავისი  სული  ასეთი  საკვირველი  მასპინძლობისთვის, როგორ  და  რა  სახელით  მოუწოდა  უფალს, როგორ  ინახავს  უფალს  საკუთარ  სულში, რა  შეიცვალა  მასში  ასეთი  შეხვედრის  მერე, შეიყვარა  კი  ის, ვისაც  შეხვდა  და  რას  აკეთებს  ამ  სიყვარულისთვის.

თუ  ამ  შეკითხვებს  გაურკვევლობის  მდუმარება  მოჰყვება, თავს  მაინც  ნუ  ჩათვლით  მათზე  აღმატებულად, ვინც  მცირეოდენს  მაინც  აკეთებს, რომ  ღმერთში  იყოს ! ნუ  მოიძაგებთ  ღვთისკენ  მიმავალთ, თუნდაც  წაიფორხილონ !

ვინც  ამბობს, ღმერთთან  ურთიერთობისას  შუამავლები  არ  მჭირდებაო, არ  ესმის, რომ  ტაძარში  ის  შუამავალი  ელოდება, რომელმაც  მის  ნაცვლად  შესწირა  მსხვერპლი  და  გაათავისუფლა  კაცნი  იმ  აუცილებლობისაგან, რაღაც  დაამტვრიონ  ამ  სოფელში  და  ამ  ნამტვრევთა  ნაყოფით  გამოკვებონ  კერპები. ნუთუ  ასე  ძნელია  გავშალოთ  ხელები, რომ  მასში  ღმერთმა  თავისი  წმინდა  ძღვენი  ჩაგვიდოს ?

 

 

                                                                      ავტორი: დიაკონი ანდრეი კურაევი