იოანე კაზარიანი
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
ჩვენი პატარა კრიტიკული შენიშვნა ეხება საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’ უფროსი პასტორის რობერტ ხაინდლერის (ტეხასი, აშშ) ნაშრომს სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’, კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’. მოცემული ნაშრომი გავრცელდა საერთაშორისო ქსელში (1). წარმოდგენილი თავის კრიტიკაში შევეცდებით ლაკონურები ვიყოთ, რადგანაც თავად ნაშრომი პატივცემული პასტორისა არ მოითხოვს ვრცელ განხილვას, ასევე შევეცდებით სტატიაში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან აზრებს მივცეთ შეფასება. ჩვენი შენიშვნა ხუთი ნაწილისგან შედგება. აქ წარმოგიდგენთ პირველ ნაწილს.
I ნაწილი.
პასტორი რობერტი წერს: ,,321 წელს, როდესაც კონსტანტინემ გამოაცხადა ქრისტიანული თაყვანისცემის დღე რომაულ დღესასწაულად, მან არ უწოდა ამ დღეს ,,ქრისტეს დღე’’- არამედ უწოდა ,,მზის წმინდა დღე’’, აი, საიდან მომდინარეობს ,,Sunday’’ (ინგლისურად ზუსტი თარგმანი ,,მზის დღე’’). აღსანიშნავია, რომ ქრისტიანმა იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანული თაყვანისცემის დღეს წარმართული მზის ღმერთის სახელი უწოდა!“
უნდა ითქვას, რომ ადრეული ქრისტიანები კონსტანტინემდეც (+ 337 წ.) არ უწოდებდნენ ამ დღეს ,,ქრისტეს დღეს’’, უბრალოდ 321 წელს იმპერატორმა დააკანონა ის, რადგანაც ქრისტიანობა იმპერიაში ოფიციალურად დაშვებული რელიგიის სტატუსს ატარებდა 313 წლიდან (მილანის ედიქტის თანახმად). იმპერატორმა გამოაცხადა, რომ ეს ღირსშესანიშნავი ,,მზის დღე’’ უნდა ყოფილიყო დასვენების დღე, და მხოლოდ მიწათმოქმედებს უნდა ემუშავათ კვირა დღესაც. ჯერ კიდევ ბევრად ადრე კონსტანტინემდე, ადრეული ქრისტიანები ,,მზის დღეს’’ უწოდებდნენ ქრისტეს აღდგომის დღეს, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ადრეული ქრისტიანების ტრადიციების მიმდევარი კონსტანტინე, კვირა დღეს ვერ უწოდებდა სხვა სახელს, გარდა ,,მზის დღისა’’ – ,,dies solis’’, რომელიც წარმართებსაც ბევრ რამეზე მიუთითებდა, ეს გაკეთდა იკონომიის მიზნით წარმართების ეკლესიის წიაღში მოსაქცევად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში ქრისტიანობა და წარმართობა სახელმწიფოში თანაბარი უფლებებით სარგებლობდა. მდგომარეობა ქრისტიანული რელიგიის სასარგებლოდ რადიკალურად მხოლოდ თეოდოსი დიდის (+ 395 წ.) მეფობის დროს შეიცვალა. და აქ არაფერია გასაკვირი, ვინაიდან კონსტანტინე ცდილობდა, რომ თავის წარმართ ქვეშევრდომებთან ესაუბრა მათთვის გასაგებ ენაზე, რითაც ისინი ნელ-ნელა ქრისტიანულ გზაზე გადმოყავდა, რათა შემდგომში გაემყარებინა ისინი ქრისტეს რწმენაში. ამგვარადვე იქცეოდა მოციქული პავლეც: ,,იუდეველებთან ვიყავი, როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშევრდომნი; ურჯულოებთან, როგორც ურჯულო (არა ურჯულო ღმრთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯლონი. უძლურთათვის ვიყავი, როოგრც უძლური, რათა შემეძინა უძლურნი, ყველას ყველად ვექმენ, რათა შემეხსნა ზოგიერთნი. ხოლო ამას ვიქმ სახარებისათვის, რათა ვიყო თანამოაზრე მისი’’ (1 კორ. 9, 20-23)
გარდა ამისა, კონსტანტინეს გარემოცვაში, რომელიც ძლიერ იყო დაინტერესებული საღვთისმეტყველო დავებით, იყვნენ უაღრესად განათლებული ეპისკოპოსები (ოსია კორდუბელი, ევსები კესარიელი და სხვანი), ისინი ანათლებდნენ მას საღვთო წერილით, მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ საღვთო წერილში ქრისტე ,,სიმართლის მზედ’’ იწოდება (მალაქ. 4,2) და რომ კაცობრიობას ხსნა აღმოსავლეთიდან მოევლინა და ქრისტეც აღმოსავლეთიდან იყო წარმოშობით, აღმოსავლეთიდან ეფინება დედამიწას მზის პირველი სხივები, მსგავსად მაცხოვრის ნათებისა მისი მეორედ მოსვლის წინ (მათ. 24, 27). და რაც ყველაზე მთავარია, ფსალმუნში პირდაპირ წერია: ,,რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი’’ (ფს. 83, 12), კიდევ ერთი ფაქტი — ფერისცვალება უფალმა ღირს ჰყო მოციქულები თავისი დიდებული ფერისცვალების ხილვისა ,,და იცვალა მათ წინაშე ფერი, და მზესავით გაბრწყინდა მისი სახე. და ნათელივით გასპეტაკდა მისი სამოსი’’ (მათ. 17, 2). და ბოლოს თვით ქრისტე ღმერთი ასევე უწოდებდა თავის თავს აღდგომას: ,,მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე’’ (იოან. 11, 25). მაგალითად, სომხეთის განმანათლებელი გრიგოლი (+ 335 წ.) ასევე იქცეოდა იკონომიის მიზნით, იგი წარმართულ დღესასწაულებს ანაცვლებდა ქრისტიანული დღესასწაულებით. გრიგოლი პირადად იცნობდა იმპერატორ კონსტანტინეს და საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა ამიერკავკასიაში.
ასე რომ პასტორის მიერ კონსტანტინეს დადანაშაულება იმაში, რომ მან თითქოს ,,ქრისტიანული თაყვანისცემის დღეს’’ უწოდა წარმართული ღმერთის ,,მზის სახელი’’, რბილად რომ ვთქვათ — უსაფუძვლოა, განსაკუთრებით ადრეული ქრისტიანების მოწმობების ფონზე, რომლებსაც თვითონ კონსტანტინე მისდევდა. მეტიც, სრულიად არაკორექტულია, საუბარი კონსტანტინეზე როგორც ,,ქრისტიან იმპერატორზე’’ 321 წლის პერიოდისთვის, რადგან იმპერია იმ პერიოდში ოფიციალურად იყო მულტირელიგიური და თვით კონსტანტინე მოინათლა ბევრად გვიან, ანუ სწორედ იმ დროიდან ხდება იგი ეკლესიის სრულუფლებიანი წევრი. კონსტანტინეს რელიგიური სტატუსი ამ პერიოდში საკმაოდ გაურკვეველია (ის pontifex maximus ტიტულსაც კი ატარებს, თუმცა თავის შვილებს ქრისტიანულ განათლებას აძლევს), მაგრამ მისი ქრისტიანობისადმი მიდრეკილება – აშკარაა, თანაც ის პროგრესირებს. გზა ქრისტესკენ მისთვის ხანგრძლივი და ფიქრით აღსავსე აღმოჩნდა.
აი რას წერს იუსტინე მოწამე (+165 წ.) (I აპოლოგია ანტონინესადმი, თვ. 67, პარ. 7); ,,იმ დღეს, რომელიც ყველა ქალაქისა და სოფლის მკვიდრის მიერ ,,მზის დღედ’’ იწოდება, კვლავ ხდება შეკრება იმავე ადგილას და იკითხება მოციქულთა მოსახსენებლები, აგრეთვე, წინასწარმეტყველთა ნაწერები, რამდენადაც ამას ჟამი დაიტევს. როდესაც მკითხველი დადუმდება, წინამძღვარი ქადაგებს. შემდეგ ყველანი ვდგებით ერთად და აღვავლენთ ლოცვას. როგორც უკვე ვთქვი, ლოცვის დამთავრების შემდეგ მიიტანება პური, ღვინო და წყალი. წინამძღვარი, მსგავსადვე, ძალისამებრ აღავლენს ლოცვას და სამადლობელს, ხოლო ერი ტკბილხმოვნად წარმოთქვამს: ,,ამინ’’. შემდეგ აღსრულდება მომადლებულ ძღვენთა თითოეულისათვის განაწილება და ზიარყოფა მათი, ხოლო რომლებიც იქ არ არიან, დიაკონთა მიერ ეგზავნებათ. ვინც მდიდარია, თუკი ისურვებს, თავის, რასაც ინებებს, გასცემს, ხოლო რაც შეიკრიბება, წინამძღვართან დაუნჯდება, რითაც იგი შეეწევა ობლებს და ქვრივებს, აგრეთვე მათ, რომლებიც ავადმყოფობის გამო თუ სხვა რამ მიზეზით დააკლდნენ (შესაწირავს), აგრეთვე, ბორკილებში მყოფთ, უცხო მგზავრებს, ანუ, მარტივად, შემწეობას ანიჭებს ყველა შეჭირვებულს. ხოლო მზის დღეს იმიტომ ვიკრიბებით ყველა ერთად, რომ ის არის პირველი დღე, როდესაც ღმერთმა მოაქცია წყვდიადი და ნივთიერება და შექმნა სამყარო, ასევე, იესუ ქრისტე, მაცხოვარი ჩვენი ამავე დღეს აღსდგა მკვდრეთით. კრონოსის დღის წინ ჯვარს აცვეს იგი, ხოლო კრონოსის დღის შემდეგ, რომელიც არის მზის დღე, გამოუჩნდა იგი მოციქულებსა და მოწაფეებს და ასწავლა ეს ყველაფერი, რასაც თქვენ გადმოგცემთ შესასწავლად’’.
როგორც ჩანს II საუკუნის პირველი ნახევრის წამებული იუსტინეს მოწმობიდან, უკვე პირველი ქრისტინები იმპერატორ კონსტანტინემდე გაცილებით ადრე ქრისტეს აღდგომის დღეს უწოდებდნენ ,,მზის დღეს’’ და იქვე წმინდა იუსტინე იძლევა მოკლე განმარტებას, თუ რატომ უწოდებდნენ ამ დღეს ასე. მზის დღეს ქრისტიანები ყოველთვის ატარებდნენ ლიტურგიას, როგორც ამას თვით იუსტინე იუწყება, ამ დროს იხსენებენ ქრისტე მაცხოვრის ვნებებს. ადრეულ ქრისტიანთა ისტორიულ ყოფაში ეს არ არის ერთადერთი ისტორიული მოწმობა მზის დღის თაყვანისცემისა. იუსტინეს მოწმობა — ეს არის პირველი უწყება ეკლესიის უადრესი მამებისა, ქრისტიანობის მიერ მზის დღის თაყვანისცემის შესახებ, რომელიც თარიღდება დაახლოებით 150 წ. ასევე აღსანიშნავია, რომ იუსტინემ გამოიყენა ამ დღის ლათინური (რომაული) სახელწოდება, რომელიც თავის მხრივ ეგვიპტურიდან მომდინარეობს. ეგვიპტელები კვირის დღეებს არქმევდნენ ხუთი პლანეტის სახელებს. ძველად ცნობილი იყო 7 ციური მოძრავი სხეული: მზე, მთვარე, მარსი, მერკური, იუპიტერი, ვენერა და სატურნი, შესაბამისად დაუკავშირეს ეგვიპტელებმა კვირის ყოველი დღე ამ პლანეტებს. აღსანიშნავია, რომ წმინდა იუსტინე ზემოთ ირწმუნება ორი ადრექრისტიანული წეს-ჩვეულების შესახებ, რომელსაც კვირა დღეს აღასრულებდნენ: 1) საუფლო წირვის ჩატარება, რაც სრულად ეთანხმება მოციქულთა საქმეების ტექსტს 20, 7 და 2) ამ დღეს გაჭირვებულთათვის წყალობის შეგროვება, რაც სრულად ეთანხმება კორ. 16, 2-ის ტექსტს.
აგრეთვე ტერტულიანე მოწმობს (დაახლ. 200 წ.) იმის შესახებ , რომ ქრისტიანები ინახავდნენ შაბათის განაწესს, თავს იკავებდნენ კვირა დღეს შრომისაგან (ლოცვის შესახებ, თავი 23). ტერტულიანე ასევე მოწმობს იუსტინე მოწამის მსგავსად, რომ ადრეული ქრისტიანები კვირა დღეს აღნიშნავდნენ, როგორც ,,მზის დღეს’’: ,,ზოგიერთნი ფიქრობენ უფრო გონივრულად და მართებულად, კერძოდ: მზე არის ჩვენი ღმერთი. ამიტომ ჩვენ მივაკუთვნებთ ჩვენს თავს სპარსელებს, თუმცაღა თაყვანს ვცემთ მზეს, გამოსახულს არა ტილოზე; ვინაიდან მზე არის ყველგან ცის კაბადონზე. რომ არ დავწვრილმანდეთ, ვიტყვით, ეს აზრი წარმოიშვა იქიდან, რომ გაიგეს, ჩვენ ვლოცულობთ პირით აღმოსავლეთისკენ. მაგრამ, ბევრი თქვენგანიც, როცა მოისურვებს ლოცვას ზეციური ღმერთებისადმი, პირით აღმოსავლეთისკენ დგება. მსგავსად ამისა, ჩვენ იმ მიზეზით არ ვდღესასწაულობთ მზის დღეს, რომ ჩვენ ვაღმერთებთ მზეს’’ (ტერტულიანე, აპოლოგია, თვ. 16). ტერტულიანეს მოწმობა ცხადად და პირდაპირ გვიჩვენებს , რომ როდესაც ადრეული ქრისტიანები თაყვანს სცემდნენ მზის დღეს, ამ მზეში მოიაზრებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, ხოლო მზის წარმართულ თაყვანისცემაში დადანაშაულებას უარყოფდნენ: „მსგავსად ამისა, ჩვენ იმ მიზეზით არ ვდღესასწაულობთ მზის დღეს, რომ ჩვენ ვაღმერთებთ მზეს’’.
საინტერესოა, რომ პასტორი რობერტი კვირა დღის ლათინურ სახელწოდებაზე ,,dies solis’’ აკეთებს აქცენტს, და ჩვენ განვმარტეთ და უკუვაგდეთ ეს მოსაზრება, მაშინ როდესაც პასტორი საერთოდ დუმს კვირა დღის ბერძნულ სახელწოდებაზე, რომელსაც იყენებდნენ აღმოსავლეთში მცხოვრები ბერძნულენოვანი ქრისტიანები და თვითონ რომის იმპერიის ბერძნები. ეს პირველი ქრისტიანები კვირა დღეს უწოდებდნენ სხვა არაფერს, თუ არა ,,უფლის დღეს’’. ეს გაიგივება ნათლად ჩანს აპოკალიფსის ტექსტში, სადაც (გამოცხ. 1, 10) ლაპარაკია ,,უფლის დღეზე’’, ბერძნულად – ,,Κυριακή η‘μέρα’’ (kiriaki imera). ამ სახელწოდებას იყენებდნენ ადრეული ეკლესიის მამები. ეგნატე ანტიოქიელი წერდა დაახ. 115 წ. შემდეგს: ,,ნუ იცხოვრებთ ამიერიდან შაბათისთვის, არამედ უფლის დღისთვის’’. (ეგნატე ანტიოქიელი, ეპისტოლე მაგნეზიელების მიმართ. თვ. 9, პარ. 1). დიდაქეში (დაახ. 120 წ.) ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ შეგროვილიყვნენ ,,უფლის დღეს’’ საუფლო მსახურებისთვის (დიდაქე. თ. 14, პარ. 1). მოციქულთა კანონებში ასევე კვირა დღეს უწოდებენ ,,უფლის დღეს’’, კანონი № 64: ,,კლირიკოსი, რომელოც საუფლო დღეს ან შაბათს მარხვის შენახვაში იქნება მხილებული, გარდა ერთი შაბათისა (დიდი შაბათი), განკვეთილ იქნეს; ერისკაცი კი იგივე ქმედებისათვის უზიარებლობით დაისაჯოს’’ – ბერძ. ორიგ.: ,,Ει τις Κληρικός ευρεθή την Κυριακήν ημέραν νηστεύων, ή το Σάββατον, πλην του ενός μόνον, καθαιρείσθω. Ει δε Λαϊκός, αφοριζέσθω’’.
არ იქნება ზედმეტი თუ აღვნიშნავთ, რომ კვირა დღის ბერძნული სახელწოდება – «Κυριακή η’μέρα», გადმოიღეს აღმოსავლეთ ქრისტიანებმა, მაგალითად უდიდესი ტრადიციების მქონე ქართველებმა და სომხებმა, რომლებიც ერთ ერთნი იყვნენ ვინც პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. სწორედ ქართული ,,კვირადღე’’ (kviradge) აღნიშნავს ბერძნულ ,,Κυριακή η‘μέρα’’-ას (kiriaki imera), ისევე როგორც სომხური ,,կիրակի օր’’ (kiraki or).
უნდა აღინიშნოს, რომ ადრეული ქრისტიანებისთვის სავსებით ბუნებრივი იყო კვირისთვის ,,მზის დღის’’ ან ,,უფლის დღის’’ დარქმევა, ანუ ეს ორი სახელწოდება ურთიერთჩანაცვლებადი იყო და ვერაფერს გასაკიცხს ისინი ამაში ვერ ხედავდნენ. მეტიც, ადრეული ქრისტიანები თანაბრად იყენებდნენ როგორც ,,dies solis’’, ასევე ,,dominica die’’– (ანუ ბერძნული Κυριακή η’μέρα–ას ლათინურ თარგმანს), ამას ადასტურებს აპოკალიფსის ლათინური ტექსტიც (გამოცხ. 1, 10): ,,fui in spiritu in dominica die et audivi post me vocem magnam tamquam tubae’’. სამწუხაროდ, პასტორი რობერტი მსგავსს არაფერს გვთავაზობს, მინიშნებასაც კი არ გვაძლევს. სამაგიეროდ იგი ცდილობს სრულიად ხელოვნურად თავს მოახვიოს კონსტანტინე დიდს და მასთან ერთად ქრისტეს ეკლესიას ერთგვარი ,,ქრისტიანობის წარმართული ხასიათი’’, თუმცა ისტორიულ სინამდვილეში ჩვენ – სულ სხვა სურათი გვაქვს. ზემოდ მოყვანილი ისტორიული ანალიზი, სამწუხაროდ, პასტორის არაობიექტურობაზე მეტყველებს.
(1) იხ. მისი რუსული თარგმანი: http://www.orhaolam.org/2012-11-28-16-16-30/79-2012-11-21-21-12-01/192-2012-12-14-15-59-46 და შემდგომი ქართული http://icej.ge/?p=10279