ქრისტეს ვნებებზე ძველ აღთქმისეული მესიანური ადგილების სახარებისეულ გააზრებაზე

ქრისტეს ვნებებზე ძველ აღთქმისეული მესიანური ადგილების სახარებისეულ გააზრებაზე

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

   მოცემული სტატია ქვემოთ მოყვანილი საკითხის თაობაზე მხოლოდ აქცენტების განაწილების მცდელობაა. სტატია მასში დასმულ კითხვაზე საბოლოო პასუხს არ იძლევა, არამედ დასმული კითხვის სხვაგვარი გააზრების საშუალებას იძლევა და ახალი კვლევებისათვის სივრცეს იძლევა.

მიიჩნეულია, რომ ახალგაზრდა ქრისტიანულ ეკლესიაში პირველად დაიწერა მათეს სახარება, რომელსაც ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს ძველ აღთქმასთან. როგორც ცნობილია, მათეს სახარება ებრაულ ენაზე ებრაელთათვის დაიწერა

როგორც ცნობილია, მათეს სახარება ებრაულ (არამეულ) ენაზე ებრაელთათვის დაიწერა (I ს. შუა ხანებში); ეს ცნობა, და თვით ავტორის, ანუ მათეს, სახელი ჩვენთვის საეკლესიო გადმოცემიდან არის ცნობილი. ამ გადმოცემას ევსევი კესარიელი გვამცნობს (+ 340 წ.) წმ. პაპია ჰიერაპოლელის, მოციქულთა ერთ ერთი მოწაფის, დამოწმებით (+ II ს. შუახანები), რომელიც წერს: „მათემ იესოს საუბრები ებრაულად ჩაიწერა“ (ევსევი კესარიელი. ეკლესიის ისტორია. 3, 39, 16). წმ. ირინეოს ლიონელიც იგივეს წერს: „მათემ ებრაელებში მათ საკუთარ ენაზე სახარების წერილი გამოსცა, მაშინ როდესაც პეტრე და პავლე რომში ახარებდნენ და ეკლესია დააარსეს“ (წმ. ირინეოს ლიონელი, ერესების წინააღმდეგ, წიგნი მე-3, თ. 1,1). ანუ, აუდიტორია, რომელსაც მათე მოციქული მიმართავდა — იუდეველური იყო. აქედან გამომდინარე, მათეს ხშირი მითითებები ძველ აღთქმაზე, მისი ძველ აღთქმისეული ალუზიები სულაც არ არის გასაკვირი. იმ ხანად იუდეველური საზოგადოების ცნობიერება იმგვარი იყო, რომ თუ მქადაგებელს სურდა, რომ მისი სიტყვა ავტორიტეტული და დამაჯერებელი ყოფილიყო, მას ძველი აღთქმა უნდა დაემოწმებინა. ნებისმიერი აზრი ძველი აღთქმის ავტორიტეტით უნდა გამყარებულიყო. ეს მეორე ტაძრის ეპოქის დასასრულის იუდეველური ცნობიერებისა და სწავლულობის სრულიად ნორმალური პრინციპი იყო. მაგალითად, პავლე მოციქული ასე ამყარებდა თავის იუდეველებისადმი მიმართულ ქადაგებას (საქმე. 17, 1-3; 28, 23-24). მაგრამ აქ საინტერესოა ერთი ასპექტი. მათე მოციქული მთელს თავის ხარებას მოციქულის შესახებ ძველი აღთქმის დამოწმებით ამტკიცებს, მაგრამ როგორც კი მისი სიტყვა ქრისტეს ვნებამდე და ჯვარცმამდე მიდის, მათეს ძველი აღთქმის დამოწმებები წინასწარმეტყველის შემდეგ სიტყვებზე სრულდება: „მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ; და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა“ (მათე, 27, 9-10). საქმე იმაშია, რომ მახარებელი ძველი აღთქმის იმ ადგილებს იმოწმებს, რომლებიც იუდეველურ საზოგადოებაში, ტრადიციულად, მესიანურად მიიჩნეოდა, ანუ მომავალ მესიაზე მოგვითხრობდა; მაგრამ მოციქული ზაქარია წინასწარმეტყველის (11, 12-13) იქით აღარ ეყრდნობა ძველ აღთქმას, როდესაც მესიის ვნებებზე საუბრობს. ეს ფრიად საინტერესო გარემოებაა, რადგან ტრადიციული იუდეველური მსოფლმხედველობის ფარგლებში ტანჯული და დამცირებული მესიის ცნება არ არსებობს. მეორე ტაძრის ეპოქის დასასრულს იუდეველებს მესიის შესახებ ჩამოყალიბებული სწავლება გააჩნდათ. ეს სწავლება მესიას პოლიტიკურ და სულიერ ლიდერად წარმოაჩენდა და არა ვნებულ და ჯვარცმულ ლიდერად, და მითუმეტეს, [მკვდრეთით] აღმდგარ განკაცებულ ლოგოსად. ასეთივე შეხედულება მესიაზე ჰქონდა ცნობილ იუდეველ ელინისტს ფილონ ალექსანდრიელს (დაახ. 25 ჩვ. წ. აღ.-მდე — დაახ. 50 წ. ჩ. წ. აღ. შემდეგ), რომელიც მესიის სახით მხოლოდ დავითის მსგავს (1) დიად მეფე-წინასწარმეტყველს მოელოდა.

ქრონოლოგიურად ბოლო, იოანეს სახარებაში (ტრადიციულად მას I ს. ბოლოს განუკუთვნებენ, ჩვ. წ. აღ. შემდეგ 90-იანი წლები), არის მინიშნება, რომ მოციქულებმა წერილის თანახმად ქრისტეს ვნებისა და აღდგომის შესაზებ არ იცოდნენ: „რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო“ (იოანე, 20. 9). აღდგომის შემდეგ კი ქრისტემ თავად განუმარტა ის ადგილები წერილიდან, სადაც მის ვნებასა და აღდგომაზეა საუბარი (ლუკა, 24, 46) და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მოციქულთა ამ ცოდნის ფონზე ქრისტეს ვნებების აღწერისას მათეს დუმილი, როდესაც ის ძველ აღთქმას არ იმოწმებს, ძალიან უცნაური ჩანს.

გასაკვირია, მაგრამ მათე მოციქული უშუალოდ ებრაელებს წერს, ამისათვის მას დასჭირდებოდა მიზანმიმართულად გამოეყენებინა ძველი აღთქმის დამოწმების მთელი არსენალი, მითუმეტეს, მათე მოციქულს პირდაპირ მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები გეთსიმანიის ბაღში მომხდარი ეპიზოდიდან პეტრე მოციქულისადმი მიმართვისას: „როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?“ (მათე. 26, 54) — მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათე მოციქული არ იმოწმებს და არ მოაქვს არც ერთი ამონარიდი ძველი აღთქმისეული მესიანური წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც მესიის ვნებასა და ჯვარცმას მოწმობენ. მოციქული მის მიერ აღწერილ მაცხოვრის ვნებებს ძველი აღთქმის ავტორიტეტით არ ამყარებს. მარკოზის სახარებაში ამგვარი დამოწმებები არის: „და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო“ (მარკოზი. 15, 28) ან : „მაგრამ აღსრულდეს წერილი“ (მარკოზი. 14, 49).

იმას, რომ მეორე ტაძრის ეპოქის დასასრულის ტრადიციულ იუდეველურ სწავლებაში იუდეველბს არ ჰოქნდა წარმოდგენა ვნებულ, ჯვარცმულ და აღმდგარ მესიასე, იოანეს სახარებაც მოწმობს: აცნობეს რა ქრისტეს, თუ რა სიკვდილით მოკვდებოდა ქრისტე, ხალხმა ასე უთხრა მას: „ხოლო ამას ამბობდა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო. მიუგო ხალხმა: რჯულიდან გვსმენია, რომ ქრისტე უკუნისამდე უნდა ეგოს: მაშ, როგორღა ამბობ, კაცის ძე ამაღლდებაო? ვინ არის ეს კაცის ძე?“ (იოანე.12, 33-34) და შემდეგ, ქრისტეს მრავალი სასწაულის შემდეგ: „არ იწამეს იგი“ (იოანე. 12, 37). ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ იუდეველები არ/ვერ ხედავდნენ ვნებისა და ჯვარცმის შესახებ მესიანურ ადგილებს, მათ არ ჰქონდათ ეს გაცნობიერებული. მეტიც, ლუკას სახარებაში ეს უფრო ძლიერად არის ნაჩვენები. ქრისტე ემაუსისკენ მიმავალ გზაზე კლეოპას და ლუკას ეცხადება და ისინი, სხვათაშორის, ეუბნებიან ქრისტეს, რომ მღვდელმთავრებმა [სამსჯავროზე] გასცეს ქრისტე და ჯვარს აცვეს იგი და ამატებენ: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა (ლუკა. 24. 21), შემდეგ მოდის: „ჩვენი ქალებიდან ზოგიერთის“ (24, 22) მოწმობა, რის შემდეგაც ქრისტე თითქოს ამხელს მათ და ეუბნება: „ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში“ (ლუკა. 24, 25-28). როდესაც მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ეცხადება მოციქულებს, ეუბნება ყველას: „აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი“ (ლუკა. 24, 45) და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით (ლუკა. 24, 46). ლუკას სახარებაში წერილის დამოწმება ქრისტეს ვნებებზე საუბრისას უკვე 22-ე თავიდან იწყება: „რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება“ (ლუკა. 22, 37). მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია მათესა და ლუკას სახარებებს შორის შედარება მოვიყვანოთ. ლუკა, მე-18 თავის 31-34 მუხლებში, წერს: „წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის; ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ, სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი. მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი“. აქ, ყველაზე მთავარი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ის არის, რომ ქრისტე მოციქულთა ყურადღებას მიაპყრობს იმას  რომ მის ვნებასა და ჯვარცმაზე წინასწარმეტყველთა მიერ არის ნაუწყები, ე. ი. ქრისტე თავის სიტყვებს წერილის ავტორიტეტით ამყარებს, თუმცა მოციქულებს მისი არ ესმოდათ. საინტერესოა, რომ იგივე ეპიზოდს მათესთან, რომელიც ებრაელთათვის წერდა, წინასწარმეტყველთა მოწმობა არ ახლავს. მათეს სახარებაში ქრისტე, თავისი მომავალი ვნებების დასამოწმებლად, წინასწარმეტყველებს არ იმოწმებს (მათ. 20, 17-19), არამედ უბრალოდ იმაზე საუბრობს, თუ რა ელის მას იერუსალიმში მღვდელმთავართა, მწიგნობართა და წარმართთაგან.

იოანე მახარებელი ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმის აღწერისას ოთხჯერ იმოწმებს ძველ აღთქმას (იოანე, 19, 24, 28, 36, 37), ასევე, სახარების პირველ თავებშიც (იოანე, 3, 14), იქვე საუბარია აღდგომაზე (იოანე, 2, 22) და შუა თავებში (იოანე, 12, 32-33). ეს უკვე წერილის გაცნობიერებული მესიანური ეპიზოდებია: გაიყვეს მისი სამოსი და წილი ჰყარეს, ძმარი მისცეს, წვივები არ გადაუმტვრიეს და შუბით განგმირეს — ამ ყველაფერს იოანე მოციქული ძველი აღთქმის წერილთან აკავშირებს. რატომ? იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირველი (მათეს) და ბოლო (იოანეს) სახარებების შედგენას შორის გასული დროის (ოცდაათი — ორმიცდაათი წელი) მანძილზე ახალი ქრისტიანული ეკლესია მთელ ძველ აღთქმას (და არა მის ცალკეულ ადგილებს) ქრისტეს შესახებ მთლიან და ერთიან მესიანურ წინასწარმეტყველებად  განიხილავდა. ხომ არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ ქრისტიანებმა თვითონ, დამოუკიდებლად მიმართეს ძველ აღთქმას, მესიის პიროვნებაზე იუდეველური გადმოცემის გარეშე და არ იზღუდებოდნენ მესიის ცხოვრების თაობაზე ტრადიციული იუდეველური განმარტებებით? ანუ, ქრისტეს ეკლესია ძველ აღთქმას, როგორც ქრისტეზე სრულ და ერთიან წინასწარმეტყველებას, კითხულობდა. ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ მათემ არ იცოდა ეს ადგილები. რა თქმა უნდა, მან ყველა ეს ადგილი იცოდა. მაშ, რატომ დუმს? მას, როგორც ებრაელთა მოციქულს, განათლებულს, ხომ ხშირად უნდა დაემოწმებინა წერილი (იოანეს მსგავსად) მესიის ვნებების აღწერისას, როგორც თვითონვე აკეთებს მთელი სახარების მანძილზე იუდას განდგომის ეპიზოდამდე. მაგრამ ებრაელთა მოციქული – დუმს. რატომ არ დუმს სამი მახარობელი, განსაკუთრებით ის, რომელიც I საუკუნის დასარულს წერს — იოანე?

მეორეს მხრივ კი, განა იყო მათეს თანამედროვე იუდეველური (ახალმოქცეული) საზოგადოება, რომელსაც მათემ ხარებით მიმართა, მოციქულისგან (იმ ისტორიულ მომენტში) მესიის, როგორც ვნებული ღმერთის, ვნებისა და ჯვარცმის ამბავი მიეღო ძველი აღთქმის დამოწმებით? რამდენად ესმოდათ და იცნობიერბედნენ I საუკუნის ახლადმოქცეული იუდეველები მესიის ღვთაებრიობა, რომელიც წერილის თანახმად ევნება? იქნებ ზუსტად ამიტომ არის მათე ასე ფრთხილი მესიის ვნებების აღწერისას? განა ებიონიტების სექტის მაგალითი (ეკლესიაში იუდეველური განხეთქილების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითი), რომლებიც იერუსალიმში იუდეველურ-ქრისტიანულ ეკლესიას გამოეყვნენ (რომლებიც, ირინეოს ლიონელის თანახმად, შემთხვევით როდი იყენებდნენ მხოლოდ მათეს სახარებას (ერესების წინააღმდეგ, წიგნი 1, თ., 26) და მესიის ღვთაებრივ ბუნებას არ აღიარებდნენ (ერესების წინააღმდეგ, წიგნი 5, თ., 1), არ არის მოციქულის ამ სიფრთხილის მოწმობა? რატომ იყო მათე მოციქული ამდენად ფრთხილი? შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ იუდეველურ-ქრისტიანულ ეკლესიაში უფრო დიდი განხეთქილების საფრთხე არსებობდა? საინტერესოა, რომ მარკოზ, ლუკა და იოანე მახარებლები არ იჩენენ ასეთ სიფრთხილეს და ეს გასაგებიც არის, რადგან მათ აუდიტორიას მეტ წილად ყოფილი წარმართები — ბერძნები და ბერძნულენოვანი ხალხები — წარმოადგენდნენ. ელინისტური ბერძნული სამყაროდან გამოსული ნეოფიტებისათვის ღმერთების ვნება სავსებით კანონზომიერი მოვლენა იყო და მათ ეს განკაცებული ლოგოსის, ქრისტეს, სამყაროს მაცხოვრის ცნების კონტექსტში გააცნობიერეს. იქნებ ამიტომ არ იჩენს სამი მახარობელი, რომლებიც ყოფილი წარმართებისათვის ბერძნულად წერდნენ, ასეთ სიფრთხილეს მესია-ღმერთის ვნებების აღწერისას, მათე კი, რომელიც ძველ აღთქმასთან მჭიდრო კავშირის მქონე ებრაელებისთვის წერდა, იძულებული იყო სიფრთხილე გამოეჩინა? მაგრამ თუ გავიხსენებთ, თუ როგორ არიგებდა პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში (განსაკუთრებით ებრაელთა და (1, 1-14) და გალატელთა მიმართ ეპისტოლეები) ებრაელებს, რომ ჭეშმარიტი რწმენა შეენარჩუნებინათ და ქრისტეს (რომლის პიროვნებაც სხვადასხვა იუდეველურ-ქრისტიანულ ჯგუფებს თავისებური წარმოდგენა ჰქონდათ) არ მომწყდარიყვნენ, თუ გავითვალისწინებთ იუდეველთა ეკლსიისგან განდგომის და იუდაიზმში დაბრუნების პრობლემას (ან მათ მიერ სექტების ჩამოყალიბებას, როგორც მაგალითად, ებიონიტები, რომლებიც, ირინეოს ლიონელის თანახმად, პავლეს არ აღიარებდნენ (ერესების წინააღმდეგ, წიგნი 3, თ., 15) I საუკუნის შუახანებში/ბოლოს, რომელიც ისე მწვავედ იდგა ჯერ კიდევ ახალ იუდევეულ-ქრისტიანულ ეკლესიაში, რომ მოციქულს [დამრიგებლური] ეპისტოლეების წერა დასჭირდა: ეს ყოველივე შესაძო და მიახლოებით პასუხებს გვაძლევს კითხვაზე, თუ რატომ (?) იყო ებრაელთა მახარობელი, მათე მოციქული, მესიის, ქრისტე ღმერთის ვნების აღწერისას ამდენად ფრთხილი და უკიდურესად კორექტული…


(1) მ. დ. მურეტოვი. ფილონ ალექსანდრიელის და იოანე მახარებლის სწავლება ლოგოსის შესახებ. სანქტ-პეტერბურგი, 2012, გვ., 440.