იოანე კაზარიანი
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
მკითხველის წინაშე მდებარე სტატია არ წარმოადგენს სპეციალურ კვლევას, არამედ, ის ერთგვარი შეთავაზების ფორმაა, სადაც ძირითადი აქცენტებია გადანაწილებული, რაც ჩვენს მიერ განსახილველ საკითხს განსაკუთრებულ ინტერესს სძენს. სახარებისა და ძველი აღთქმის ტექსტების ურთიერთმიმართება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით სახარებისა და იუდეველთა გადმოცემის მიმართ ურთიერთმიმართებაზე, რადგან ეს საკითხი ნაკლებად არის განხილული. სახარების კითხვისას ადვილად შევნიშნავთ, რომ მაცხოვარი, თავისი ქადაგების დამკვიდრებისა და მეტი ხელმისაწვდომობისათვის, ებრაელთა გამო, ძველი აღთქმის ავტორიტეტს მიმართავს. ძველი აღთქმისადმი ხშირი მიმართვა, ძველი აღთქმისეული ალუზიები მისი სიტყვების ავტორიტეტულობის დამოწმებას ისახავდა მიზნად. ძველი აღთქმისადმი ამგვარი დამოკიდებულების პრინციპი სავსებით კანონზომიერი იყო.
ასე ამყარებდა თავის სიტყვას პავლე მოციქული, როდესაც იუდეველებს უქადაგებდა (საქმ. 17, 1-3; 28, 23-24). უნდა ითქვას, რომ რიგითი იუდეველისათვის, ისევე, როგორც მეორე ტაძრის [ეპოქის] დასასრულის განათლებული იუდეველისათვის წმინდა წერილი ერთადერთ ავტორიტეტს არ წარმოადგენდა. ჩვენთვის ცნობილია იუდეველთა ზეპირი გადმოცემები, რომლებიც მოგვიანებით ჩაიწერა და რომლებსაც იდუეურ სამყაროში ძველ აღთქმაზე არანაკლები ავტორიტეტი გააჩნდათ. აქ ისმის კითხვა: შეეძლო თუ არა უფალს თავისი სიტყვის დასამოწმებლად არაბიბლიური იუდეველური ლიტერატურა გამოეყენებინა, რომელიც მისი თანამედროვე იუდეველისათვის კარგად ნაცნობი იქნებოდა (ძველი აღთქმის მსგავსად)? თუ ეს ასეა, მაშინ რა ხარისხით და რა სახით იყენებდა ქრისტე ამ არაბიბლიურ იუდეველურ წყაროებს თავის ქადაგებაში? ლოგიკურია ვარაუდი, რომ იუდეველურ სამყაროში არაბიბლიური წყაროების ავტორიტეტის წყალობით ქრისტე ზეპირ გადმოცემებსაც თავისუფლად მიმართავდა. რამოდენიმე სახარებისეული მაგალითი იუდეველურ მიშნასთან
(ებრ.מִשְׁנָה – „გამეორება“), ორთოდოქსული იუდაიზმის რელიგიური წესების შემცველ წერილობით ტექსტთან, აშკარა თანხვედრას გვიჩვენებს. მიშნა – ზეპირი რჯულის (תּוֹרָה שֶׁבְּעַל-פֶּה) კრებულია, რომელიც, ტრადიციის თანახმად, ღმერთმა მოსეს სინაის მთაზე ხუთწიგნეულთან (თორასთან) ერთად გადასცა. ტრადიციული მსოფლმხედველობის თანახმად ზეპირი რჯული წერილობითი თორის დამატებას წარმოადგენს. ფაქტიურად, საუბარია ორ თორაზე (ზეპირსა და წერილობითზე), რაც იუდეველური რჯულის მოძღვრის, შამაი(ა)ს (ჩვენ წ. ა. -მდე I ს. დასასრული — ჩვენი წ. ა. I ს. დასაწყისი), სიტყვებიდან კარგად ჩანს: „ჩვენ ორი თორა გვაქვს, ერთი წერილობითი, მეორე — ზეპირი“ (შაბ. 31ა). დროთა განმავლობაში, როდესაც ზეპირი სწავლების (გადმოცემის) დავიწყების საფრთხე გაჩნდა, იუდეველმა ხუცესებმა მისი მიშნის (ებრ. „გამეორება“) სახით ჩაწერის გადაწყვეტილება მიიღეს — მიშნა მრავალრიცხოვანი ნაწილებად დაყოფილი ტრაქტატებისაგან შედგება. ჩვენი წ. ა. II-III საუკუნეების მიჯნაზე მიშნა შეკრიბა და მისი რედაქტირება მოახდინა რაბი იეჰუდამ. სახარების კვლევისას, ამ იუდეველური ზეპირი გადმოცემის ქრისტეს სახარებისეულ ქადაგებასთან აშკარა და ცხადი კავშირი დგინდება. შედარებისათვის რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ (1):
შედარებების ცხრილი №1
ქრისტეს სახარებისეული სიტყვები | იუდეველური გადმოცემა |
“ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი” — მათე. 6, 34 | „თითოეულ საათს თავისი საზრუნავი ეყოფა“ — ტრაქტატი ბრახოთ 9ბ |
„თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი“ — მათე. 7, 5 | „ეუბნება მას: ამოიღე ბეწვი შენი თვალიდან. მან კი უთხრა: შენი თვალიდან ამოიღე დირე“ — — ტრაქტატი ბავა ბატრა 15ბ |
„შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის“ — მარკოზი. 2, 27 | „შაბათია თქვენთვის მოცემული, და არა თქვენ შაბათისთვის“ — ტრაქტატი იომა 85ბ |
„თქვენა ხართ მარილი მიწისა: და თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? აღარად ვარგა, თუ არა გადასაყრელად და კაცთა მიერ ფეხით სათელად“ — მათე. 5, 13 | „რით დაამარილებ მარილს, რომელმაც ძალა დაკარგა?“ — ტრაქტატი ბიკურიმ 8 |
აშკარა თანხვედრაა, ასევე, მათეს სახარებასა და იუდეველურ აპოკრიფთან „თორმეტი პატრიარქის ანდერძი“, რომელიც ყუმრანის ხელნაწერებში აღმოაჩინეს (2). აი, ერთ-ერთი მაგალითი:
შედარებების ცხრილი №2
ქრისტეს სახარებისეული სიტყვები | იუდეველური აპოკრიფი |
„რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ“ — მათე. 25, 35-36 | „შიმშილი მაწუხებდა, მაგრამ თავად უფალმა გამომკვება. მარტო ვიყავი და ღმერთმა მანუგეშა; ავად ვიყავი და უზენაესმა მომინახულა; საპყრობილეში ვიყავი და მაცხოვარმა შემიწყალა“ — იოსების ანდერძი (11, 1, 5-6) |
ამ ორი ციტატის შედარებისას ფორმის გარეგან მსგავსებას ვხედავთ, მაგრამ არსითა და აზრის სიღრმით ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, რაც მაცხოვრის სიტყვებში ჩანს. თუ იოსები ადამიანის მხრიდან წარმოთქვამს მადლიერების სიტყვებს, მაცხოვრის შემთხვევაში ეს გამონათქვამი არსებითად იცვლება: უკვე ღმერთი კი არა, არამედ ადამიანი იჩენს ქრისტეს მიმართ წყალობას. ასე იბადება მოყვასისადმი არსებითად ახალი სახარებისეული მოწყალების თემა. პირდაპირი კავშირი შეიმჩნევა პირკეი აბოთის („მამათა დარიგებანი“) ტრაქტატსა და იოანეს სახარებას შორის. პირკეი აბოთი მიშნას ტრაქტატია „ნეზიქინის“ ნაწილიდან და იგი იუდაიზმის მორალურ-ეთიკურ კოდექსს შეიცავს. დარიგებათა თავებიც, წერილობითი სახით დაფიქსირებამდე, ზეპირად გადაეცემოდა, ანუ იუდაიზმის ზეპირი გადმოცემის ნაწილს წარმოადგენდნენ. მაგალითად, პირკეი აბოთის 5,10 თავი: „ჩემი შენია, შენი კი — ჩემია“ ფორმით ემთხვევა სახარებისეულ სიტყვებს: „ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი — ჩემი“ (იოანე 17, 10), მაგრამ ქრისტეს პირით ნათქვამი არსებითად იცვლება. თუ იუდეველთა მოძღვრისათვის „ის ვინც ამბობს: „ჩემი შენია, შენი კი — ჩემია“ — მდაბიოა“, ანუ სულელი, ქრისტესთვის ეს არის მამასა და ძეს შორის სრულყოფილი სიყვარულის ურთიერთმიმართება და ის მწიგნობართა და ფარისეველთა სიბრძნეში და სიმართლეში ვერ ეტევა: „რადგანაც გეუბნებით თქვენ: თუკი თქვენი სიმართლე არ აღემატა მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათე. 5, 20), „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო… ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით“ (მათე. 23, 27-28), „რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?“ (1 კორ. 1, 19-20).
ახალი აღთქმის ტექსტების შედარება ძველ იუდეველურ არაბიბლიურ ტექსტებთან (ჩაწერილ გადმოცემებთან), რომლებიც, როგორც ოფიციალურ იუდაიზმის სწავლებას, ისე აპოკრიფებსაც წარმოადგენენ, აშკარად გვიჩვენებს მთელ რიგ მოსაზრებებსა და ფრაზეოლოგიაში მათ თანხვედრას ან ციტატების პირდაპირ დამთხვვას. ეს ყოველივე ცხადყოფს იმას, რომ თავისი ქადაგების განმტკიცებისა და თავისი სიტყვების მეტი ავტორიტეტულობისათვის (იუდეველთა უძლურების გამო), მაცხოვარი, წერილის გარდა იუდეველურ ზეპირ გადმოცემებსაც იყენებდა, როგორც ოფიციალურს, რომლებიც თავად ებრაელებმაც იცოდნენ და აღიარებდნენ და აპოკრიფულსაც. თუმცა, ზოგ მათგანს ქრისტე თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდა, სრულიად სხვა აზრობრივ დატვირთვას და ახალ — სახარებისეულ მნიშვნელობას სძენდა, ადამიანის გონებას სრულყოფილებამდე აღამაღლებდა (მათე. 5, 48) და პავლე მოციქულის თანახმად: „რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი“ (1 კორ. 1, 21).
როდესაც წმ. მოწამე ეგნატე ღმერთშემოსილმა (+107 წ.), ანტიოქიის ეკლესიის ეპისკოპოსმა და მოციქული იოანე ღვთისმეტყველის მოწაფემ, გაიგო, რომ ზოგი ამბობს: „თუ არ ვნახავ ძველ წერილებში (ანუ ძველ აღთქმაში — .ი კ.), არ დავუჯერებ სახარებაში დაწერილს“, მან ასე უპასუხა: „მაგრამ ჩემთვის იესო ქრისტე უძველესია, უდაოდ უფრო ძველია — მისი ჯვარი, მისი სიკვდილი, მისი აღდგომა და მისი რწმენა“, ანუ ქრისტეს მოძღვრება (ეპისტოლე ფილადელფელთა მიმართ, თ. VIII).
(1) სემიტური ენების რუსმა სპეციალისტმა, მთარგმნელმა და ბიბლეისტმა, დეკანოზმა ლეონიდ გრილიჰესმა ამ თემას რამოდენიმე მოკლე კვლევა მიუძღვნა, რომლებზე დაყრდნობითაც მისი სახარებისეული და არაბიბლიური იუდეველური ტექსტების შედარებები მოგვყავს; მაგალითად, სტატიიდან „სახარებისეული იგავები და არაბიბლიური ენობრივი მონაცემები“, „ალფა და ომეგა“, 2002, №34, გვ. 19-28 ან იხილეთ აქ:
https://drive.google.com/file/d/0B0xaohzDe6MxZWNqbndNQnl0Vnc/view?pref=2&pli=1
(2) იხ.: ამუსინი ი. დ. ყუმრანის თემი. მ., 1983
http://khazarzar.skeptik.net/books/amusin01.htm,
https://drive.google.com/file/d/0B0xaohzDe6MxZWNqbndNQnl0Vnc/view?pref=2&pli=1,