ქალაქის გარეუბნებში ან მის გარეთ ღვთისმსახურებას თუ არ დასწრებიხართ, წარმოიდგინეთ, პატარა ზომის ეკლესია დილის წირვა და გულმოდგინედ მომლოცველი მრევლი. სახარების კითხვისას კარები იღება და ტაძარში ორბავშვიანი დედა შემოდის: ერთი სამიოდ წლის თუ იქნება, მეორე — ჩვილი. უფროსი ცოტა ხნით ჩერდება დედის გვერდით, მერე ხალხში გაძვრება და ტაძარში სიარულს იწყებს. ატყობს, რომ არავის სცხელა მისთვის და ისიც თავისთვის დაბაკუნობს, თან თავის ბავშვურ ენაზე საკუთარ თავს ელაპარაკება. უმცროსი დედას ჰყავს ატატებული, მაგრამ მოუსვენრობა მასაც ეტყობა, ტიტინს წამოყვირება ენაცვლება, შიგადაშიგ წამოიტირებს. დედიკო რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ დააწყნაროს და რა თქმა უნდა, უშედეგოდ. სხვა სიტუაციაში უწყინარი ბავშვური ტირილი აქ აშკარა დისკომფორტს ქმნის: მრევლის გულისყური ლოცვისკენ აღარაა მიპყრობილი. როგორც იქნა ვიღაც ბედავს შენიშვნის მიცემას. პასუხად, მკაცრად მოკუმული ტუჩები და მკვახე ტონი: “ეს როგორ? ქრისტემ თქვა ნუ დაუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლასო და თქვენ ტაძრიდან მაგდებთ ბავშვებიანად?“ საყოველთაო დაძაბულობა. ღვთისმსახურება თავის ნამდვილ აზრს კარგავს…