რას ვგულისხმობთ ქრისტიანულ ღირებულებეში და რაში არ ემთხვევა ისინი ე.წ. “ზოგადსაკაცობრიო” ფასეულობებს, რომელთაც ეფუძნება სეკულარული ჰუმანიზმი? უპირველეს ყოვლისა, აქ უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ქრისტიანობისთვის უმაღლესი და აბსოლუტური ღირებულება, ჭეშმარიტების მთავარი კრიტერიუმი ერთიანი ღმერთია, რომელიც სამყაროს, იესო ქრისტეს სახით წარუდგა. სწორედ ღმერთი აღიქმება სამართლებრივ და საზოგადოებრივ ნორმათა პირველწყაროდ, ხოლო ქრისტეს მცნებები – როგორც ურყევი ზნეობრივი კანონი. ღირებულებათა ქრისტიანული სკალა თეოცენტრულია და მის ცენტრად ქრისტე მოიაზრება. სეკულარული ჰუმანიზმი, პირიქით, ანთროპოცენტრულია, რადგან ადამიანს აღიქვამს “ყველაფრის საზომად”, როგორც აბსოლუტურ ღირებულებასა და ჭეშმარიტების საზომს. ქრისტიანობა გამომდინარეობს იმ წარმოდგენებისგან, რომ ადამიანური ბუნება ცოდვით არის დაზიანებული და საჭიროებს გამოსწორებას, გამოსყიდვას და განღმრთობას. სწორედ ამიტომ ეკლესიას “არ შეუძლია დადებითად აღიქვას სამყაროს მოწყობის იმგვარი წესი, როცა ყველაფრის ცენტრში აყენებენ ცოდვით შელახულ ადამიანს— პიროვნებას.” ჰუმანიზმში კი თავისთავად ცოდვის გაგება არ არსებობს, და ერთადერთი, რაც ჰუმანისტთა წარმოდგენით ზღუდავს ინდივიდუმის თავისუფლებას, — ეს სხვა ინდივიდთა დამცველი სამართლებრივი ნორმებია.