რწმენა ევქარისტიის რეალობისა
მოციქულების დროიდან მოყოლებული ეკლესიას სწამდა და ასწავლიდა, რომ ქრისტიანები ევქარისტიაში ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს კი არ ეზიარებიან, არამედ ქრისტეს ხორცსა და სისხლს. „სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?“ წერდა პავლე მოციქული კორინთელებს (1 კორ. 10, 16). ამიტომ მოციქული გვაფრთხილებდა: „ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.“ (1 კორ. 11, 27–30). მოციქულ პავლეს ევქარისტული პურისა და სასუმელისთვის ქრისტეს ხორცისა და სისხლის მნიშვნელობა რომ არ მიენიჭებინა და თავად ზიარება არ ეგულისხმა როგორც, არც მეტი და არც ნაკლები, საიდუმლო სერობის კეთილკრძალული მიბაძვა, მაშინ მისი სიტყვები „ამის გამო მრავალი თქვენგანი უძლური და სნეულია და მრავალნი კვდებიანო“, უადგილო იქნებოდა.