არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა
რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთისადმი რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ადამიანისადმი რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამასთან, ღვთისა ყველას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ოჯახური გარდაქმნის ყველა მცდელობა ადამიანისადმი რწმენას ეფუძნება. რელიგიისა თუ ცხოვრების ახალი წესის ქადაგებისას ჩანაფიქრი ვერასოდეს განხორციელდება ადამიანის შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ამიტომ ყოველი გარდამქმნელი, ყოველი ადამიანი, რომელიც ხალხს რაიმე სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას მათდამი რწმენაზე აფუძნებს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი.