ცოტა ხნის წინ ასეთი შემთხვევა მიამბეს. ერთი ხანშიშესული, ავადმყოფი და ცხოვრებისაგან ძალიან გადაღლილი ქალის სახლში, რომელსაც ერთადერთი, ფსიქიკურად ძალიან მგრძნობიარე 15 წლის ვაჟი ჰყავდა, სტუმარი მივიდა. ეს იყო მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი თუ მედავითნე, აგრეთვე რომელიღაც მონასტრის თითქმის მორჩილი, არა უმეტეს 22 წლისა. მივიდა, დაინახა ტელევიზორი (ის სწორედ ჩემ მიერ აღწერილ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი ნაგროვები პენსიით იყიდა დიასახლისმა) და განაცხადა: ,,ეს ტელევიზორი სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ აქედან. სწორედ იმიტომაც ავადმყოფობთ, რომ ეს სატანური მოწყობილობა გიდგათ სახლშიო”. თქვეს და გააკეთეს. სტუმარმა და დიასახლისის ვაჟმა ხელი სტაცეს ტელევიზორს, ქუჩაში გაიტანეს საეკლესიო გალობის მიმსგავსებული სიმღერის თანხლებით და რკინის ჯოხებით დაამტვრიეს სწორედ ისე, როგორც ფსალმუნშია ,,ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!” (ფს. 136:9). ავადმყოფი, ღარიბი, ცხოვრებისაგან დაბეჩავებული და საშინლად ნევროზიანი მასწავლებელი კი ტელევიზორის გარეშე დარჩა. მისი ვაჟი თავზარდაცემული იღვიძებს მეორე დილით, რადგან მიხვდა, რომ წინა დღეს ქრისტიანიდან სასტიკ და უზნეო წარმართად გადაიქცა.