1998 წლის დეკემბერში პატრიარქმა და წმიდა სინოდმა ძალზე მნიშვნელოვანი დადგენილება გამოიტანეს: მოძღვრული დამოკიდებულებების, საეკლესიო ცხოვრების ამ სფეროში არსებული შეცდომებისა და მათი გადალახვის შესახებ. ეს დადგენილება მხოლოდ თავისთავად როდია მნიშვნელოვანი; ის ადასტურებს, რომ ჩვენი ეკლესია ცოცხალია და, როგორც მუდამ ხდებოდა ისტორიის მანძილზე, ჯანსაღად რეაგირებს საეკლესიო აზროვნებისა და მოღვაწეობის ყოველგვარ დამახინჯებაზე. ექვსი წელი გავიდა; შეიცვალა კი რაიმე უკეთესობისკენ? სამწუხაროდ, არა. სინოდის დადგენილება, მღვდელმთავართა მხრიდან ნათლად გამოხატული ნების მიუხედავად, ფართოდ არ გავრცელებულა, არ გახმაურებულა, მისი ტექსტი ნაკლებად ხელმისაწვდომია. იდეაში ის მასიურად უნდა გამოცემულიყო თითოეულ ეპარქიაში, განმარტებულიყო ამბიონიდან, ყოველი ეკლესიური ადამიანისთვის უნდა გაეცნოთ. მაგრამ ეს არ მომხდარა. პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტად ძალას იკრებს ცრუმისტიური გურუიზმი“, როცა ადამიანებს მართლმადიდებლობაში ესმით მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც დაკავშირებულია „ხუცესთან, ბერდიდთან“, სულიერ ცხოვრებას კი აიგივებენ ამ „ხუცესების“ ძებნასთან და მხოლოდ მათი ბაგეებიდან მოსმენილს აქცევენ ყურადღებას… მათი პირიდან კი ზოგჯერ ისეთი რამეც შეიძლება მოისმინო, რასაც ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს… რაშია საქმე? რატომ ვერ ჰპოვა საფუძველი საეკლესიო ხელისუფლებაში ძალზე ჯანსაღმა და დროულმა დადგენილებამ? რატომ არავინ გაიზიარა მღვდელმთავართა წუხილი? ვცადოთ, ამ ყოველივეში ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით გავერკვეთ.