ნეო-არიანელობა, ანუ ცრუმოძღვრება XXI საუკუნეში
(მართლაც რომ ნამდვილი ამბავი)
ეძღვნება საქართველოში ვითომ ფანატიზმისა და ვითომ ობსკურანტიზმის ფსევდოკრიტიკის აღსასრულს
წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი
ამას წინათ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა უცნაური სათაურის მქონე სტატია (1) ოთარ ჯირკვალიშვილის ავტორობით, რომელიც სარწმუნოებით ეგრეთ წოდებული „იეჰოვას მოწმეა“ (შემდეგში — ავტორი). ავტორი განმსჭვალულია ისტორიულ არიანელებისადმი მოშურნეობით (რომლებიც მამისა და ძის ბუნებრივ (ღვთაებრივ) თანაარსობას უარყოფდნენ დღევანდელი „იეჰოვას მოწმეების“ (შემდეგში — მოწმეები) მსგავსად), ასევე, ფარულად დასტირის არიანელებს (რომლებიც მოწმეების ისტორიული წინამორბედები არიან) და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამებს — წმ. კაპადოკიელებს და წმ. ათანასის, რომლებიც მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდისათვის იბრძოდნენ არიანელების წინააღმდეგ: