როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 2
ავტორი წერს:
„თავად ბიბლია როგორ განმარტავს ამას? ამომწურავი პასუხის მისაღებად, ჩვენ იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიას რამოდენიმე მხრიდან განვიხილავთ.
თავდაპირველად სასარგებლო იქნება იმის გაგება, თუ რას ამბობს ბიბლია ფიზიკური და სულიერი სხეულების სტატუსზე. ამასთან დაკავშირებით საჭიროა ერთი უბრალო ჭეშმარიტება გვახსოვდეს – დედამიწაზე ადამიანად დაბადებამდე, მთელი იმ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომელიც ღვთის ძემ თავის მოსიყვარულე მამასთან, იეჰოვა ღმერთთან გაატარა, მას მხოლოდ სულიერი სხეული ჰქონდა! და ამაზე წმინდა წერილიც საუბრობს, როდესაც ამბობს, რომ «თუ ხორციელი სხეული არსებობს, არსებობს სულიერიც» (1კორინთელები 15:44). ხორციელი (ანუ ფიზიკური) სხეული ყველა ადამიანს აქვს, პირველი ადამიანი, ადამიდან მოყოლებული. ხორციელი სხეული აქვთ ასევე «პირუტყვს… ფრინველს…თევზს» (1კორინთელები 15:39). თუმცა, როგორც ამის შესახებ ბიბლია საუბრობს, იეჰოვა ღმერთს, მის ძეს და ასევე ანგელოზებს ფიზიკურისგან განსხვავებული, სულიერი სხეულები აქვთ. მაგალითად, ნათქვამია, რომ «ღმერთი სულია» (იოანე 4:24). ასევე ზეცაში მცხოვრებ ანგელოზებსაც «სულები» ეწოდებათ (ებრაელები 1:13,14)“.