რა არის რწმენა?
ლევ (ლუი) ჟილე (1893-1980) იყო არქიმანდრიტი, ფრანგი მართლმადიდებელი საეკლესიო მწერალი. უმაღლესი განათლება გრენობლისა და ჟენევის უნივერსიტეტებში მიიღო. სტუდენტურ წლებში რელიგიური კრიზისი განიცადა და მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში გერმანელთა ტყვეობაში მყოფ რუს მართლმადიდებლებთან ურთიერთობით დაიბრუნა რწმენა. მასზე დიდი გავლენა მოახდინა დოსტოევსკიმ. 1924 წელს იგი აღიკვეცა ბენედიქტეს მონასტერში (ფორნბორო). რუსული რელიგიური აზროვნებისა და კულტურისადმი ინტერესის გამო იგი ჩავიდა ლვოვში. იქ მან კათოლიკური რწმენა მიიღო და გარკვეული დროის მანძილზე უნიატი მიტროპოლიტი ანდრეის (შეპტიცკის) მდივნად მუშაობდა. მას დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის შესწავლა სურდა. ლევ ჟილემ შევეტონის მონასტრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსახურება სლავურ ენაზე აღევლინებოდა. 1927 წელს იგი ნიცის რუსულ კათოლიკურ ეკლესიაში გაამწესეს, მაგრამ მალე პარიზში წავიდა და რუსულ სამოციქულო ეკლესიას შეუერთდა. გადასვლის აქტი გამოიხატა მისი თანამსახურებით მიტროპოლიტ ევლოგისთან (გეორგიევსკი) დაპროტოპრესვიტერ სერგი ბულგაკოვთან. ამ აქტს ესწრებოდნენ კულტურის რუსი მოღვაწენი: ნ. ბერდიაევი, ლ. კარსავინი, კ. ბალმონტი, მ. ცვეტაევა, გ. ფლოროვსკი. პარიზის მართლმადიდებელ მრევლში ლევ ჟილე დაახლოებით 10 წელი მოღვაწეობდა. მის დროს ღვთისმსახურების აღსრულება ფრანგულ ენაზე დაიწყო. მიტროპოლიტმა ევლოგიმ მისი პიროვნება და მოღვაწეობა ასე დაახასიათა: „მამა ლევი რელიგიური მოაზროვნე, მლოცველი, ღვთივშთაგონებული მქადაგებელი და სულიერი წინამძღოლია ცალკეული სულებისა. იგი არის დაჯილდოებული პრაქტიკული, ორგანიზატორული ნიჭით, კითხულობს ლექციებს, მოხსენებებს და ასრულებს მეტად რთულ საქმეს — ციხეებში პატიმრებისათვის სულიერი საზრდოს მიწოდებაზე ზრუნავს.“ ლევი ასწავლიდა წმ. სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ლექციებს კითხულობდა ლონდონში, მონაწილეობდა ფრანც დელიჩის ინსტიტუტის წმ. ალბანის და ღირსი სერგის საძმოს მუშაობაში. ის მოღვაწეობით ცხოვრებას ეწეოდა, არ გააჩნდა მუდმივი სახლი და ქონება. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ლევი ინგლისში დასახლდა, სადაც ქრისტიანი ებრაელების თემს დაუახლოვდა. 1948 წელს იგი წმ. ბასილი დიდის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. რუსული კულტურის ისტორიკოსი ნ. ზერნოვი აღნიშნავს: „ასე დაიწყო მისი სიცოცხლის უკანასკნელი და ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი — მისი საწინამძღვრო და მისიონერული მოღვაწეობის გაფურჩქვნა. ინგლისის გარდა ის რეგულარულად ჩადიოდა ბეირუთში, სადაც ახალგაზრდა მართლმადიდებელი ლიბანელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. იგი სულიერად ასაზრდოებდა მართლმადიდებელთა ჯგუფებს საბერძნეთში, ჟენევასა და პარიზში“