რელიგია თუ იდეოლოგია?
ჩვენ ვცხოვრობთ იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში. ეს საშინელი სიტყვა ,,იდეოლოგია” დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, მაგრამ უკვე იმდენად მოწამლა მთელი სამყარო და ჩვენი ცხოვრება, რომ საქმის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია. რა არის იდეოლოგია? ეს ისეთი სწავლება ანუ თეორიაა, რომელიც თავის თავს არა მხოლოდ აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებად ასაღებს, არამედ ადამიანს გარკვეულ ქცევასა და მოქმედებასაც განუსაზღვრავს. თუკი იდეოლოგიის რაობას ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ის ერზაცია და ცდილობს რელიგიას ჩაენაცვლოს, მაგრამ უდიდესი განსხვავება რელიგიასა და იდეოლოგიას შორის იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია, მხოლოდ და მხოლოდ პირადი და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.