ფილოსოფია ეძებს სამყაროს შემოქმედს
კაცობრიობის დედამიწაზე ცხოვრების მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა ჭეშმარიტების ძიებისკენ სწრაფვა და თავისი ყოფიერების გააზრება. ძველ საბერძნეთში ფილოსოფოსების საქმიანობა იყო სამყაროს შექმნისა და მისი კანონების, აგრეთვე, ადამიანისა და მისი აზროვნების კანონზომიერების გამოკვლევა; ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამის საფუძველზე შეძლებდნენ შეეცნოთ ყველა საგნის პირველმიზეზი. და ამ დროს მიმართავდნენ არა მხოლოდ მსჯელობასა და ლოგიკურ არგუმენტაციას, არამედ ასევე სწავლობდნენ ასტრონომიასა და ფიზიკას, მათემატიკასა და გეომეტრიას, მუსიკასა და პოეზიას. მათი მრავალმხრივი განვითარება შერწყმული იყო ასკეტურ ცხოვრებასა და ლოცვასთან, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანმა კათარზისს, ანუ გონების, სულისა და სხეულის განწმედას მიაღწიოს.